დონალდ ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად "კრემლთან გარიგების" ვარიანტს განიხილავს, რაც ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინისა და საქართველოსთვის უარის თქმას და უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ნიშნავს, - ამის შესახებ სტატიას Politico აქვეყნებს, რომელშიც ნატო-სთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმებზეა საუბარი.
Politico აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან დაახლოებულ ეროვნული უსაფრთხოების ორ ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ ნატო-სთან დაკავშირებით არსებულ გეგმებში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
როგორც Politico წერს, ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ექსპერტის ცნობით, დონალდ ტრამპი "ასეთი იდეებისთვის ღიაა", მაგრამ მაგიდაზე სხვა ვარიანტებიც დევს, მათ შორის ის, რომ აშშ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან დებატებში განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულება საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე შეუძლია.