ავტორი:

5 საინტერესო ფაქტი ნიკო ლორთქიფანიძის შესახებ და მისი სამტომეულში გაერთიანებული შემოქმედება

5 საინტერესო ფაქტი ნიკო ლორთქიფანიძის შესახებ და მისი სამტომეულში გაერთიანებული შემოქმედება

1880 წლის 29 სექტემბერს სოფელ ჩუნეშში დაიბადა (ამჟამინდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) დიდი ქართველი მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ლიტერატურის განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

მწერალი იმერელ თავადთა შთამომავალი იყო. მისი წინაპრები იმერეთის მეფის კარზე მიღებული პირები ყოფილან. მათ „ფიცის კაცებს“ უწოდებდნენ. ნიკო ლორთქიფანიძემ ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წელს დაიწყო. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: ”ნიშადური”, ”საქართველო”, ”ივერია”, ”თეატრი და ცხოვრება”, ”დროება”, ”სახალხო გაზეთი” და სხვ. მან იმთავითვე მიიქცია ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა.

მწერალი, რომელმაც საქართველოში მე-20 საუკუნის პროზის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი ნაწარმოებები აქტუალურია ყველა თაობის მკითხველისთვის, სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ ჭრილში. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ 3-ტომეულში გააერთიანა მისი შემოქმედება და კიდევ ერთხელ გამოსცა. სერიის პირველი ტომი 17 ივნისს გამოვა და ერთი კვირის განმავლობაში მისი სპეციალური ფასი 25 ლარის ნაცვლად 15 ლარი იქნება. მომდევნო 2 ტომი კი მკითხველისთვის თვეში ერთხელ იქნება ხელმისაწვდომი.

მწერლის შემოქმედება სამტომეულში შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • პირველი ტომი - „თავსაფრიანი დედაკაცი“, ნოველები;
  • მეორე ტომი - „ბილიკებიდან ლიანდაგზე“, მოთხრობები;
  • მესამე ტომი - მოთხრობები, პიესები.

რატომ იყო ნიკო ლორთქიფანიძე მნიშვნელოვანი ფიგურა ქართულ მწერლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რა საინტერესო დეტალები ვიცით მის შესახებ? გთავაზობთ 5 ფაქტს მისი ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან:

1. ნიკო ლორთქიფანიძეს დაწერილი აქვს 200-მდე მინიატიურა, ნოველა, მოთხრობა, 1 რომანი და 2 პიესა

მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით გამოირჩევა.

2. ბინას, რომელშიც მწერალი ავსტრიაში ცხოვრობდა, ამშვენებდა წარწერა: „პრინცი ლორთქიფანიძე“

1902 წელს ნიკო ლორთქიფანიძე ავსტრიაში გაემგზავრა და სწავლა იქ განაგრძო. 1907 წელს ნიკო ლორთქიფანიძე, ისე რომ სასწავლებელი არ დაუმთავრებია, თბილისში დაბრუნდა.

მანამდე მწერალი ვლადიკავკაზში გაემგზავრა. აქვე სწავლობდა მისი ძმა იასონი. ნიკომ გიმნაზიის სრული კურსი დაამთავრა და ხარკოვის უნივერსიტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე შევიდა. მოკლე ხანში კი იურიდიულზე გადავიდა. თუმცა უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია – სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო იგი სასწავლებლიდან გარიცხეს.

3. მწერალმა ორჯერ მიიღო დუელში მონაწილეობა და ორივე მისი გამარჯვებით დასრულდა

ავსტრიაში ყოფნის პერიოდში ნიკო ლორთქიფანიძეს ერთი ლექტორი, შეურაცხმყოფელი გამოხტომის გამო, დუელში გამოუწვევია. დუელი „ქართველი პრინცის“ გამარჯვებით დასრულებულა.

მეორედ დუელში ჩაბმა ნიკო ლორთქიფანიძეს მოუხდა რუს ოფიცერთან, რომელმაც ქართველები მასხრად აიგდო.

4. მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს

მათ შორის არის „მრისხანე ბატონი“ (1912), „ჟამთა სიავე“ (1920), „რაინდები“ (1924), „ქედუხრელნი“ (1946). მწერალი მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია.

5. ნიკო ლორთქიფანიძე დაახლოებული იყო ისეთ საზოგადო მოღვაწეებთან, როგორიცაა: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, კონსტანტინე გამსახურდია და სხვები.

1912-25 წლებში ნიკო ლორთქიფანიძე ქუთაისში ცხოვრობდა, სადაც საადგილმამულო ბანკში დამფინანსებლად მოეწყო და აქვე დაოჯახდა. ქუთაისში ყოფნის დროს ნიკო ლორთქიფანიძე არაერთ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს დაუახლოვდა: ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, კოლაუ ნადირაძეს, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვებს.

თვალი ადევნეთ სიახლეებს „პალიტრა L-ის“ ფეისბუქ გვერდზე და კიდევ ერთხელ გაეცანით დიდი ქართველი მწერლის შემოქმედებას.

R