ავტორი:

ნიკო ლორთქიფანიძის ახალი სამტომეული "პალიტრა L-ისგან"

ნიკო ლორთქიფანიძის ახალი სამტომეული "პალიტრა L-ისგან"

გამომცემლობა „პალიტრა L” მკითხველს ნიკო ლორთქიფანიძის ახალ სამტომეულს სთავაზობს. სერიის პირველი ტომი 17 ივნისს გამოვა და 1 კვირის განმავლობაში მისი სპეციალური ღირებულება 25 ლარის ნაცვლად 15 ლარი იქნება. ახალი ტომები კი მკითხველისთვის თვეში ერთხელ გახდება ხელმისაწვდომი.

მწერლის შემოქმედება სამტომეულში შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • პირველი ტომი - „თავსაფრიანი დედაკაცი“, ნოველები;
  • მეორე ტომი - „ბილიკებიდან ლიანდაგზე“, მოთხრობები;
  • მესამე ტომი - მოთხრობები, პიესები.

ნიკო ლორთქიფანიძემ XX საუკუნის ქართული პროზის განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრა. მისი ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წელს დაიწყო და მალევე მიიქცია ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა. ლორთქიფანიძის ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით გამოირჩევა. მისი შემოქმედება აერთიანებს ნოველებს, მოთხრობებს, პიესებსა და რომანს. თუმცა ის ცალსახად მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია.

მწერლობაც ადრეული ასაკიდანვე დაიწყო, თუმცა ბავშვობის ხანის ნაწერები მოგვიანებით თავადვე გაუნადგურებია. მწერლის ბავშვობაში ქვეყანაში ქართული წიგნების ნაკლებობა იყო და ნიკოც თურმე უფრო ხშირად რუსული წიგნებით სარგებლობდა. წერაც რუსულად დაუწყია.

ნიკო ჯერ ვლადიკავკაზში, შემდეგ კი ავსტრიაში გაემგზავრა სასწავლებლად. 1907 წელს ისე, რომ სასწავლებელი არ დაუმთავრებია, თბილისში დაბრუნდა. 1907-08 წლებში გერმანულის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ეწეოდა პუბლიცისტურ და საგამომცემლო საქმიანობას, რედაქტორობდა გაზეთ "ერს", რომელიც ხელისუფლებამ დახურა ეროვნული პოზიციის გამო. 1912-25 წლებში ქუთაისში ცხოვრობდა, სადაც საადგილმამულო ბანკში დამფინანსებლად მოეწყო.

ქუთაისში ყოფნის დროს ნიკო ლორთქიფანიძე არაერთ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს დაუახლოვდა: ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, კოლაუ ნადირაძეს, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვებს.

1925 წლიდან ნიკო ლორთქიფანიძე ისევ თბილისში გადავიდა და პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა. მწერალი საგამომცემლო საქმიანობითაც იყო დაკავებული.

ნიკო ლორთქიფანიძეს თანამედროვეები ახასიათებდნენ დიდსულოვან, არისტოკრატული ბუნების, მოკრძალებულ და დახვეწილ ადამიანად. მწერლის ცხოვრების უკანასკნელი წლები ჩვენი ქვეყნის შავბნელ პერიოდს დაემთხვა. უკუღმართი დროებით შეწუხებული მწერალი ჩუმად, უპრეტენზიოდ ცხოვრობდა და ხელისუფალთ თავს არიდებდა. ხშირად უნახავთ შებინდებისას რუსთაველის გამზირზე მარტო მოსეირნე, ფიქრებში ჩაფლული, თვალებში ნაღველჩამდგარი.

„ნიკო ლორთქიფანიძის ნაირი მწერლები კი არ იბადებიან, არამედ ჩნდებიან და გამოეცხადებიან ხოლმე ხალხს. ასე გამოეცხადა იგი 1880 წელს საქართველოს” - წერდა ნოდარ დუმბაძე.

ახალი სამტომეულის პირველი წიგნის სააქციო ღირებულება 15 ლარია. მის შეძენას შეძლებთ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, რისთვისაც უნდა დარეკოთ ნომერზე: 032 2 47 00 45 ან ეწვიოთ ვებგვერდს.

R