ავტორი:

ორბანის "სამშვიდობო მისია" - ევროკავშირის ლიდერების კრიტიკის ფონზე, უნგრეთის პრემიერი პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად მოსკოვში ჩავიდა

ორბანის "სამშვიდობო მისია"  - ევროკავშირის ლიდერების კრიტიკის ფონზე, უნგრეთის პრემიერი პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად მოსკოვში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. ევროკავშირის ლიდერები მას აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ორბანი რუსეთში EU-ს არ წარმოადგენს და რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმართვის მანდატი ევროკავშირისგან მას არ აქვს.

  • აღსანიშნავია, რომ ეს ხდება მას შემდეგ, რაც ორბანი უკრაინაში იმყოფებოდა და ზელენსკის შეხვდა.

აღნიშნულ თემაზე პირველ განცხადებებს აკეთებენ უკვე ევროპელი ლიდერები. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს. "სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და უკმაყოფილება ორბანის პუტინთან შეხვედრის გეგმასთან დაკავშირებით. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს. ეს შეხვედრა არ შეესაბამება ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობებს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – წერს ცაჰკნა X-ის ოფიციალურ გვერდზე.

  • რაც შეეხება უნგრეთის პრემიერის კიევში ვიზიტს - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის პირველად ჩავიდა კიევში, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მხარს უჭერს სასწრაფო ზავის იდეას. ორბანმა აღიარა, რომ ზელენსკიმ მასთან საუბარში უარყო მის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ზავს უკრაინასა და რუსეთს შორის ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვით.