ავტორი:

უკრაინა რუსული ხომალდების განადგურებას განაგრძობს - "რუსეთი შავი ზღვის ფლოტს, როგორც აქტიურ ელემენტს, ვეღარ იყენებს"

უკრაინა რუსული ხომალდების განადგურებას განაგრძობს - "რუსეთი შავი ზღვის ფლოტს, როგორც აქტიურ ელემენტს, ვეღარ იყენებს"

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი თითქმის ყოველთვე კარგავს საბრძოლო ხომალდებსა და კატარღებს. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად განადგურდა ან დაზიანდა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ათზე მეტი გემი, მათ შორის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე დიდი სამხედრო ხომალდი ჩაძირეს, ზოგიც მწყობრიდანაა გამოსული და რემონტს საჭიროებს. ბოლო მონაცემებით, უკრაინელებმა 12 დიდი ხომალდიდან ჩაძირეს სამი, ორი ითვლება დაზიანებულად და საკითხავია, რამდენად შეძლებენ მათ აღდგენას. როგორც სამხედრო საქმის სპეციალისტები ამბობენ, დღესდღეობით, შავი ზღვის ფლოტი, როგორც ასეთი, რუსეთისთვის აქტიური ელემენტი აღარ არის.

  • რუსეთის ჩაძირული ხომალდები არასრული ჩამონათვალი:

2022 წლის 24 მარტს ბერდიანსკის პორტში, დიდი სადესანტო ხომალდ"სარატოვიდან“ საბრძოლო მასალების გადმოტვირთვისას მოხდა აფეთქება. ერთი ვერსიით, მიზეზი უკრაინული რაკეტა იყო.

2022 წლის 13 აპრილს საღამოს შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს კრეისერ "მოსკვას“ უკრაინელთა "ნეპტუნის“ ტიპის ორმა ფრთოსანმა რაკეტამ მძიმე დაზიანებები მიაყენა. რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებით, ხომალდზე ხანძარი გაჩნდა, რასაც საბრძოლო მასალების დეტონაცია მოჰყვა და სევასტოპოლისკენ ბუქსირების დროს ხომალდი 14 აპრილს ჩაიძირა. ოფიციალური ინფორმაციით, 1 მეზღვაური დაიღუპა, 27 უკვალოდ დაკარგულია და 396 გადარჩა.

2023 წლის 26 დეკემბერს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ფეოდოსიაში "ჰაერი - ხმელეთის“ კლასის Storm Shadow ტიპის ფრთოსანი რაკეტებით მძიმედ დააზიანეს დიდი სადესანტო ხომალდი "ნოვოჩერკასკი“.

ამ ტიპის ხომალდებს ერთ რეისზე 460 ტონამდე სამხედრო ტვირთისა და 300 ადამიანის გადაყვანა შეუძლიათ. არაოფიციალური მონაცემებით, მაშინ შესაძლოა 30-ზე მეტი მეზღვაური დაღუპულიყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღიარეს გემზე დარტყმა. რუსეთის სამხედროთა შორის დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სატელიტური ფოტოები და თვითმხილველთა მონათხრობი მოწმობს, რომ გემი ფაქტობრივად განადგურდა.

2023 წლის 4 აგვისტოს ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაში უკრაინულმა საზღვაო დრონმა დიდ სადესანტო ხომალდ "ოლენოგორსკი გორნიაკს“ მარცხენა ბორტი შეუნგრია. მარცხენა ბორტით დაფერდებული ხომალდი ბუქსირმა სარემონტოდ ნოვოროსიისკის საზღვაო ქარხანაში გადაიყვანა.

2023 წლის 13 სექტემბერს, სამხედრო-საჰაერო ძალებმა "ჰაერი-ზედაპირის“ კლასის Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტებით სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის მშრალ დოკში მძიმედ დააზიანეს დიდი სადესანტო ხომალდი "მინსკი“ და წყალქვეშა ნავი "როსტოვ-ნა-დონუ“ (Б-237). "მინსკის“ აღდგენას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს ან საერთოდ ჩამოიწეროს.

2024 წლის 1-ელ თებერვლის ღამეს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ჩატარებულ სპეცოპერაციას კორვეტის კლასის პატარა სარაკეტო ხომალდი "ივანოვეცი“ შეეწირა.

2024 წლის 14 თებერვალს დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან უკრაინელებმა საზღვაო დრონებით მძიმე დაზიანებები მიაყენეს რიგით მეხუთე დიდ სადესანტო ხომალდ "ცეზარ კუნიკოვს“, რომელიც შემდგომ ჩაიძირა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, დრონებით დარტყმის შედეგად გაიხვრიტა გემის მარცხენა ბორტი და "ცეზარ კუნიკოვმა“ ჩაძირვა დაიწყო. დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, "ოკუპანტების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია წარუმატებელი" აღმოჩნდა.

2024 წლის თებერვალში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინული წარმოების ე.წ. დამრტყმელი საზღვაო დრონებით(Magura V5) გაანადგურეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი "ცეზარ კუნიკოვი“.

2024 წლის 5 მარტს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 5 მარტს გამოაცხადა, რომ საზღვაო დრონებით(Magura V5) ქერჩის სრუტესთან დაარტყეს რუსულ საპატრულო გემს, "სერგეი კოტოვს", რომელიც განადგურდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა "სერგეი კოტოვზე“ იერიში მიიტანეს 2023 წლის სექტემბერშიც. სამხედრო დაზვერვამ მაშინ განაცხადა, რომ გემი დაზიანებული იყო.

ომის წინ რუსებს შავ ზღვაში სულ 12 დიდი სადესანტო ხომალდი ჰყავდათ - 6 შავი ზღვის, 3 ბალტიისა და ამდენივე ჩრდილოეთის ფლოტებიდან. დიდი სადესანტო ხომალდებიდან დარჩენილი "ნიკოლაი ფილჩენკოვი“ (დაცურავს 1975 წლის დეკემბრიდან) და "ორსკი“ (დაცურავს 1968 წლის დეკემბრიდან) იმდენად ასაკოვანი ხომალდებია, რომ მათი გამართულობა ეჭვს ბადებს.

  • ცნობისათვის: 2008 წლის აგვისტოში დიდმა სადესანტო ხომალდებმა "სარატოვმა“ და "ცეზარ კუნიკოვმა“ ოჩამჩირესთან 108-ე სადესანტო-საპარაშუტო პოლკის 500-ზე მეტი მედესანტე და ტექნიკის ასამდე ერთეული გადმოსხეს.

თემურ ჩაჩანიძე, სამხედრო მიმომხილველი და სამხედრო ფლოტების ისტორიის მკვლევარი:

"რუსეთს ორი კატეგორიის სადესანტო საშუალებები ჰყავს: დიდი სადესანტო ხომალდი, სადღაც 4-5-6 ათასი ტონის შეიძლება იყოს, ვინაიდან მან რამდენიმე ასეული მედესანტე უნდა გადაიყვანოს, ამასთანავე, ტექნიკის ან არტილერიის რაღაც რაოდენობა გადაზიდოს. გარდა ამისა, არის კიდევ პატარა სადესანტო კატარღები, რომლებიც უფრო მცირე რაოდენობის მედესანტეებს იტევს და შეიძლება მასზე ტექნიკის 1 ან 2 ერთეული დაეტიოს (ზომებიდან გამომდინარე). დიდი რუსული სადესანტო ხომალდები შავ ზღვაში სადღაც 6-7 ერთეული იყო, გარდა ამისა, ომის წინ რუსებმა ბალტიის ფლოტიდან და ჩრდილოეთის ფლოტიდან კიდევ 6 დიდი სადესანტო ხომალდი შემოიყვანეს, ანუ ჯამში მათ სადღაც 12-მდე დიდი სადესანტო ხომალდი ჰყავდათ, რომელთაც შეეძლოთ სადღაც 4500-მდე მედესანტის გადაყვანა, პლუს ჯავშანტექნიკის 250-მდე ერთეულის ან რამდენიმე ასეული საავტომობილო ტექნიკის ერთეულის გადატანა. ჯავშანტექნიკაა ჯავშანტრანსპორტიორები, მსუბუქად დაჯავშნილი სატრანსპორტო საშუალებები (შესაძლოა ბორბლებიანის გარდა, მუხლუხებიანიც, რომლებიც წყალზე დაცურავს). ბოლო მონაცემებით, უკრაინელებმა ამ 12 ხომალდიდან ჩაძირეს სამი, ორი ითვლება დაზიანებულად, რემონტს გადიან და საკითხავია, რამდენად შეძლებენ მათ აღდგენას. რუსული ხომალდების დიდი ნაწილი აშენებულია საბჭოთა პერიოდში, სადღაც, 70-იანი წლების მეორე ნახევარში, პოლონეთში. ამ ხომალდებს აქვთ თავიანთი რესურსი და ასაკის გამო, მათი ნაწილები, აგრეგატები მწყობრიდანაა გამოსული, სჭირდებათ რემონტი, ამის გარეშე ხომალდი ზღვაში ვერ გავა, შეიძლება ჩაიძიროს, ამიტომ შავი ზღვის ფლოტის სადესანტო ხომალდებს შესაბამისად ბრძოლისუნარიანობა დაქვეითებული აქვთ. რუსებს რემონტის საშუალება ძირითადად სევასტოპოლში აქვთ, სევასტოპოლს უკრაინელები ბომბავენ პერიოდულად, ამდენად, ხომალდების რემონტიც გართულებულია - უნდა წამოიყვანონ ნოვოროსიისკში, მანდ გადმოყვანაც ცალკე პრობლემაა, ვინაიდან იქ ძალიან ბევრი ხომალდები ჰყავთ, თითქმის ყველას რემონტი ესაჭიროება და რიგი დგას. ასე რომ, დარჩენილი 7 ხომალდს ბრძოლისუნარიანობა დაქვეითებული აქვს. ყველაზე დიდი, რაც უკრაინელებმა გაუნადგურეს რუსებს, ხომალდები -"სარატოვი“, "ნოვოჩერკასსკი“ და "ცეზარ კუნიკოვია“. არის კიდევ განადგურებული პატარა სარაკეტო ხომალდები, სადესანტო კატერები, რომლებიც კასპიის ზღვიდან გადმოიყვანეს.

რუსეთს შეზღუდული აქვს გემთმშენებლობის რესურსებიც, ისინი დიდ სადესანტო ხომალდებს 10-12 წელი აშენებდნენ (ამერიკელები ბევრად უფრო დიდებს 2-3 წელში აშენებენ) იმიტომ, რომ რუსეთი ამ მხრივ ტექნოლოგიურად ძალზე ჩამორჩენილია. თუმცა ისინი კატარღებს სწრაფად აგებენ, მაგრამ დიდ ხომალდებს დიდხანს უნდებიან, ტექნოლოგია არ აქვთ გამართული, აქვთ ძრავების პრობლემაც... 12 რუსული ხომალდიდან 5, ანუ თითქმის 40% მწყობრიდანაა გამოსული, დარჩენილი 60% ხანდაზმულობის გამო ბრძოლისუნარიანი არაა, სარემონტოა. ერთი სიტყვით, შესამჩნევად არის დაქვეითებული და რაც რუსებს ჰქონდათ ჩაფიქრებული - ოდესასთან დესანტის გადასხმა, ეს უკვე გამოირიცხა, ვინაიდან მას არც ამის რესურსი აქვს, არც შესაძლებლობა. რუსული გემები აღარ არის, უკრაინელებმა შეიძლება 2-3 გემი ისევ ჩაუძირონ, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც უკრაინა შეიარაღებას მიიღებს დასავლეთიდან. ასე რომ, რუსეთი ფლოტს, როგორც აქტიურ ელემენტს, ვეღარ იყენებს. თავიდან დაიწყეს ტრაბახი, უკრაინულ ხორბალს გზას გადავუკეტავთ, არაფერს გავატარებთო, დიდი მუქარები იყო, მაგრამ ახლა უკრაინელები რუმინეთ-ბულგარეთის სანაპირო წყლებში ატარებენ ხორბალს და რუსები ვერაფერს აკეთებენ, ვეღარ რისკავენ, ვინაიდან ისინი ნატოს წევრი ქვეყნებია და თუ ნეიტრალურ წყლებში თავდასხმა მოხდება, ეს ნატოზე თავდასხმას ნიშნავს. რუსებს ერთადერთი, შეუძლიათ ინფრასტრუქტურას დაარტყან, მაგ. ოდესას და დუნაისპირა პორტები დაბომბონ, მათ ერთადერთი, ეს ბარბაროსული მეთოდი აქვთ დარჩენილი. დასავლეთი ეხმარება უკრაინას, რომ პორტები ფუნქციონირებდეს.. დღესდღეობით შავი ზღვის ფლოტი, როგორც ასეთი, რუსეთისთვის აქტიური ელემენტი აღარ არის, ის ძირითადად შებოჭილია ნოვოროსიისკში, რაღაც წვრილმანები - ოჩამჩირეში გადმოიყვანეს და, რაც დარჩენილია, სევასტოპოლშია".