ნინო საბაშვილი პარასპორტის ორი სახეობის, წოლჭიმისა და მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონია, ასევე პრიზიორი. უკვე 40-მდე სხვადასხვა სინჯის მედალი აქვს. პირველი მედალი 2016 წელს მოიპოვა. არის საქართველოს ნაკრების წევრი და ბევრისთვის თავისი ცხოვრების სტილით სამაგალითო ადამიანია.
ცხოვრებაში გადატანილი დიდი განსაცდელის მიუხედავად ხელი არასოდეს ჩაუქნევია, მაშინაც კი, როცა მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნა. პირიქით, ოპტიმიზმმა და დიდმა შემართებამ ის ტიტულიან სპორტსმენად აქცია. ნინო საბაშვილი AMBEBI.GE-ს თავის ტკივილიანი და წარმატებული ცხოვრების შესახებ უყვება.
- ბავშვობა ჩვეულებრივი მქონდა, თუმცა ტერფის გამრუდება მქონდა, რაც დიდად არ მაწუხებდა. 2001 წელს ოპერაცია გავიკეთე. შედეგად კი ორივე ფეხზე ნერვი დამიზიანდა. ერთზე - 90% -ით და მეორეზე - 75 %-ით. ასევე დაზიანებული მაქვს საყრდენი ძვალი. როგორც მერე დადგინდა, ეს ყველაფერი არასწორი ოპერაციის დამსახურებაა... უკვე 23 წელია, რაც ეტლით მოსარგებლე ვარ. მანამდე ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, სკოლაში დავდიოდი...
- ოპერაცია რატომ გადაწყვიტეთ?
- აუცილებელი არ იყო, არც ტკივილი მაწუხებდა. უბრალოდ ახალი ჩამოსული იყო საქართველოში ერთ-ერთი ტრავმატოლოგი, რომელსაც დიდი რეკლამა უკეთდებოდა და ჩემმა ნათესავებმა მირჩიეს მასთან საკონსულტაციოდ მივსულიყავი. მივედი. ექიმმა ჩემი მდგომარეობა შეაფასა და მითხრა, 100%-იან გარანტიას მოგცემ, გაგიკეთებ ოპერაციას და დეფექტს გამოვასწორებთო. კარგი სპეციალისტია, მისი „აწყობილი“ ადამიანები მანამდე მეც ვნახე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რატომღაც შეცდომა მოუვიდა. მე არ ვუჩივლე, ეს არ მოვიწადინე, რასაც აღარ ეშველება, იმას არ უნდა ჩაჰყვე და თავი დავანებე.

- ე.ი. მდგომარეობა გამოსწორებას არ ექვემდებარება?
- არა. თვითონ კი მითხრა, რომ ოპერაციას თავიდან გამიკეთებდა, მაგრამ აღარ გავრისკე. მეუბნებოდა, რომ ზარმაცი ხარ, შენი ბრალია, რომ ვერ დადიხარ, სავარჯიშოებს, მასაჟებს არ აკეთებ. არადა, ყველაფერს ვიკეთებდი, რაც საჭირო იყო...
თავიდან მითხრა, რომ ოპერაციის შემდეგ აპარატი უნდა დაედგა, მაგრამ ნარკოზიდან რომ გამოვედი, ორივე ფეხზე აპარატის ნაცვლად მუხლ ზემოთ თაბაშირი მედო. ჩემებმა რომ ჰკითხეს, რატომ თაბაშირიო? გოგოა, მოკლე კაბას ვეღარ ჩაიცვამდა, იარა გამოჩნდებოდაო. როგორც გაირკვა, ჩემი ოპერაცია მის პრაქტიკაში პირველი იყო, ანუ მისთვის საექსპერიმენტო პაციენტი აღმოვჩნდი.
იმ ყველაფერში 500 დოლარი გადავიხადეთ, ეს იმ დროისთვის საკმაო თანხა იყო. ამის გარდა დიდი თანხა მკურნალობის კურსს, შეხვევას და უამრავ რამეს დასჭირდა. დიდძალი თანხა დაიხარჯა. ჩემებმა ყველაფერი გაყიდეს იმისთვის, რომ გადავერჩინე. ოპერაციის მერე არასწორად ჩატარებული რაღაცების გამო სეფსისიც დამემართა. ფაქტობრივად, ლოგინადაც ჩავვარდი... ჩემი გადარჩენის ერთი პროცენტი აღარ იყო. ქარელში არის ექიმი ლევან კობახიძე, მაშინ დამწყები იყო, რომელმაც თავის თავზე აიღო და გადამარჩინა. ის, რომ დღეს ცოცხალი ვარ, მისი დამსახურებაა.

- ექიმს, რომელმაც ოპერაცია გაგიკეთათ, აპატიეთ?
- ვაპატიე... არ არის ცუდი ადამიანი...
- მოკლედ ბევრი მკურნალობის, ექიმების მცდელობის მიუხედავად, ის შედეგი ვერ მიიღეთ, რასაც ელოდით. ამიტომ ეტლში ჩაჯდომა გარდაუვალი გახდა, ხომ?
- საბოლოოდ როცა გაირკვა, რომ ნერვი აღარ აღდგებოდა, ერთ ექიმთან ვიყავი, რომელმაც მითხრა, რომ ნერვის აღდგენა გარკვეულწილად შესაძლებელი იყო, თუმცა მაინც არ მირჩია ოპერაცია, - მოსალოდნელია, ხელზეც გადავიდესო. 50/50-ზე იყო მისი პასუხი.
საერთოდ ყველა ექიმი პასუხისმგებელია მის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე, შედეგზე კი - ვეღარ, რადგან შედეგი სხვა რაღაცებზეა დამოკიდებული. თვითონ ორგანიზმზე, სხვადასხვა გარემოებაზე... ბოლოს ოჯახმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, ეტლში ჩავმჯდარიყავი, რადგან მათ წლების მანძილზე ხელით დავყავდი.
- ეტლში გადასვლამ, როგორც ვიცი, თქვენი გააქტიურება მოიტანა, კარგად ადაპტირდით, მომხდარი ამბებიც სხვაგვარად გადააფასეთ...
- 2005 წელს ქარელში კარგმა ქალბატონმა თინა ბრეგვაძემ მითხრა, რომ შშმ პირებთან თვითშეფასების ამაღლების კუთხით და უამრავი საინტერესო თემაზე ტრენინგს ატარებდნენ, სადაც მიმიწვიეს. დავთანხმდი, შეხვედრაზე წავედი, სადაც ბევრი შშმ პირი ერთად ვნახე. მათგან გოგო მხოლოდ მე იყავი, სულ ბიჭები იყვნენ. მეორე შეხვედრაზეც წავედი, რადგან იქ მეგობრები გავიჩინე. მოკლედ, ყველა ტრენინგს აქტიურად ვესწრებოდი. მერე ქალბატონმა თინამ მითხრა, რომ ქარელში ცენტრის გახსნას ვაპირებ, თუ გავხსენი, აუცილებლად დაგასაქმებ, რადგან ძალიან ყოჩაღი ხარო. მაგ დროისთვის ვქსოვდი, ვქარგავდი, ბისერებს ვაწყობდი, ხელსაქმით ვიყავი დაკავებული. ქარელში აღნიშნული ცენტრი რომ გაიხსნა, იქ მუშაობა შემომთავაზეს. ბავშვებს ქსოვას, ქარგვას, ხელსაქმეს ვასწავლიდი - ხელოვნების პედაგოგი ვიყავი. ასე რომ, წლების განმავლობაში შშმ პირებთან ვიმუშავე და დღემდე ვმუშაობ, მაგრამ დღეს უკვე, როგორც სპორტის პედაგოგი.

- სპორტში როგორ გადმოინაცვლეთ?
- 2015 წლის 3 დეკემბერს სპორტული ღონისძიებები ტარდება ხოლმე, რადგან 3 დეკემბერი შშმ პირების საერთაშორისო დაცვის დღეა. ერთ-ერთ სპორტულ ღონისძიებაზე წავიყვანე ჩემი მოსწავლეები. ადგილზე რომ მივედი, ამა თუ იმ ასპარეზობისთვის ასაკი შეზღუდული არ იყო და მონაწილეობა შემეძლო. მეც ჩავერთე. ერთ-ერთი იყო მკლავჭიდი. ბავშვობიდან მიყვარდა მკლავჭიდი და მოყვარულის დონეზე ვიყავი ჩართული.
მოკლედ მთავარმა მწვრთნელმა არსენ შოშიაშვილმა მითხრა, რომ არავინ გვყავს ეტლით მოსარგებლე გოგო და თუ სურვილი გექნება, ასევე შესაბამისი მონაცემები, შემიძლია ხელი მოგკიდო, გავარჯიშო და შეჯიბრზე წაგიყვანოო. ძალიან გამიხარდა... იმ დღესვე პირველი ადგილი დავიკავე და ბევრი კონკურენტი გამომიჩნდა. მოვინდომე, ვიბრძოლე და ნაკრებში ამიყვანეს. ვარჯიშიდან 5 თვეში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სახელით ვიყავი და ორივე ხელში (მარჯვენა, მარცხენა) ვიცე ჩემპიონი გავხდი. დღემდე ვარ მკლავჭიდის ნაკრების წევრი. საქართველოს ნაკრების წევრი. მერე დროთა განმავლობაში პარაოლიმპიელების ნაკრებს შევუერთდი, იქაც შედეგები მაქვს.
- თქვენი განვლილი ცხოვრებიდან რა დასკვნები გამოიტანეთ?
- რა თქმა უნდა, ყველაფერი ღმერთის ნებაა. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი უნდა გამევლო, რომ აქამდე მოვსულიყავი. რაც არ გკლავს, გაძლიერებს... ადამიანი ირჩევ, ან უნდა იბრძოლო, იშრომო, ეცადო, ან დეპრესიაში ჩავარდე. დეპრესიული ადამიანი არ ვარ და სხვასაც არ ვურჩევ ამას. დეპრესიაში არასოდეს ვყოფილვარ. სულ ვიბრძოდი თუნდაც დაავადებაზე, სიკვდილზე რომ გამემარჯვა. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორი ოჯახის წევრები გყავს, როგორ გარემოში ხარ. ჩემები ხელს ყველანაირად მიწყობდნენ და მამხნევებდნენ.

- შშმ პირები ხშირად საყვედურს გამოთქვამენ, რომ გარემო მათთვის შესაბამისად ადაპტირებული არ არის.
- მე უფრო ტაქსით დავდივარ, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ქარელი პატარა ქალაქია, აქ ყველა ყველას იცნობს და გადაადგილებაში ხალხი, მეგობრები მეხმარებიან. შეიძლება არც ითხოვო დამეხმარონ. დამინახავენ თუ არა, მაშინვე მოდიან. პანდუსებიც გვაქვს. მინდა, ყველა შშმ პირს მხნეობისკენ და ბრძოლისკენ მოვუწოდო. დანებება არ შეიძლება.
- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით.
- 20 ივნისიდან მსოფლიო თასი იწყება. ვემზადები ამისთვის, რომ შეჯიბრზე მონაწილეობა მივიღო, ასევე აგვისტოში მსოფლიო ჩემპიონატია მკლავჭიდში, შესაბამისად ორივე ფრონტზე ვიბრძოლებ.
ნინო საბაშვილის სპორტული მიღწევები:
საქართველოს ორგზის ჩემპიონი მკლავჭიდში; 4 გზის მსოფლიო პრიზიორი, სამგზის ვიცე ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი; ძალოსნობაში მსოფლიო თასის 5 გზის პრიზიორი, 5 გზის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო თასის ჩემპიონი, ევროპის პრიზიორი.
პირველი ეტლით მოთხილამურე და საქართველოს ჩემპიონი, პირველი მკლავჭიდელი ეტლით მოსარგებლე ქალი, გოლფში საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი ბოულინგში.
მთავარი ფოტო: გოგა ჩანადირი