ავტორი:

"მე და ჩემი ცოლი ბევრჯერ ავირიეთ, ახლა საბოლოოდ... რაც შეეხება შვილებს, გოგო ევროპაში სწავლობდა, ბიჭმა სკოლა ახლა დაამთავრა" - ლევან ყოჩიაშვილი ოჯახსა და შემოქმედებით პაუზაზე

"მე და ჩემი ცოლი ბევრჯერ ავირიეთ, ახლა საბოლოოდ... რაც შეეხება შვილებს, გოგო ევროპაში სწავლობდა, ბიჭმა სკოლა ახლა დაამთავრა" - ლევან ყოჩიაშვილი ოჯახსა და შემოქმედებით პაუზაზე

ცნობილი სერიალის დამსახურებით, ძალიან პოპულარული ადამიანი გახდა. 12 წელის განმავლობაში მაყურებლის საყვარელი პერსონაჟი აღმოჩნდა. მთავარი გმირია და სერიალს სწორედ მისი ფრაზა - "ჩემი ცოლის დაქალები" ჰქვია... ლევან ყოჩიაშვილს, იგივე დათოს, "დაქალებში" სხვა მსახიობებთან ერთად, ტელეეკრანზე გამოჩენა და საყვარელი როლის თამაში დროებით აღარ უწევს. ფინანსური პრობლემების გამო, ტელეკომპანია "ფორმულამ" "დაქალებთან" ერთად, რამდენიმე პროექტი დახურა, თუ შეაჩერა.

შემოქმედებითი პაუზის დროს რაზე დაფიქრდა მსახიობი და რა როგორ გადააფასა, ამაზე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ლევან ყოჩიაშვილი ისაუბრებს:

- როცა უკვე სერიალი "წავიდა", სეზონები დაემატა, წლებიც გავიდა. სცენარი ყოველთვის ისეთი მოქნილი იყო (ქეთი დევდარიანი სულ ახალ თავგადასავლებს გვთავაზობდა), მოდუნების საშუალებაც არ გვქონდა და მუდმივად საინტერესო იყო. ამბები იცვლებოდა. ამასთან მაყურებლის დიდი გულშემატკივრობა, მხარდაჭერა, მათი მოლოდინი ჩვენზე მოქმედებდა. ძალას გვაძლევდა, რაც შემოქმედებაზე ცხადია, აისახებოდა. ამის ფონზე პროექტი სახალხოდ იქცა. ჩვენც მივყვებოდით იმ შეთანხმებას, რომ ყოფილიყო გასაგები, შინაურული, ბუნებრივის გარდა სანახაობრივი. ადამიანებს მისი ყურების სურვილი უნდა ჰქონოდა, რაც ამდენი წლის განმავლობაში მოხერხდა. 19 სეზონი და 12 წელი სერიალისთვის დიდი დროა.

- ახლა პროექტს რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

- ასე იყო სულ - ცხოვრებაში რაიმე ეპიზოდი თუ სიტუაცია მომეწონებოდა, ვფიქრობდი, სერიალზე მუშაობისას ის როგორ გამომადგებოდა. სერიალმა ბევრი დრო წაიღო, ჩვენი ცხოვრება მოიცვა, ცხოვრების ნაწილი გახდა. ამასობაში დაიზარდნენ ჩვენი თუ სხვისი შვილებიც... მიუხედავად ყველაფრისა, ყოველ გადაღებაზე მაინც ვნერვიულობდი, მანამდე სცენარს ველოდებოდი, რომ წამეკითხა. ამასთან, სერიალზე არაჩვეულებრივი მსახიობები მუშაობდნენ, რომლებიც ერთმანეთთან თავიდანვე შეთამაშდნენ. ანა ტყებუჩავაზე აღარაფერს ვამბობ, მართლაც ერთმანეთის ნაწილებად ვიქეცით. როცა რაღაც ამდენ ხანს ასე გრძელდება და ორივე მხარე ერთმანეთისთვის არ არის, არაფერი გამოვა. ჩვენ ერთმანეთს არ შევეჩვიეთ, არც გავთამამდით და არც სერიალის პოპულარობამ არ მოგვადუნა.

- ისე მოხდა, რომ თქვენი პერსონაჟის სახელით ახლა მეც კი მოგმართეთ...

- მაგას ვერაფერს ვუზამთ. ძალიანაც მიხარია. ასე რომ არ ყოფილიყო, საწყენი ეს იქნებოდა. ეს სერიალი ადამიანების ოჯახებში ისე შევიდა, იმდენად გულთან მიიტანეს, რომ ბევრს ნამდვილი ეგონა. ერთმა მკითხა, სადაური გოცირიძეები ხართო? მას ასე სჯერა და რა უნდა უპასუხო?! კბილის ექიმის ისტორიის დროს ერთი ამბავი ატყდა, მაგრამ სერიალი ადამიანების გულებსა და სულებში შევიდა და გულშემატკივრობაც ეს არის.

მამასთან ერთად

- ე.ი. რაჭველებმა თავისად მიგიჩნიეს. თქვენს რეგიონში, დედოფლისწყაროში რას ამბობდნენ?

- იქ, სადაც გავიზარდე, სკოლა დავამთავრე, საიდანაც თბილისში წავედი, ჩემით ძალიან ამაყობენ. დედოფლისწყაროში საპატიო მოქალაქედ დამასახელეს. სასიამოვნოა, როცა ადამიანებს იმედებს გაუმართლებ. ეს შენი საქმის უკეთესად გაკეთებისთვის ძალას გაძლევს.

- სერიალის მთავარ პერსონაჟობას გამართლებად მიიჩნევთ, ანუ იმას, რომ ამ როლზე თქვენ დაგამტკიცეს?

- რა თქმა უნდა, რომ ამ ყველაფერს სავარძლიდან არ ვუყურე და იქ ვიყავი. ეს რომ არ ყოფილიყო, გული ძალიან დამწყდებოდა. ვფიქრობ, დიდი დრო დასჭირდება, შეიქმნას (რა თქმა უნდა, შეიქმნება), ასეთი ხარისხით და ასეთი სიყვარულით რაიმე ახალი პროექტი, რომ სახალხო სერიალად იქცა. მართლა გამართლება და ბედნიერებაა, რომ ასეთ პროექტში მოხვდები, - იქ ხომ მუშაობ, ვითარდები და სწავლობ. "დაქალებს" არავისზე ნაკლები არტისტები არ თამაშობენ. აქ ვინც იმუშავა, დიდი გამოცდილება დააგროვა. პროექტი უცბად, იმ წუთში აქ და ახლა კეთდებოდა. ამას კიდევ სხვა მობილიზაცია, კონცენტრაცია გამოცდილება სჭირდება.

- როცა "თეატრალურში" სწავლობდით, სამომავლოდ რას ფიქრობდით, რის გაკეთება გინდოდათ?

- ასეთი ხუმრობა იყო, რომ სახალხო არტისტებად აბარებენ, მეორე კურსზე დამსახურებული არტისტები არიან და მესამე კურსზე - უბრალოდ მსახიობები არიან, მეხუთე კურსზე კი ხვდებიან, რომ ყველაფერი მხოლოდ იწყება. ალბათ, ყველა მაგაზე ფიქრობს, რომ ცნობილ გახდეს, პროფესია რაღაც ხარისხში მოიყვანოს. პასუხისმგებლობა აიღოს, რომ აკეთოს რაღაც კარგად. საშუალო ვერ იქნები, ამ პროფესიას ეს ახლავს. თუმცა თავიდან ვერ იგებ, ვინ რისი გამკეთებელია, ეს მერე მოდის. ჩემ შემთხვევაში მეტ-ნაკლებად რაღაცნაირად გამოვიდა.

- პროფესიულად გული რამეზე გწყდებათ?

- სერიალმა ბევრი დრო წაიღო, ბევრ რამეზე მაქვს უარი ნათქვამი, მათ შორის, თეატრზეც. "დაქალები" რომ დავიწყეთ, სერიალების გახმოვანებიდან ავდექი, დიდი დრო მიჰქონდა, შვილებიც პატარები იყვნენ. მაშინ არც ამდენი მსახიობი იყო სერიალში, ცოტანი ვიყავით, - მე და ანა ლამის იქ ვცხოვრობდით. ერთი 4 წელი ასე იყო. საბოლოოდ სერიალის სახით ისეთი რამ გაკეთდა, რომ გული არაფერზე მწყდება.

- გარდა თქვენი პროფესიონალიზმისა და არტისტიზმისა, ხმითაც გამოირჩევით. სახასიათო ხმა გაქვთ და შესაბამისად არხის ხმაც ხართ...

- ოჯახში კაცებს - მამას, ჩემს ძმებს, მე გენეტიკურად გვაქვს კარგი ხმა. ჩემი ხმა რაღაცნაირად ლირიკული ბარიტონია, ცოტა ხრინწით. მერე ხომ სწავლობ რაღაცებს და ამიტომ ეს მაინც უკვე დაყენებული ხმაა. ჩვეულებრივი ადამიანებივით არ ვლაპარაკობთ. მაინც გამოთქმით, ბგერები უნდა გაიხსნას. ეს ყველაფერი გახმოვანების დროსაც მუშავდება. მერე დრო, ასაკი, სიგარეტიც მოქმედებს... ჩემი მეტყველებს პედაგოგები იყვნენ ციცინო კობიაშვილი, ზინა კვერენჩხილაძე და მესამე კურსზე მხატვრულ კითხვას - მურმან ჯინორია მასწავლიდა.

დედასთან ერთად

- თავისუფალ დროს რის კეთება გიყვართ?

- თავისუფალი დრო ნაკლებად მქონდა და მაქვს. სულ რაღაც საქმეს ვაკეთებ. ალბათ აქ, ჩემთან დედოფლისწყაროში მშობლებთან მიყვარს ყოფნა, ახლაც აქ ვარ. ბავშვობიდან მტრედები მიყვარდა და მტრედები ისევ მყავს, მსიამოვნებს მათი ღუღუნი...

- ეკრანული შვილების გაზრდაში შეიძლება ითქვას, რომ წვლილი თქვენც მიგიძღვით. ქეთა ორბელაძე 4 წლის ასაკში გაიცანით და ახლა უკვე სკოლა დაამთავრა და აბიტურიენტია...

- კი, მე და ანას წვლილი მართლაც მიგვიძღვის, ჩვენთან დიდ დროს ატარებდნენ. ქეთა უკვე სერიალის მსახიობი იყო, სკოლაში რომ პირველად შევიდა. ანამ ბევრი იმუშავა ჯგუფთან ერთად, ტექსტთან მუშაობაზე ამეცადინებდა. დიდი შრომა მიუძღვის მათ სერიალში ფეხის ადგმაში. ეს ბავშვები არაჩვეულებრივები არიან. გიორგი (ჯეკო) უცბად გამორჩეულად კარგი ახალგაზრდა კაცი დადგა. ორივე ძალიან მიყვარს. თითოეული ჩემი ნაწილია, სულ მინდა ვაქო, ვეფერო. მათზე სულ ვღელავ და მათი ამბები მაინტერესებს. ორივეს წინსვლას ვუსურვებ.

- თქვენს შვილებზეც მოგვიყევით. ვიცი, რომ ბიჭმაც სკოლა წელს დაამთავრა. სოციალურ ქსელში შვილების წარმატებაზე წერთ ხოლმე...

- კი, მართლა კარგები არიან. კესუნა უკვე დიდია, 25 წლის არის. კარგი შვილია და საკმაოდ ჭკვიანი, რაც ძალიან მიხარია. სკოლა მედალზე დაამთავრა, მერე ჯიპაში საერთაშორისო სამართალზე ჩააბარა და წარმატებით დაამთავრა. მაგისტრატურა საჯარო მართვაში გაიარა, მაგისტრატურის ბოლო კურსი ევროპაში დაამთავრა, პოლონეთის უნივერსიტეტში. წიგნიერი ადამიანია, მითითება არასდროს არაფერზე სჭირდებოდა. იცოდა, რა უნდოდა, რისკენ მიდიოდა, რომ ამას შრომა უნდოდა. ვასიკოს, ჩემს ბიჭს, მისი სახით კარგი მაგალითი ჰქონდა. ვასიკოს მამაჩემის სახელი ჰქვია. სანდო კაცია, რაღაცნაირი წესიერი, სასიამოვნო, ვარჯიშობს, სწავლობს. ვნახოთ ახლა, რა იქნება, გამოცდები გვაქვს წინ. 12 ივნისს ბანკეტი ჰქონდა. კესოსთან ერთად ბიზნესის ადმინისტრირება აირჩია.

- ე.ი. მსახიობობა არც ერთმა გადაწყვიტა, ხომ?

- არა. ვასიკო ჩვენებს გადაღებული ჰყავთ "დაქალებში". 2 სერიაში ითამაშა, მგონი, მეცხრე სეზონზე. პატარა იყო, ცხოველების ისტორიაში მონაწილეობდა, ქუჩის ძაღლებს რომ უვლიდნენ. მერე, რაღაც დროის შემდეგ ისევ დაუძახეს, უარი მითხრა. არ წამოვიდა. მოკლედ, მსახიობობა არც ერთს არ ნდომებია.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან?

- მე და კესუნა ერთად გავიზარდეთ. 20 წლის ვიყავი, რომ გაჩნდა. თანატოლებივით ვართ. მასა და ვასიკოს შორის სხვაობა 9 წელია. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ძმაკაცები ვართ. ჩემში სიმკაცრეები და რაღაც ასეთი არ ახსოვთ. თან ეს მათ არც სჭირდებათ გენეტიკურად ნორმალურები არიან. თუ რაღაც რჩევას მივცემ და მათაც მოუსმენ - ასეთი ურთიერთობა გვაქვს. დიდი ჯაჯგური და ჭიდაობა არასდროს გვქონია.

- ორი დღის წინ „ნიკოლოზის კითხვების“ მორიგი გადაცემის ანონსი დაიდო, სადაც სტუმარი თქვენ ხართ. ანონსში არის ეპიზოდი, სადაც საუბრობთ ცოლთან დაშორებაზე. ეს ეპიზოდი მთელმა ინტერნეტ-პორტალებმა აიტაცეს...

- კი, მეც ვნახე, მაგრამ პრომოსთვის ინტერვიუს ერთ-ერთი ეპიზოდია აღებული. ამასთან, ეს არ არის ახალი ამბავი. ხომ გეუბნებით, ის ეპიზოდი ანონსისთვის არის, თორემ გადაცემაში ბავშვობიდან დაწყებული დღევანდლამდე იმდენ რაღაცაზე ვლაპარაკობთ. მედიის ასეთი გაოცება გამიკვირდა, რადგან ძველი ამბავია. ხომ ნახეთ, ფოტოებიც, ძველია და ადრინდელი. წელიწადზე მეტია, რაც ოჯახიდან წამოსული ვარ. ბევრჯერ ავირიეთ, მაგრამ ახლა საბოლოოდ. მთელმა ქვეყანამ იცის ეს, დედოფლისწყაროში მარტო 36.000 კაცი ცხოვრობს. ერთმანეთს მშვიდობიანად დავცილდით. მერე ხალხი რაღაცებს წერდა, ყველა კომენტარი არ წამიკითხავს... იქვე იმავე პრომოში ვამბობ, "არ მჯეროდა, მსახიობები რომ ამბობდნენ, რასაც ვთამაშობთ, ის გვემართება, მეგონა, იპრანჭებოდნენ"... ოღონდ, ამას ვამბობ ძველ ამბავზე, დაახლოებით 7 წლის წინანდელზე, მაგრამ ანონსი ანონსია...

წაიკითხეთ ასევე: