ავტორი:

ვინ დაუჯერებს ჰუდაიფას? - რაში ედება ბრალი და რას ჰყვება ISIS - ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ქვრივი განაჩენის მოლოდინში?

ვინ დაუჯერებს ჰუდაიფას? -  რაში ედება ბრალი და რას ჰყვება  ISIS - ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ქვრივი განაჩენის მოლოდინში?

ჯიჰადისტური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ქვრივი უმ ჰუდაიფა ახლა ერაყის ციხეში ელოდება განაჩენს. მას იეზიდი ქალების გატაცებასა და გაყიდვას ედავებიან. მომჩივნები ქალის სიკვდილით დასჯას ითხოვენ. ჰუდაიფამ ციხეში ყოფნისას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა BBC-ის არაბულ სამსახურს, რომელშიც გარდაცვლილ ქმარზე და იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ქვეყანას ხალიფატი მართავდა.

ჰუდაიფა იყო აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პირველი ცოლი. 2014 წლის ზაფხულში ქალი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ რაქაში, რომელიც იმჟამად სირიაში ისლამური სახელმწიფოს თვითგამოცხადებული დედაქალაქი და მთავარი დასაყრდენი იყო.

მას შემდეგ, რაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადზე ნადირობა დაიწყო, ოჯახი ხშირად გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე. ერთ დღეს აბუ ბაქარმა სახლში მცველი გაგზავნა, რათა უმ ჰუდაიფასგან თავისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი წაეყვანა.

”მან მითხრა, რომ აპირებდნენ ბიჭებისთვის ცურვა ესწავლებინათ”, - ამბობს ქალი.

ქალი ამბობს, რომ სახლში ჰქონდათ ტელევიზორი, რომელსაც ჰუდაიფა ჩუმად უყურებდა. ალ ბაღდადი ფიქრობდა, რომ ის გაფუჭებული იყო. ერთ დღეს, როდესაც ქმარი შინ არ იყო, ჰუდაიფამ ტელევიზორი ჩართო და ყველაფერი გაიგო, რაც მის გარშემო ხდებოდა.

მისი თქმით, იგი მოწყვეტილი იყო სამყაროს: 2007 წლიდან ქმარი უფლებას არ აძლევდა ტელევიზორისთვის ეყურებინა ან მობილური ტელეფონი გამოეყენებინა. როდესაც მცველმა მისი შვილები სახლიდან წაიყვანა, ქალმა რამდენიმე დღის შემდეგ ტელევიზორი ჩართო და ნახა, რომ მისი ქმარი ერაყის ჩრდილოეთით ქალაქ მოსულში, ალ-ნურის დიდ მეჩეთში მყოფ ხალხს მიმართავდა. აბუ ბაქარი მაშინ პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, როგორც თვითგამოცხადებული ისლამური ხალიფატის მეთაური. ეს მოხდა მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც მისმა მებრძოლებმა ტერიტორია აიღეს.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოსულში ალ-ნურის დიდ მეჩეთზე საუბრობს (2014 წლის ივლისი)

ალ-ბაღდადის პირველი კადრები, რომელშიც გრძელი წვერითა და შავი სამოსით არის, წლები ტრიალებდა მსოფლიო მედიაში. ეს იყო საკვანძო მომენტი ISIS-თვის, რომელმაც დაიპყრო სირიისა და ერაყის დიდი ნაწილი.

უმ ჰუდაიფა ამბობს, რომ შოკირებული იყო, როდესაც გაიგო, რომ მისი ვაჟები მამასთან იყვნენ მოსულში და მათთვის ცურვა არავის უსწავლებია.

ISIS-ის ქვრივი ახლა ერაყის დედაქალაქის, ბაღდადის გადატვირთულ ციხეშია. ახლა ერაყის ხელისუფლება იძიებს მის როლს "ისლამურ სახელმწიფოსა" და ISIS-ის დაჯგუფების დანაშაულებში. ადგილზე ძალიან ბევრი ქალი იხდის სასჯელს, ძირითადად ნარკოტიკების მოხმარებასა და პროსტიტუციაში ბრალდებით. მათთვის საკვები გარედან შეაქვთ.

უმ ჰუდაიფასთან ჟურნალისტი ინტერვიუს ციხის ბიბლიოთეკაში წერს. საუბარი ორ საათს გრძელდება. ქალის თქმით, ის მსხვერპლია, რომელსაც ქმრისგან გაქცევა უნდოდა. ასევე უარყოფს, რომ ისლამური სახელმწიფოს მიერ ჩადენილ სისასტიკეში ბრალი მიუძღვის.

სასამართლო საქმე იეზიდი ქალების მიერ აღიძრა, რომლებიც გაიტაცეს და გააუპატიურეს ისლამური სახელმწიფოს წევრებმა. ჰუდაიფას ამ დანაშაულის თანამონაწილეობაში ედება ბრალი.

ინტერვიუს დროს ქვრივი ზევით არ იყურება. შავი ტანსაცმელი აცვია და სახის მხოლოდ მცირე ნაწილი უჩანს.

ქალი 1976 წელს კონსერვატიულ ერაყულ ოჯახში დაიბადა. 1999 წელს კი იბრაჰიმ ავად ალ-ბადრიზე დაქორწინდა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ფსევდონიმით. იმ დროს, მისი თქმით, ალ-ბაღდადი, ბაღდადის უნივერსიტეტში შარიათს სწავლობდა, იყო "რელიგიური ადამიანი, მაგრამ არა ექსტრემისტი... კონსერვატიული, მაგრამ გახსნილი".

2004 წელს, ერაყში აშშ-ის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, ამერიკულმა ჯარებმა ალ-ბაღდადი დააპატიმრეს. მან დაახლოებით ერთი წელი გაატარა ბანაკ ბუკაში, ქვეყნის სამხრეთით, სხვა დაკავებულებთან ერთად, რომლებიც შემდგომ ისლამური სახელმწიფოს მაღალი რანგის ფიგურები და სხვა ჯიჰადისტური დაჯგუფებების მეთაურები გახდნენ.

ალ-ბაღდადი 2003 წელს - ერაყის დაზვერვის კადრი

ცოლის თქმით, ალ-ბაღდადი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ შეიცვალა. ძალიან მძიმე ხასიათი გაუხდა, ყველაფერზე ფეთქდებოდა. ბანაკ ბუკაში გატარებული ერთი წელი მისთვის გარდამტეხი და რადიკალიზაციის დასაწყისი აღმოჩნდა. ცოლს უთხრა, რომ იქ ისეთი რაღაც შეემთხვა, რაზეც ხმამაღლა ვერ ისაუბრებდა. ჰუდაიფა ფიქრობს, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. იმავე წელს პრესაში გამოქვეყნებული ერაყის სხვა ამერიკული ციხის, აბუ გრეიბის ფოტოებზე ჩანს, რომ მცველები პატიმრებს სექსუალური აქტების სიმულაციასა და დამამცირებელი პოზების მიღებას აიძულებდნენ.

მალე ჰუდაიფას ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი ქმარი მიწისქვეშა შეიარაღებულ დაჯგუფებას შეუერთდა, რადგან ყალბი საბუთებით ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელს. მალე ალ ბაღდადმა მეორე ცოლი შეირთო, რის შემდეგაც ქალმა განქორწინება მოსთხოვა. სანაცვლოდ უთხრეს, რომ შვილებზე უარი უნდა ეთქვა, რასაც არ დათანხმდა და ისევ ქორწინებაში დარჩა.

ერაყის ომის დროს, რომელიც 2006 წლიდან 2008 წლამდე გაგრძელდა, ქალს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ მისი ქმარი სუნიტ ჯიჰადისტურ ჯგუფებთან თანამშრომლობდა. 2010 წელს ალ-ბაღდადი ერაყის "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი გახდა.

"2012 წლის იანვარში სოფელში გადავედით, სირიის პროვინცია იდლიბში, სადაც ჩემთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ აბუ ბაქრი ემირი გამხდარიყო“, - ამბობს უმ ჰუდაიფა.

ამერიკული ბანაკი ბუკა, რომელიც ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით 500 კმ-ში მდებარეობს (2004 წლის ოქტომბერი)

ისლამური სახელმწიფო ერაყში იყო ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოგვიანებით იქცა უფრო ფართო ისლამურისტურ გაერთიანებად და ხალიფატი გამოაცხადა. ცოლის თქმით, სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ქმარმა ავღანური ტანსაცმლის ტარება, წვერი გაიზარდა და იარაღით დადიოდა. როდესაც ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სამოქალაქო ომის დროს ცხოვრება სახიფათო გახდა, ქალაქ რაქაში გადავიდნენ, რომელიც მოგვიანებით ისლამური სახელმწიფოს "ხალიფატის" დე ფაქტო დედაქალაქად ითვლებოდა. სწორედ იქ იყო ჰუდაიფა, როდესაც ტელევიზორში ნახა ქმარი.

"ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანებული დაჯგუფებების სისასტიკე მსოფლიოსთვის ცნობილი იყო, მაგრამ 2014-2015 წლებში ეს ყველაფერი უფრო ფართო და შემზარავი გახდა.

"ისლამური სახელმწიფო“ სოციალურ ქსელში ავრცელებდა მძევლებისთვის თავის მოკვეთის კადრებს, ასევე იორდანიელი პილოტის დაწვის სცენას. ქალის თქმით, ის მაშინაც ვერ უსწორებდა თვალს ამ უსასტიკეს ფოტოებს და ამბობს, რომ "მათ გადალახეს ადამიანობის ზღვარი...“

ISIS-ის შეიარაღებული წევრი რაქას ქუჩებში, 2014 წლის ივნისი.

აბუ ბაქარი ისლამური სახელმწიფოს სხვა ლიდერებთან ლეპტოპის საშუალებით ურთიერთობდა, რომელსაც ყუთში ინახავდა.

”მე ვცადე მისი ჩართვა, რათა გამეგო, რას აკეთებდა ჩემი ქმარი, მაგრამ ტექნოლოგიურად გაუნათლებელი ვიყავი, თან პაროლი ჰქონდა დადებული".

ქალი ამტკიცებს, რომ გაქცევა სცადა, მაგრამ საგუშაგოზე მყოფმა შეიარაღებულმა პირებმა უკან დააბრუნეს.

2014 წლის აგვისტოში უმ ჰუდაიფას კიდევ ერთი ქალიშვილი ნასიბა შეეძინა, რომელსაც თანდაყოლილი გულის მანკი აღმოაჩნდა. ამ დროს მათთან სახლში 30 წლამდე ასაკის ცხრა იეზიდი გოგონა და ქალი მიიყვანეს.

ისინი მხოლოდ რამდენიმე იყვნენ იმ ათასობით იეზიდ ქალსა და ბავშვს შორის, რომლებიც ისლამურმა სახელმწიფომ დაატყვევა - ათასობით სხვა დაიღუპა. უმ ჰუდიფა ამბობს, რომ შოკირებული და შერცხვენილი იყო.

გატაცებულთა შორის იყო ორი ახალგაზრდა გოგონა, სამარი და ზენა - ეს მათი ნამდვილი სახელები არ არის. ქალი ირწმუნება, რომ ისინი მის სახლში, რაქაში, მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩნენ, ვიდრე სხვა ადგილას გადაიყვანეს. როდესაც ალ-ბაღდადის ოჯახი საცხოვრებლად მოსულში გადავიდა, სამარი კვლავ გამოჩნდა: ის მათთან ცხოვრობდა დაახლოებით ორი თვე.

ჰამიდის ქალიშვილი და დისშვილი იმ იეზიდ გოგოებს შორის იყვნენ, რომლებიც უმ ჰუდაიფას სახლში აღმოჩნდნენ

სამარის მამას, ჰამიდს, ორი ცოლი და 26 შვილი ჰყავდა. ყველა მათგანი გაიტაცეს. თავად ჰამიდმა მოახერხა მიმდებარე მთებში დამალვა. ექვსი შვილი, მათ შორის სამარი, კვლავ დაკარგულია. ზოგი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ დაბრუნდა, ზოგიც იმ ტერიტორიების განთავისუფლების შემდეგ, რომელიც დაპყრობილი იყო.

ჰამიდმა და მისმა ერთ-ერთმა შვილმა, სოადმა სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს უმ ჰუდაიფას წინააღმდეგ. მათ არ სჯერათ, რომ ის უმწეო მსხვერპლია და ქალის სიკვდილით დასჯას ითხოვენ.

"ის კრიმინალის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლია და ისიც მისნაირი კრიმინალია", - ამბობს სოადი.

სოადი უმ ჰუდაიფას წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის მოსმენისას

"არ უარვყოფ, რომ ჩემი ქმარი კრიმინალი იყო“, - ამბობს ჰუდაიფა და დასძენს, რომ ნანობს, რაც მათ შეემთხვათ. თუმცა, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.

2019 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის ჯარებმა დაარბიეს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე ის დასახლება, სადაც ალ-ბაღდადი იმალებოდა ოჯახის წევრებთან ერთად. გვირაბში გადაყვანილმა ბაღდადმა ორ შვილთან ერთად თავი აიფეთქა. სროლის დროს მისი ოთხი ცოლიდან ორი დაიღუპა.

უმ ჰუდაიფა იქ არ იყო - იმ დროს ის უკვე ყალბი სახელით თურქეთში ცხოვრობდა, სადაც მოგვიანებით დააკავეს და მიმდინარე წლის თებერვალში ერაყის ციხეში გადაიყვანეს.

მისი უფროსი ქალიშვილი უმაიმა მასთან ერთად ციხეშია, მეორე - ფატიმა კი, რომელიც დაახლოებით 12 წლისაა, არასრულწლოვანთა დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისი ერთ-ერთი ვაჟი რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს სირიაში გარდაიცვალა, მეორე გარდაიცვალა მამასთან ერთად გვირაბში, უმცროსი ბიჭი კი ბავშვთა სახლშია.

უმ ჰუმაიდა ინტერვიუს დასრულების შემდეგ საკანში დაბრუნდა. ISIS-ის ქვრივს ერაყის სასამართლო გაასამართლებს...