ავტორი:

რატომ უნდა არსებობდეს ლიტერატურული ჟურნალი და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ საზოგადოებაზე - დალილა გოგია

რატომ უნდა არსებობდეს ლიტერატურული ჟურნალი და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ საზოგადოებაზე - დალილა გოგია

ლიტერატურული ჟურნალი "არილი" ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი გამოცემა იყო, რომელიც ლიტერატურული თემების გაშუქებით გახდა ცნობილი. მისი ისტორია 1990-იან წლებიდან იწყება, როდესაც საქართველო ახალი დამოუკიდებლობის გზაზე დადგა და საზოგადოებაში კულტურული და ინტელექტუალური განახლების მიმართ მოთხოვნილება გაძლიერდა. მწერალთა ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ასოციაცია, რომელიც ჯერ ყოველკვირეული ლიტერატურული გაზეთის ფორმატით გამოდიოდა, წლების განმავლობაში, ყოველთვიურ ლიტერატურულ ჟურნალად ჩამოყალიბდა.

"არილის" მიზანი იყო ქართველი მკითხველისთვის თანამედროვე ქართული და მსოფლიო ლიტერატურის გაცნობა, ახალი ავტორების წახალისება და ლიტერატურული კრიტიკის განვითარება. "არილმა" სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ავტორიტეტი ქართველი ლიტერატორებისა და მკითხველების წრეებში. მისი გვერდები მრავალფეროვან თემებს ეთმობოდა: თანამედროვე პროზასა და პოეზიას, ლიტერატურულ კრიტიკას, ესეებსა და ინტერვიუებს მწერლებთან. ჟურნალი ხშირად აქვეყნებდა უცხოური ლიტერატურის თარგმანებს, რაც ქართველ მკითხველს საშუალებას აძლევდა, გაცნობოდნენ მსოფლიო ლიტერატურის ტენდენციებს.

ჟურნალი "არილი" kvlavac მნიშვნელოვან როლს ასრულებs ახალგაზრდა მწერლების აღმოჩენაში და მათ ხელშეწყობაში.

ლიტერატურული ჟურნალის მნიშვნელობაზე გვესაუბრება მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი, დალილა გოგია

როდის დაიწყეთ ჟურნალ „არილთან“ თანამშრომლობა და რა მნიშვნელობის მატარებელია ლიტერატურული ჟურნალი თქვენთვის, როგორც ლიტერატურათმცოდნისთვის?

- „არილთან“ თანამშრომლობა დავიწყე 2013-2014 წლიდან, მაგრამ მისი კითხვა დავიწყე გამოსვლისთანავე, 1990-იანი წლებიდან. ლიტერატურული ჟურნალები ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაშინაც. საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი ტრადიცია, ლიტერატურული ჟურნალებისა, რაც იმთავითვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. როდესაც საქართველოში არ გამოდის ლიტერატურული ჟურნალები, ირღვევა ქართული ლიტერატურული სისტემა. ლიტერატურული ჟურნალი ასახავს დღევანდელ საქართველოს, დღევანდელ მკითხველს და დღევანდელ მწერალს. ის ერთგვარი სარკეა. ასევე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რედაქტორებსა და კოლექტივს. ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ჩვენთვის მნიშვნელოვან მწერლებს და პოეტებს, როგორიცაა: ოთარ ჭილაძე, ვახტანგ ჯავახაძე და ა.შ. ვკითხულობდით ჟურნალ „მნათობში“, და „არილი“ იყო ამ ტრადიციის გამაგრძელებელი. წარმოუდგენელია საქართველო ლიტერატურული ჟურნალების გარეშე. „არილმა“ თავიდანვე აიღო ეს დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა, ასახავდა თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებს, აქვეყნებდა თარგმანებს.

რა გავლენას ახდენს ლიტერატურული ჟურნალის არსებობა დღევანდელ საზოგადოებაზე?

- თარგმანის საშუალებით საქართველოში შემოდის ბევრი თანამედროვე ნაწარმოები, სიახლეები მსოფლიოს ლიტერატურის სფეროდან. მე თავად ვთარგმნი მწერლებს, პოეტებს, ვეძებ ახალ სახეებს, ან თუნდაც ძველებს, მაგრამ განსხვავებულებს. იქნება ეს საინტერესო ფორმები, ლიტერატურული ტენდენციები. „არილმა“ ძალიან მაღალ დონეზე შეასრულა თავისი როლი.

როგორ უყურებთ „არილის“ როლს ახალი ავტორების და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციაში?

- ბევრი თანამედროვე მწერალი, როგორიცაა მაგალითად, ნუგზარ შატაიძე, გურამ ფანჯიკიძე, ჯემალ ქაჩხაძე - ისინი იყვნენ თანამედროვე მწერლები, დიდი მწერლებად არავინ დაბადებულა. მათი შემოქმედება პირველად სწორედ ლიტერატურული ჟურნალებიდან გახდა ცნობილი. „არილი“ არის კარგი გზა იმისთვის, რომ დავაკვირდეთ, როგორ ვითარდებიან თანამედროვე ავტორები. პირდაპირ წიგნს ძალიან იშვიათად გამოსცემს მწერალი. ახალი სახე რომ გამოჩნდება და დაინტერესდები, ლიტერატურული ჟურნალების საშუალებით აკვირდები, როგორ ვითარდება, ფორმას შეიცვლის თუ არა, რა თემატიკით დაინტერესდება და ა.შ. როგორ იცვლება სამყაროს აღქმა მწერლის ტექსტში... გარდა ამისა, იბეჭდება დისკუსიები, რეცენზიები, კრიტიკა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლიტერატურული ლანდშაფტისთვის.

ჟურნალი "არილი" დღესაც გამოიცემა, თუმცა დაფინანსების პრობლემის წინაშე დგას. ბოლო ნომერი 100%-ით მკითხველის დაფინანსებით გამოიცა. ლიტერატურული ჟურნალის გავლენა დღემდე იგრძნობა საქართველოს ლიტერატურულ და კულტურულ ცხოვრებაში. „არილში” გამოქვეყნებულმა ორიგინალურმა თუ თარგმნილმა ტექსტებმა, მნიშვნელოვნად განსაზღვრეს უახლესი ქართული ლიტერატურის მიმართულება.

R