ავტორი:

სკანდალი არ წყდება - მეფე ჩარლზ III-ის პირველი ოფიციალური პორტრეტი ცხოველთა უფლებადამცველებმა შეურაცხყვეს (ვიდეო)

სკანდალი არ წყდება - მეფე ჩარლზ III-ის პირველი ოფიციალური პორტრეტი ცხოველთა უფლებადამცველებმა შეურაცხყვეს (ვიდეო)

მეფე ჩარლზ III-ის პირველი ოფიციალური პორტრეტი ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ცხოველთა უფლებადამცველებმა ლონდონის გალერეაში გამოფენილ პორტრეტში “ცვლილებები შეიტანეს“.

აქტივისტებმა მეფეს სახეზე ბრიტანული კომედიური სერიალის "უოლესი და გრომიტი" პერსონაჟის - უოლესის სახე მიაკრეს და წარწერაც დაუტოვეს.

როგორც ორგანიზაცია Animal Rising - ი განმარტავს, პროტესტი ფერმებში არსებულ მდგომარეობას მიეძღვნა, რომელიც საგანგაშოა.

თავად Animal Rising თავის თავს არაძალადობრივ ორგანიზაციას უწოდებს და თავისსავე ვებსაიტზე წერს, რომ მათი მიზანი მსოფლიოს “მცენარეული კვების სისტემაზე“ გადასვლაა.

პორტრეტი ცენტრალურ ლონდონში მდებარე “ფილიპ მოლდის“ გალერეაში 15 ივნისამდეა გამოფენილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტმა ხმაური გამოიწვია. ფერმწერ იონათან იეოს მიერ შესრულებული მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტი გამოქვეყნებისთანავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

იეომ ტილოზე მეფე საშუალო ხედით დახატა. მას ჟოლოსფერი უელსის გვარდიის ფორმა აცვია და ორივე ხელი მახვილზე უწყვია. თითქმის მთელი ტილო, ხელებისა და თავის გარდა, ცეცხლოვანი წითელია. ჩარლზი პირდაპირ იყურება, ტუჩებზე მრისხანე ღიმილის ჩრდილი გადაჰკრავს, მარჯვენა მხართან კი პეპელა დაფარფატებს.

მხატვრის განმარტებით, პეპელა ასახავს იმას, თუ როგორ შეიცვალა მეფის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

თუმცა გამოქვეყნებისთანავე, პორტრეტმა არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. სოციალურ ქსელში მას დემონურს უწოდებდნენ და წერდნენ, რომ მეფე ჩარლზი პირდაპირ “ჯოჯოხეთიდან იყურება“.