ავტორი:

"ზედმეტად ვაფათურებდი ხელებს, ადამიანს სექსუალურად ვეხებოდი ისე, რომ არ ვიცოდი, თუ მას ეს არ სურდა" - კევინ სპეისი აღიარებს, რომ წარსულში "ცუდად" იქცეოდა

"ზედმეტად ვაფათურებდი ხელებს, ადამიანს სექსუალურად ვეხებოდი ისე, რომ არ ვიცოდი, თუ მას ეს არ სურდა" - კევინ სპეისი აღიარებს, რომ წარსულში "ცუდად" იქცეოდა

მსახიობმა კევინ სპეისიმ ახალ ინტერვიუში წარსულში თავის არასათანადო საქციელზე ისაუბრა.

პირს მორგანთან ინტერვიუში, 64 წლის სპეისიმ აღიარა, რომ "ზღვარს გადადიოდა", რაც არასათანადო ქცევის ბრალდებებს უკავშირდება, რამაც 2017 წელს მისი კარიერის შეწყვეტა განაპირობა.

გასულ წელს, მსახიობი ლონდონში გამართულ სასამართლო პროცესზე სექსუალური შევიწროების ყველა ბრალდებაში გამართლდა, რომელიც მას 2001-დან 2013 წლამდე პერიოდში ოთხი მამაკაცის მიერ ჰქონდა წაყენებული. 2022 წელს კი ამერიკულმა სასამართლომ მის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ახალი საქმე არ განიხილა, თუმცა სპეისი ამჟამად მორიგ სამოქალაქო გარჩევაშია ჩართული, ბრალდების გამო, რომელსაც ის უარყოფს და რომლის თანახმადაც, მან 2008 წელს მამაკაცი სექსუალურად შეავიწროვა.

მსახიობმა განაცხადა, რომ მისი სახლი ბალტიმორში, სადაც 2016 წლიდან ცხოვრობს, დაგირავებულია და აუქციონზე გაიყიდება, რადგან მას იმ "მრავალი მილიონი დოლარის" გადახდა არ შეუძლია, რა ხარჯებიც იურიდიული მომსახურებისთვის მართებს.

პირს მორგანის "იუთუბარხზე" - Piers Morgan Uncensored-ზე ინტერვიუს დროს პირდაპირ განიხილეს საკითხი, თუ როგორ უყურებს სპეისი თავის წარსულ ქცევებს.

როდესაც მას ჰკითხეს, აეხსნა, რას გულისხმობდა "ზღვრის გადალახვაში", ოსკარის ორგზის გამარჯვებულმა თქვა:

"ზედმეტად ვაფათურებდი ხელებს, ადამიანს სექსუალურად ვეხებოდი ისე, რომ მაშინ არ ვიცოდი, თუ მას ეს არ სურდა".

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ეს შეიძლება, დანაშაულად ჩაითვალოს, სპეისიმ აღნიშნა, რომ "ადამიანებთან ფრთხილი იყო" და "სექსუალური დანაშაული" მისი ქმედებების აღსაწერად შესაფერისი სიტყვა არ იქნებოდა.

"რბილად უნდა მოიქცე. უნდა ნახო, დადებითი რეაქცია თუ ექნებათ", - დასძინა მან.

"თუ არა და, უნდა გაგაგებინონ, რომ არ სურთ, მიგახვედრონ, რომ უარზე არიან და შეწყვიტო", - განაცხადა მოგვიანებით მან.

კითხვაზე, თუ ხვდებოდა, რომ ახალგაზრდა მსახიობს შესაძლოა, უარი ვერ ეთქვა იმის შიშით, რომ ამას კარიერა დაეზიანებინა, მსახიობმა დადებითი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ მზად არის, თავისი ზოგიერთი წარსული ქმედებისთვის, რომელსაც თვითონ აღწერს, როგორც "ცუდ ქცევას", "პასუხისმგებლობა აიღოს".

თუმცა მან ასევე თქვა, რომ "ბევრმა ადამიანმა" მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებები გაავრცელა.

მაისში სპეისიმ უარყო ახალი ბრალდებები, რომლებიც Channel 4-ის დოკუმენტურ ფილმში "Spacey Unmasked" გახმაურდა. მსახიობებმა რუარი კანონმა და დენი დე ლილომ დოკუმენტურ ფილმში ის არასათანადო ქცევაში დაადანაშაულეს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2017 წელს მის წინააღმდეგ პირველი ბრალდებები გაჩნდა, სპეისი Netflix-ის სერიალის, "ბანქოს სახლის" გადაღებებიდან დაითხოვეს, ხოლო რიდლი სკოტის ფილმიდან, "მთელი ფული მსოფლიოში", მისი სცენები ამოიჭრა და ისინი კანადელი მსახიობის, კრისტოფერ პლუმერის მონაწილეობით ხელახლა გადაიღეს.

წყარო