ავტორი:

რატომ და სად ჩამოდიან პაციენტები სამკურნალოდ გერმანიიდან საქართველოში? - ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის - ბაქტერიოფაგის მულტიპროფილური კლინიკის უნიკალური სერვისები

რატომ და სად ჩამოდიან პაციენტები სამკურნალოდ გერმანიიდან საქართველოში? - ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის - ბაქტერიოფაგის მულტიპროფილური კლინიკის უნიკალური სერვისები

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგიის კლინიკა თბილისში 2009 წლიდან არსებობს, თუმცა მის შესახებ დღეს უფრო მეტმა უცხოელმა პაციენტმა იცის, ვიდრე ქართველმა. ის ერთ-ერთია მსოფლიოში სულ რამდენიმე ცენტრიდან, რომელიც ფაგოთერაპიას წარმატებით იყენებს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ რეალურ ცხოვრებაში. სამედიცინო მიმართულებების არეალი კი საკმაოდ ფართოა. ფაგოთერაპიის ცენტრი შედის ელიავას კონსორციუმში და მას ზურგს უმაგრებს "გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის" საუკუნოვანი გამოცდილება ფაგების კვლევასა და გამოყენებაში.

სამწუხაროდ, ბაქტერიოფაგიის კლინიკის სერვისების შესახებ ცნობადობა უფრო დაბალია, ვიდრე მისი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ კლინიკის დირექტორს დავით სტურუასა და მის მთავარ ექიმს დეა ნიჟარაძეს ამ საკითხებზე დეტალურად ვესაუბრეთ.

მოგვიყევით კლინიკის შესახებ, რა სერვისებს სთავაზობთ პაციენტებს და რა არის ის ძირითადი საკითხები, რაც მას სხვა სამედიცინო დაწესებულებებისგან გამოარჩევს?

დავით სტურუა: კლინიკას საკმაოდ დიდი ისტორიული წარსული აქვს, რადგან ის ელიავას კონსორციუმის წევრია. გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დაარსდა 1923 წელს ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას მიერ. მის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ფელიქს დერელმა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ 100 წლის განმავლობაში ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტს არ შეუწყვეტია ფაგების კვლევისა და გამოყენების მიმართულებით საქმიანობა.

2009 წელს ინსტიტუტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს ცალკე მიმართულებად ჩამოეყალიბებინათ სამკურნალო ცენტრი, რომელიც ამბულატორიული ტიპის დაწესებულებაა. სწორედ ამ ამბულატორიას წარმოვადგენთ დღეს ჩვენ და პაციენტებს სხვადასხვა მიმართულების სერვისებს ვთავაზობთ.

კლინიკა მრავალპროფილურია. ჩვენთან მოსულ პაციენტებს დახვდებათ მაღალკვალიფიციური თერაპევტი, გასტროენტეროლოგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი, ინფექციონისტი, უროლოგი, პედიატრი, ქირურგი, ენდოკრინოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი და სხვა. დიაგნოსტიკური კვლევებიც ადგილზევე ტარდება. ცენტრში ფუნქციონირებს მაღალი დონის ლაბორატორია და ასევე ხელმისაწვდომია ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა: კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, გასტროსკოპია და ა.შ.

ჩვენი მთავარი ნიშა კი, რაც სხვა კლინიკებისგან გამოგვარჩევს, სწორედ ფაგოთერაპია და ფაგური პრეპარატებია. ეს არის მომსახურება, რომლითაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია თამამად იამაყოს.

როდის უნდა მოგმართოთ პაციენტმა თქვენ და როგორ ხდება ფაგებით მკურნალობა?

დეა ნიჟარაძე: 21-ს საუკუნეში ანტიბიოტიკორეზისტენტობა ძალიან დიდი გამოწვევაა. მის შესახებ აქტიურად საუბრობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. ეს გახლავთ დიდი საშიშროება მსოფლიოსთვის, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ბევრ ანტიბიოტიკს შეიძლება უბრალოდ აღარ ჰქონდეს შედეგი. ამ დროს გამოსავალი არის ფაგები. ფაგოთერაპია გულისხმობს ბაქტერიული ინფექციების მკურნალობას ბიოლოგიური საშუალებით. მაგალითად, ფარინგიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია, კუჭ-ნაწლავის ინფექციები, ყაბზობა, დიარეა, ვაგინიტი, პროსტატიტი, ცისტიტი, რომლებიც ბაქტერიული მიზეზით არის წარმოშობილი, მარტივად შეიძლება განიკურნოს ფაგური პრეპარატებით. მარტივად რომ ვთქვათ, ფაგები არის ვირუსები, რომლებიც კლავენ დაავადების გამომწვევ, კონკრეტულ ცუდ ბაქტერიებს.

განსაკუთრებულად მინდა გამოვყო კანის დაავადებები და ქირურგია. ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებულია კანის სხვადასხვა ტიპის დაავადება, რომელთა წინააღმდეგაც ფაგური პრეპარატები ძალიან ეფექტურია. ასევე ხშირია პოსტოპერაციული ჩირქოვანი გართულებები, რასაც ფაგები წარმატებით მკურნალობს.

ჩვენთან ჩამოსული უცხოელი პაციენტების უმეტესობას უკვე ნაცადი აქვს მკურნალობის სხვადასხვა გზა და მათთვის ბოლო იმედი ვართ ხოლმე. ბევრს პაციენტს სრული ანტიბიოტიკორეზისტენტობა აქვს. მათთან ფაგებით მკურნალობის გარკვეული პერიოდის შემდეგ გვქონია შემთხვევები, როდესაც ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობა დაუბრუნდათ. ეს ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი ისევ იწყებს მუშაობას ამ პაციენტთან. ფაგს ხშირად ვნიშნავთ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში, რითაც მის ეფექტს ვაძლიერებთ.

როგორ ხდება ფაგური პრეპარატების წარმოება და რამდენად აკმაყოფილებს ის საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებს?

დავით სტურუა: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელიავას ინსტიტუტს ფაგების წარმოებისა და გამოყენების 100 წლიანი ისტორია აქვს. ჩვენთან არიან მეცნიერები, რომლებიც ათეულობით წლებია ფაგური პრეპარატების შექმნაზე მუშაობენ და დამერწმუნეთ, დღეს ქართველებს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაგური პრეპარატები და ფაგოთერაპია საქართველოში უმაღლეს დონეზეა. ამ დარგში მსოფლიოს ლიდერები ვართ.

რა თქმა უნდა, კლინიკას ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს და სამედიცინო სტანდარტებსაც აკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთან სამკურნალოდ არ ჩამოვიდოდნენ პაციენტები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან. მათ შორის არიან უცხოელები გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ისეთი ქვეყნებიდან, სადაც მედიცინა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული. ეს დასტურია იმისა, რომ ფაგოთერაპია და ჩვენი სრული მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით ძალიან მაღალ დონეზეა და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ფაგები მრავალფეროვანი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. შესაბამისად, ალბათ, უამრავ პაციენტს აინტერესებს, აქვს თუ არა ფაგებით მკურნალობას გვერდითი მოვლენები?

დეა ნიჟარაძე: ფაგი არის ვირუსი, რომელიც სამყაროში ყველგან და მათ შორის ჩვენს ორგანიზმშიც ბინადრობს. შესაბამისად, ორგანიზმისთვის ფაგი ჩვეულებრივი მოვლენაა და მასზე უკუჩვენება ფაქტობრივად არ არსებობს.

ფაგური პრეპარატი ნიშნავს ერთად შეჯგუფებულ ისეთი ვირუსების ერთობლიობას, რომელიც კონკრეტულ ბაქტერიებზე მუშაობს. ის ანტიმიკრობული პრეპარატია. უნდა გამოვიყენოთ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ანთება. მას ასევე აქვს იმუნიტეტის გასაძლიერებელი ეფექტი.

ვიცით, რომ ფაგისგან განსხვავებით, ანტიბიოტიკს ორგანიზმისთვის საზიანო ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს, მით უფრო, თუ პაციენტს ანტიბიოტიკის მიღება ხანგრძლივად, წლების მანძლიზე უწევს. ეს განასხვავებს მას ბაქტერიოფაგებისგან, რომელიც ბუნებრივი პრეპარატია და ფაქტობრივად არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. ჩვენი არსებობის მანძილზე გვყავს ბევრი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი, რომლებიც პერიოდულად იტარებენ ფაგოთერაპიას, მათ სრულად გაუუმჯობესდათ ცხოვრების ხარისხი, ამ პაციენტთა უმრავლესობას ანტიბიოტიკები წლებია უკვე აღარ მიუღიათ.

ფაგოთერაპია შეიძლება განვიხილოთ, როგორც პერსონალიზებული მედიცინაც, რაც თანამედროვე მედიცინის მიგნებაა.

უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, როგორ ხდება ფაგებით პერსონალიზებული მკურნალობა?

ჩვენთან მოსული პაციენტის დიაგნოსტირების დროს ვიკვლევთ დაავადების გამომწვევ ბაქტერიას. შემდეგ ეტაპზე, ამ ბაქტერიაზე ვამოწმებთ ფაგის მგრძნობელობას. აღნიშნულით ვარკვევთ იმას, შეუძლია თუ არა ჩვენს კომერციულ პრეპარატებს ამ კონკრეტული ბაქტერიის დამარცხება. იმ შემთხვევაში, თუ სერიულად არსებული პრეპარატი არ არის მგრძნობიარე მის წინააღმდეგ, ელიავას ინსტიტუტის თანამშრომლები სპეციალურად ამ პაციენტისთვის ქმნიან ინდივიდუალურ ფაგურ პრეპარატს, რომელიც მორგებულია პაციენტის კონკრეტულ ბაქტერიაზე. საკმაოდ ღრმა საკითხია და ნებისმიერ დაინტერესებულ პაციენტს შეუძლია მოგვმართოს ტელეფონის ნომერზე 591 901 399. ჩვენი თანამშრომლები ყველაფერს აუხსნიან.

ელიავას ინსტიტუტს საუკუნოვანო ისტორია აქვს. როგორ იცვლება ფაგების მიმართ დამოკიდებულება მსოფლიო მასშტაბით?

გარკვეული მიზეზების გამო, ფაგების კვლევა გასული საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური აღარ იყო. თუმცა უკანასკნელ ათწლეულებში მსოფლიო ყურადღება ფაგოთერაპიის მიმართ ძალიან გაზრდილია. სხვადასხვა ქვეყნის მოწინავე ინსტიტუტები ერთვებიან კვლევის პროცესში და ამ მიმართულებით ჩვენი ინსტიტუტი დღემდე ფლაგმანია, უამრავ საკითხზე აზრს სწორედ ჩვენ გვეკითხებიან.

წარსულში ღრმად გადასვლა არცაა საჭირო. 5 წლის წინაც კი ფაგოთერაპია ბევრად უფრო ნაკლებად პოპულარული იყო, ვიდრე დღეს არის. 5 წლის წინ აშშ-ში ფაგების მიმართულებით ერთეული კვლევები ტარდებოდა, დღეს კი მხოლოდ იქ 50-ზე მეტი მიმდინარე კვლევაა აღრიცხული.

პარალელურად, ჩვენც მუდმივად ვვითარდებით და ვიზრდებით. წლიდან წლამდე ჩვენს კლინიკაში უფრო მეტი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. სამომავლოდ კი, სტაციონარის გახსნასა და უფრო ფართო მასშტაბზე გასვლას ვაპირებთ.

R