ავტორი:

"ამას მთელი კარიერის განმავლობაში ველოდი" - გიორგი გველესიანის დებიუტი ნაკრებში და ირანული ცხოვრება: ბიზნესვუმენი მეუღლე და 33 წლის ასაკში მიცემული შანსი

"ამას მთელი კარიერის განმავლობაში ველოდი" - გიორგი გველესიანის დებიუტი ნაკრებში და ირანული ცხოვრება: ბიზნესვუმენი მეუღლე და 33 წლის ასაკში მიცემული შანსი

9 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ამხანაგურ მატჩში მონტენეგრო დაამარცხა. თამაშის დაწყებიდან მე-10 წუთზე, ანგარიში გიორგი გველესიანის პასით, რომელიც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩს ატარებდა, ოთარ კიტეიშვილმა გახსნა.

ირანული საფეხბურთო კლუბის "პერსეპოლისის" წარმატებული ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში პირველად რამდენიმე თვის წინ გამოიძახეს. გველესიანს ოცნება 32 წლის ასაკში აუხდა.

"ძალიან გახარებული ვარ. ის ემოცია, რომელიც საკუთარი ქვეყნის მაისურით თამაშს, ქომაგების გამხნევებას, ჰიმნის მოსმენას მოაქვს, სხვა ემოციებთან დაუვიწყარი და შეუდარებელია. ამ მომენტს მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ველოდებოდი. იმ 7 წლის განმავლობაში, რომელიც სხვა ქვეყანაში გავატარე, იქაური ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოვიპოვე, რომელიც ასევე ძალიან სასიამოვნოა, თუმცა როცა ამას საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ხალხთან აღწევ, ნამდვილად სხვა გრძნობაა.

პირველი მიზანი ცხადია ნაკრების მაისურის მორგება იყო, ახლა მსურს ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა, მე კი წაბორძიკების დრო არ მაქვს. ვაცნობიერებ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი მეორედ შესაძლოა აღარ მომეცეს და მსურს ამ შესაძლებლობიდან მაქსიმუმი მივიღო.

საკუთარ თამაშს ყოველთვის კრიტიკულად ვაფასებ და მაქსიმალისტი ვარ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ იმაზე გაცილებით უკეთ თამაში შემიძლია, ვიდრე ეს მონტენეგროსთან იყო. მქონდა როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მომენტები. ჩემი გამოცდილების მიუხედავად, დებიუტისგან გამოწვეული ემოციები რაღაც მომენტში ხელის შემშლელი ფაქტორი იყო. ასეთ დროს საკუთარი თავის კონტროლი ადვილი არ არის. საერთო ჯამში დებიუტს მაინც დადებითად შევაფასებ და განვითარებას უკეთესის მოლოდინით ვაგრძელებ." - განაცხადა გველესიანმა მატჩის შემდეგ. (წყარო)

  • გიორგი გველესიანის საფეხბურთო კარიერა

გველესიანი 1991 წლის 5 მაისს დაიბადა. თბილისის "დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილის დებიუტი "დინამოს“ შემადგენლობაში 2010 წელს შედგა. ეროვნულ ლიგაში კი თავისი სადებიუტო გოლი 2013 წლის 19 აპრილს, ზუგდიდის "დინამოსთან“ შეხვედრაში გაიტანა.

სულ გველესიანმა "დინამოს“ შემადგენლობაში 81 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. "დინამოს“ რიგებში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ საქართველოს თასის მფლობელი და ორჯერ საქართველოს სუპერთასის მფლობელი.

ქართველი ფეხბურთელი ირანში პირველად 2017 წელს, თბილისის "დინამოდან“ გადავიდა და თამაში "ზობ აჰანის“ რიგებში დაიწყო. გველესიანმა "ზობ აჰანის“ შემადგენლობაში 2017–2018 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ირანის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

"ნასაჯი მაზანდარანის“ შემადგენლობაში კი 2018-2019 წლებში 22 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ხუთი გოლი ჩაირიცხა.

"სეპაჰანის“ რიგებში 2019-2022 წლებში თამაშობდა, გუნდთან ერთად 2020-21 წლების სეზონში ირანის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა.

2022 წლიდან ფეხბურთელმა "პერსეპოლისის“ შემადგენლობაში გააგრძელა თამაში. 2022 წლის დეკემბერში გველესიანმა თეირანული დერბის მე-16 წუთზე "ესტეგლალის“ წინააღმდეგ საჯარიმოში თავური დარტყმით "პერსეპოლისი“ დააწინაურა. მეორე ტაიმში, შეხვედრის 89-ე წუთზე კი კიდევ ერთი გოლი გაიტანა. გველესიანი გახდა პირველი მცველი დედაქალაქური დერბის ისტორიაში, რომელმაც ერთ თამაშში ორი გოლის გატანა შეძლო.

2023 წლის 14 თებერვალს გიორგი გველესიანმა ჰაზფის თასზე ითამაშა და "პერსეპოლისს“ თავის ყოფილი კლუბთან "სეპაჰანთან“ გამარჯვებაში დაეხმარა. ის გასულ წელს ირანის ჩემპიონიც გახდა.

წელს კი ირანის პრემიერლიგის ბოლო ტურში "პერსეპოლისმა“ "მეს რაფსანჯანი“ საქართველოს ნაკრების მცველის, გიორგი გველესიანის გატანილი ბურთით დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონობა კიდევ ერთხელ მოიპოვა, გველესიანი კი "პერსეპოლისის“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი უცხოელი ფეხბურთელია.

გიორგი ირანის პრემიერლიგის მოგების შემდეგ

"გიორგი გველესიანმა "პერსეპოლისისა“ და "მეს რაფსანჯანის“ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს მისთვის ირანის ჩემპიონატში გატანილი მე-16 გოლი აღმოჩნდა და გუნდის ისტორიაში საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი გახდა. ქართველი მცველი 1950-იანი წლების "პერსეპოლისის“ მოთამაშეს, ალან უიტლის დაეწია. ირანის პრემიერლიგის დაარსების შემდეგ კი კლუბის საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი გახდა“, - წერს ერთ-ერთი ირანული გამოცემა.

უკვე დასრულებულ სეზონში გიორგი გველესიანმა 25 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური მცველისთვის გამორჩეული შედეგია. გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ამ მაჩვენებლით "პერსეპოლისში“ მხოლოდ თავდამსხმელს, ისა ალიკაშირს ჩამორჩა, თანაც მხოლოდ ერთი გოლით.

გიორგი გველესიანი ირანის პრო-ლიგის 2022–23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს.

  • იყო იმედგაცრუებაც...

2023 წლის 31 მარტს, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს. გველესიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება არ ეძლეოდა.

"გუშინ სპარსეთის ლიგის 22/23 სეზონის საუკეთესო მცველად დამასახელეს და დამაჯილდოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი დონის მცველები იყვნენ დასახელებული, საბედნიეროდ, ბევრმა, მათ შორის ფეხბურთის ექსპერტებმა, მიიჩნიეს, რომ მე დავიმსახურე ეს პრიზი. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც ადამიანისთვის, რომელიც სხვა ქვეყანაში თამაშობს, როგორც ლეგიონერი. მოტივაცია და თავდაჯერებულობა ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მითუმეტეს, როცა არასდროს მითამაშია ჩემი ქვეყნის ნაკრებში, მათ შორის, არცერთ ასაკობრივში, 1 წუთიც კი.

შეიძლება იყო დრო, როცა არ ვიმსახურებდი იქ ყოფნას, მაგრამ იყო დროც, როდესაც დავიმსახურე და ეს ფაქტი ყოველთვის ანადგურებდა ჩემს მოტივაციას, თითქოს არ ვარსებობ, თითქოს სამშობლო არ მაქვს... ყველა ოცნებობს ნაკრებში თამაშზე, მეც ასე ვარ. ეროვნული ნაკრების წევრობა ბევრ ახალ გზაზე მწვანე შუქს აჩენს და ადამიანს უხსნის უზარმაზარ შესაძლებლობებს კარიერაში, ამის გარეშე, გზა, რომელიც ფეხბურთელმა უნდა გაიაროს, რთული ხდება. შესაძლოა, ისინი ელოდნენ, რომ ვითამაშებდი ევროპის ტოპ 5-ში, ვინ იცის, ალბათ, შემეძლო კიდეც...

თუ დამეხმარებოდნენ, მაგრამ არასოდეს უცდიათ ეს. არც ვწუწუნებ, მოწყალებას და მოწვევას არ ვითხოვ. უბრალოდ, ვაგრძელებ მუშაობას, ჩემს ყოველდღიურობას. მადლობელი ვარ ღმერთის ყველაფრისთვის, რაც მაქვს და საბედნიეროდ, ირანიდან და ირანული ფეხბურთიდან რამდენიმე ადამიანი გვერდში მიდგას და მოტივაციას მაძლევენ. მადლობა ჩემს დიდ ოჯახს და ჩემს მეგობრებს ერთგულებისთვის. პრიზი სიმბოლურია, მაგრამ განცდა, რომ შენი შრომა დაფასებულია, ცალსახად სასიამოვნოა, მადლობა დიდი მხარდაჭერისთვის!" - წერდა გველესიანი.

ევრო 2024 წლის ფლეი-ოფისთვის საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლიმ გიორგი გველესიანი გამოიძახა. იმედგაცრუება დასრულდა, ახლა ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული...

  • პირადი ცხოვრება

გიორგი გველესიანი დაოჯახებულია, მისი ბიზნესვუმენი მეუღლე ლინდა კიკოლაშვილი რამდენიმე ადგილობრივი კომპანიის დამფუძნებელი და ასევე საქართველოში ჰოლივუდის ფილმების აკადემიის პრეზიდენტია.

გიორგი ირანში მარტო ცხოვრობს, ოჯახი თბილისში ჰყავს. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს. გიორგის პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც "ინსტაგრამზე" აქვს გამოქვეყნებული, ირანში სტადიონზეა გადაღებული, სადაც ლინდა სხვა ფეხბურთელების მეუღლეებთან ერთად არის. სამივე მათგანს იქაური წესების მიხედვით, თავსაფარი უკეთია. სტადიონზე ქალები და კაცები მატჩის დროს სხვადასხვა სექტორში სხედან.

ლინდა ამის თაობაზე წერს:

"ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება თეირანში, როდესაც ფეხბურთის მატჩს სტადიონზე დავესწარი. ეს იყო საოცარი, ემოციური და მგრძნობიარე. თამაშში დაძაბულობა პიკზე იყო. პირველი ტაიმის შემდეგ (როდესაც ანგარიში 0:3 იყო) არავინ ელოდა, რომ ჩვენი გუნდი შემობრუნდებოდა. მაგრამ მათ ეს გააკეთეს და ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პერსეპოლისი არის აზიის უდიდესი გუნდი, უზარმაზარი აქტიური მხარდამჭერებით. ჩემი მადლიერება ქალთა გულშემატკივართა სექტორს, სადაც უზარმაზარი სიყვარული და თბილი ენერგია ვიგრძენი. ეს იყო დიდი გამოცდილება და მადლობა ყველას!"

  • ირანზე...

ერთ-ერთ ინტერვიუში სპორტულ მედიასთან გიორგი გველესიანი ამბობს, რომ სანქცირებულ ირანში ცხოვრება არც ისე მარტივია.

"იმის გამო, რომ ეს ქვეყანა სანქცირებულია, იზოლაციების ქვეშ უწევს ყოფნა, ინფორმაციული ვაკუუმია. იქ არ შემოდის ჰოლივუდის ფილმები, სერიალები, "იუთუბი", "ფეისბუქი" დაბლოკილია, ყველაფერი, რაც საინტერესოა. გარშემორტყმული ხარ ინფორმაციული ვაკუუმით, მაგრამ ოჯახის წევრებისგან იგებ ყველაფერს. ამ დროს, შენმა თანაგუნდელებმა არ იციან, ვინ არიან რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო. მერე ის ირანელი ფიქრობს, რომ რადგან შენ იცი, მასზე აღმატებული ხარ და ამის გამო ცდილობ, სხვამ თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს.

კაპიტნად რომ ამირჩიეს, რადგან უცხოელი ვიყავი, ამან გაღიზიანება გამოიწვია ირანელ ფეხბურთელებში. ეს წლები რთული გამოდგა შეგუების ამბავში და დღემდე გრძელდება. ზოგადად, ფეხბურთი ირანში ძალიან უყვართ. სხვა გასართობი ამ ხალხს არ აქვს. მათი დღე იწყება და სრულდება სპორტით. ყველა ასაკისა და სქესის ადამიანი ჩართულია. ისპაჰანში ვცხოვრობ, ფერეიდნელი ქართველებიც არიან, ყოველდღე სახლში მეპატიჟებიან, ჩემი ოჯახის წევრები არიან. სავსეა სულ ტრიბუნები, ვარჯიშზე ხუთი ათასი კაცი გვესწრება, თამაშზე 30 ათასი, ზოგიერთ მატჩს 80-100 ათასი ადამიანიც ესწრება.

ჩემი ბავშვობა მაგონდება როცა იქ ვარ, გარეთ რომ გავდივარ და ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ, რასაც აქ ვეღარ ვამჩნევ საქართველოში.

არიან ფერეიდნელი ქართველები, რომლებიც დღემდე ქართველობენ, ზოგს პასპორტიც აქვს ქართული, ენაც შენარჩუნებული აქვთ. ძალიან თბილი ხალხია, ცდილობენ ქართული სიმღერები, კერძები, ყველაფერი შეინარჩუნონ".

იხილეთ ასევე: