ავტორი:

ჯო ბაიდენის შვილს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება - სასამართლომ ჰანთერ ბაიდენი იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

ჯო ბაიდენის შვილს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება - სასამართლომ ჰანთერ ბაიდენი იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი, იარაღის ფლობის სამივე ბრალდებაში ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN -ი ავრცელებს.

  • კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჰანთერ ბაიდენი ცნო დამნაშავედ სამივე ბრალდებაში იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ კანონებზე, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას უკრძალავს.

ჰანთერ ბაიდენის გასამართლება პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის უახლოესი ოჯახის წევრი დამნაშავედ იქნა ცნობილი მაშინ, როდესაც მისი მშობელი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, თუმცა ჰანთერ ბაიდენის დანაშაულები ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო პერიოდის დაწყებამდე იქნა ჩადენილი.

მედია წერს, რომ ჰანთერ ბაიდენს ციხეში 25 წლამდე პატიმრობა და 750 000 აშშ დოლარის ჯარიმა ელის, თუმცა მოსალოდნელია, რომ მას მაქსიმალურზე ნაკლები პატიმრობა მიესჯება, ვინაიდან, ეს მისი პირველი დანაშაულია.

ჰანთერ ბაიდენის მამამ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა სასამართლოს განაჩენზე.

“როგორც გასულ კვირას ვთქვი, ამ პროცესის შედეგს მივიღებ და გავაგრძელებ სასამართლო პროცესის პატივისცემას იმ პერიოდში, როდესაც ჰანთერი გასაჩივრებას განიხილავს. ჯილი [ბაიდენის მეუღლე] და მე ყოველთვის სიყვარულითა და მხარდაჭერით გვერდში დავუდგებით ჰანთერს და ჩვენს დანარჩენ ოჯახს. არაფერი არასდროს არ შეცვლის ამას”, - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, აქამდე, 6 ივნისს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის საკუთარ შვილს არ შეიწყალებდა.