ავტორი:

"სუფრამდე არც მივსულვარ, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მთელმა სუფრამ პროტესტის ნიშნად დატოვა რესტორანი" - რას წერს ნიკა მელია და რას პასუხობს რესტორნის მეპატრონე

"სუფრამდე არც მივსულვარ, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მთელმა სუფრამ პროტესტის ნიშნად დატოვა რესტორანი" - რას წერს ნიკა მელია და რას პასუხობს რესტორნის მეპატრონე

რესტორან "ქვევრში“ მომხდარ ინციდენტზე, პოლიტიკოსი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ვრცელ განმარტებას აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ მომხდარის შესახებ რამდენიმე საათის წინ ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ ობიექტზე შესულ მელიას, დირექტორმა ლაშა ბასლანძემ იქაურობა დაატოვებინა. რა მოხდა რესტორანში ამის შესახებ ორივე მხარე სტატუსების საშუალებით საუბრობს.

ნიკა მელია:

"მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ ესმით "ქოცებს" არა მხოლოდ მომსახურების სფეროში საქმიანობა, არამედ საერთოდ სტუმარ-მასპინძლობა და საერთოდ ქართველობა.

ამბავი იმით დაიწყო, რომ ძალიან კარგ ქართველს შეეძინა შვილიშვილი. დაგეგმა ძეობა, ორი დღით ადრე დაუჯავშნია რესტორანი, დამპატიჟა.

დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე მცირე ხნით მისვლა. მივედი და ეს რესტორანი, "ქვევრი“, აღმოჩნდა "ოცნების“ კარის ბიზნესმენისა და ამავე დროს პოსტივის თანამშრომლის - ვინმე ლაშა ბასლანძის. როგორც გაირკვა, "ქვევრის“ პატრონი ქვევრივითაა - რასაც "ოცნება" ჩასძახებს, იმას ამოგძახებს.

ზუსტად ასე ამომძახა ძეობაზე მისულს - ათკაციანი დაცვით გარშემორტყმული კართან დამხვდა სამარცხვინოდ, გოიმურად და არაკაცურად - არ შემოხვიდეო.

სუფრამდე არც მივსულვარ, რასაც შედეგად მოჰყვა ის რომ მთელმა სუფრამ, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ხალხისგან შედგებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა რესტორანი.

ასეთია "ქოცური" გაგებით, ტრადიციებისა და ოჯახის პატივისცემა. მათთვის სტუმარ-მასპინძლობა მხოლოდ პოზნერისთვის გაწელილი ელარჯი და პარლამენტის სკამში ჩამჯდარი გავრილოვია.

მადლობა ღმერთს ექიმი არაა, თორემ წარმომიდგენია რამდენს გაწირავდა სასიკვდილოდ".

ლაშა ბასლანძე წერს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოწინააღმდეგეების მხრიდან ხშირად იყო შევიწროების ფაქტები. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ პოლიტიკოსისთვის რესტორანში შესვლის უფლება არ მიეცა.

"ბოლო 1 თვის განმავლობაში ამ უსამშობლოებისგან მომრავლებულია "შევიწროების“, "დისკომფორტის შექმნის“ შემთხვევები - ღია ცის ქვეშ, პარკში, თეატრში, შვილების თანდასწრებით და ა.შ.

ერთ-ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი (ალა ლუსულ კანონს ვინც ყვირის და ბოიკოტგამოცხადებული რუსული ბიზნესი რომაა "ქვევრი" მისთვის) მოდის ჩემს საკუთარ ტერიტორიაზე, ჩემს რესტორანში და თვითონვე მეუბნება, რომ იცის ვინც ვარ და რა სიტუაციაცაა იქ, რაც ჩემთვის პირადად ორმაგი სტანდარტის ამბავია - ისედაც საკმაოდ დიდი პრობლემა არამხოლოდ დღევანდელ საქართველოში არამედ მსოფლიოშიც.

ერთი ის იცოდეს ყველამ, "ქვევრი", რომელიც არის ქართული, ოჯახური, ტრადიციული არასოდეს არ უმასპინძლებს ქვეყნის მოღალატეს, ვისაც როგორ გინდათ ისე შეხედეთ ამ ჩემს სიტყვებს.

პრინციპულობა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საჭირო თვისებაა ადამიანისთვის - ნათელი და პირდაპირი მაგალითი პრინციპულობა როგორ განსხვავდება სხვადასხვა ადამიანებში კი გუშინდელი შემთხვევაა - ნიკანორ მელია საკუთარი სურვილით მიბრძანდება კიბეებზე მათი თქმით "რუსულ ბიზნესში, რუსულ რესტორანში“ და ნათელია ჩემი დამოკიდებულება, ასევე მათი თქმით, პატარ-პატარა დისკომფორტები ყველა ქვეყნის მოღალატეს უნდა შეექმნას.

ლოგიკურია რომ ეს ადამიანი ჩემს რესტორანში არასოდეს არ იქნება სასურველი სტუმარი და ამას ვინც შეიცხადებს, აუცილებლად ძალით იბრმავებს თავს.

გაუმარჯოს ერთიან საქართველოს, რაც აუცილებლად იქნება ჩვენი მომავალი, ამ პატარა ადამიანების ჩამოშორების შემდეგ".