ავტორი:

“ოცნება” გვამუნათებს, ომი გინდათო? არა, არ გვინდა... სწორედ ამიტომ უნდა გავემიჯნოთ რუსეთს და დავუახლოვდეთ დასავლეთს" - რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა “კავკასიის ლეგიონის” ყოფილმა მეთაურმა?

“ოცნება” გვამუნათებს, ომი გინდათო? არა, არ გვინდა... სწორედ ამიტომ უნდა გავემიჯნოთ რუსეთს და დავუახლოვდეთ დასავლეთს" - რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა “კავკასიის ლეგიონის” ყოფილმა მეთაურმა?

უკრაინაში მებრძოლმა “კავკასიის ლეგიონის” ყოფილმა მეთაურმა, “კავკასიური კავშირის” სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც რუსეთს “წითელ სიაში” ჰყავს შეყვანილი, საქართველოში ჩამოსვლა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა გადაწყვიტა. ლადო გამსახურდია ორი წლის განმავლობაში მეთაურობდა “კავკასიის ლეგიონს”, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო ომში გამოჩენილი მამაცობისათვის, ასევე დაჯილდოებულია მედლით “უკრაინის საკეთილდღეოდ განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის”. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არაერთხელ მოექცა მტრის ალყაში, არაერთხელ დაიჭრა კიდეც, მაგრამ საკუთარი თავისა და თანამებრძოლების გადარჩენა ყოველთვის მოახერხა. რუსულ მედიაში არაერთი გადაცემა მიეძღვნა მას, როგორც რუსთმოძულესა და კავკასიიდან რუსების განდევნის ინიციატორს. მოსკოვში მას რუსოფობი დედის გაზრდილ შვილად მოიხსენიებენ და აღნიშნავენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ბანდიტურ დაჯგუფებებს აერთიანებს. ჯერ “კავკასიის ლეგიონის” მეთაური იყო, ოთხი თვის წინ კი შექმნა მემორანდუმი - დოკუმენტი, რომელიც საბრძოლო ქვედანაყოფებისა და ბატალიონების ურთიერთთანამშრომლობას, ასევე საქართველოში რუსეთის აგრესიის შემთხვევაში სამხედრო თანადგომას ითვალისწინებს. მემორანდუმზე ხელი აქვთ მოწერილი უკრაინაში მებრძოლ ქართულ ქვედანაყოფებს: “შავ არწივს” და “თბილისს”; დაღესტნურ “იმამ შამილის სახელობის ბატალიონს”, ჩეჩნურ “შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონს” “პოლონურ ლეგიონს” და კიევის რეგიონის მოხალისეთა ბატალიონს. კავკასიური კავშირის სამხედრო კომიტეტს მხარს უჭერენ უკრაინის რადა და ევროკავშირის საბჭო. თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა ლადო გამსახურდია გვესაუბრება:

- 2020 წელს, თანამოაზრეებთან ერთად შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასია”, რომელიც დაარსების დღიდან აქტიურადაა ჩართული ყველა პოლიტიკურ პროცესში. ახლა ორგანიზაციის დიდი ნაწილი უკრაინაში ვართ. მე საბჭოს თავმჯდომარე ვარ. ჩვენ ზვიად გამსახურდიას იდეოლოგიის მიმდევრები ვართ, მიზანი კავკასიის რუსეთისგან გათავისუფლებაა. გვინდა ჩვენსა და რუსეთს შორის ბუფერული ზონა შეიქმნას. ყველა ანტირუსულ ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, დედაჩემთან ერთად ვმონაწილეობდი 2019 წლის 20 ივნისის აქციებში, სადაც გაზითაც მოვიწამლე და რეზინის ტყვიებით თავსა და ფეხში დამჭრეს, ფეხში დაიჭრა დედაჩემიც. ჩვენ აფხაზეთიდან დევნილები ვართ, ყველა ის სირთულე გამოვიარეთ, რაც დევნილობას ახლავს. რუსებმა ბავშვობა წამართვეს. ამიტომ ყველგან, ყველა საშუალებით ვიბრძოლებ რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ.

- აფხაზეთი გახსოვთ?

- 4 წლის ვიყავი, აფხაზეთის დატოვებამ რომ მოგვიწია. ჩემი მთავარი მიზანი ჩემს სახლში, გუდაუთაში დაბრუნებაა, ამის გასაღები კი რუსეთის უკრაინაში დამარცხება, შემდეგ კი ამ ბოროტი ძალის კავკასიიდან განდევნაა. აფხაზეთის ომის დროს მცირეწლოვანი ვიყავი, 2008 წელს ემიგრაციაში გახლდით და 5 დღე ძალიან ცოტა იყო, რომ მომესწრო ჩამოსვლა. უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში ჩავედი. 6 თვეში ჩამოვაყალიბე “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასიის” სამხედრო ფრთა და უკვე “კავკასიის ლეგიონის” სახელით დავიწყეთ ბრძოლა. ჩვენი ორგანიზაცია, ერთი მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიის ერებს შორის ურთიერთობის გამყარებაზე ზრუნავს, მეორე მხრივ, მხარს უჭერს თითოეულის დამოუკიდებლობას. ორი თვის წინ “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასიის” საბჭოსთან შეთანხმებით, სამხედრო ფრთის რეორგანიზება მოხდა, რის შედეგადაც “კავკასიის ლეგიონის” ახალ მეთაურად სამხედრო საქმეში გამოცდილი, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე, რუსეთ-საქართველოს, რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე გიორგი კესარელი დაინიშნა, მე კი “კავკასიური კავშირის” სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით ვუწევ კურირებას “კავკასიის ლეგიონს”.

- უკრაინაში ომი ჯერ არ დასრულებულა და თქვენ საქართველოში ჩამოხვედით.

- ჩემი ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე დგას და მინდა ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ჩემი ხალხის გვერდით ვიყო. ამ ე.წ. აგენტების კანონით “ქართული ოცნება” ჩემს ორგანიზაციასაც საფრთხეს უქმნის, რადგან ის დაფუძნებულია საქართველოში და ფუნქციონირებს უკრაინაში. დღეს ძალიან ბევრი ქართველი მებრძოლი, მათ შორის მეც, კრიმინალებად ვართ მონათლული და სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული...

- თქვენი აქ ჩამოსვლა საფრთხის შემცველი არ არის?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი მეგობრები ზრუნავენ იმაზე, რომ ჩემი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ძალა, რომელიც იბრძოლებს რუსული გავლენების წინააღმდეგ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად კავკასიაში.

- მომხიბლავია იდეა “კავკასია რუსეთის გარეშე”, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, კავკასიელებს შორის ბევრი სადავო საკითხია, მათ შორის ტერიტორიების. ამ პრობლემის მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ?

- მოსკოვი ყოველთვის “გათიშე და იბატონეს” პრინციპით მოქმედებს. სურს კავკასიის ქვეყნები ერთმანეთს არ ვენდობოდეთ და რეგიონში წესრიგის დამამყარებლად მას მივიჩნევდეთ. არადა, კავკასიაში რუსების შემოსვლას პატარა ერების, ქვეყნების ოკუპაცია, გადასახლება, სისხლი, ანექსია, გაქრობაც კი მოჰყვა. ნახეთ, რა უქნეს უბიხებს, ჩერქეზებს!.. ამიტომ ჩვენ თავად უნდა შევქმნათ საერთო კავკასიური დიპლომატიური ველი და მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ საკუთარი თავის პატრონობაც შეგვიძლია და დიპლომატიური ურთიერთობების უნარიც შეგვწევს, გარე ძალების ჩარევის გარეშე შეგვიძლია შიდა პრობლემების გადაწყვეტა. თუმცა, სანამ აქამდე მივალთ, საჭიროა სრული დამოუკიდებლობის მოპოვება თითოეული კავკასიური ქვეყნისთვის. ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემებთან გამკლავებას. “კავკასიური კავშირი” დიდი ორგანიზაციაა, რომელშიც შედის: “მსოფლიო ჩეჩნური კონგრესი”, “ძლიერი აზერბაიჯანი”, ჩვენი “მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასია”, “დაღესტნის ნაციონალური ცენტრი”, “ჩერქეზული კონგრესი”, “თავისუფალი ჩერქეზები”, “ნოღაების უმაღლესი საბჭო”.

ახლა საქართველო არჩევანის წინაშეა, ან რუსეთი უნდა აირჩიოს, ან ცივილიზებული სამყარო ამერიკისა და ევროპის სახით. ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენ თუ დასავლეთის მხარდაჭერას დავკარგავთ, ძალიან ცუდად წაგვივა საქმე. თუ მართლა ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი შვილებისთვის მშვიდი მომავალი გვინდა, რუსეთისკენ არც კი უნდა გავიხედოთ.ოცნება” გვამუნათებს, აბა, ომი გინდათო? არა, ჩვენ არ გვინდა ომი, მშვიდობიან გარემოში განვითარება გვინდა და სწორედ ამიტომ უნდა გავემიჯნოთ რუსეთს, დავუახლოვდეთ დასავლეთს.

- “ქართული ოცნების” ლიდერებს ხშირად მოჰყავთ უკრაინა იმის მაგალითად, თუ როგორ ისჯებიან ისინი, ვინც რუსებს აღიზიანებენ.

- უკრაინა დასჯილი არ არის, უკრაინა იბრძვის, უკრაინა ფეხზე დგას, უკრაინამ შეინარჩუნა ორიენტირი და აუცილებლად მოიგებს ომს. კიევი ახლა სერიოზულ შეიარაღებას ელოდება, რაც ძალიან მალე შეცვლის ომის სურათს.