დიდი ლიტერატურული ტურნე 8 ივლისს კახეთში იწყება

დიდი ლიტერატურული ტურნე 8 ივლისს კახეთში იწყება

2024 წლის დიდი ლიტერატურული ტურნე კახეთში 8 ივლისს დაიწყება. „პალიტრა L-ის“ უკვე ტრადიციად ქცეული ტურნეს ფარგლებში კახეთის 2 ქალაქში დაგეგმილია თანამედროვე ქართველ ავტორებთან შეხვედრა, 3 ქალაქში კი - წიგნის გამოფენა-გაყიდვა და მაკულატურის ჩაბარება.

9 ივლისს თელავში ნანი მანველიშვილი და თინათინ ბერიძე შეხვდებიან მკითხველს. შეხვედრა 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება.

10 ივლისს კი ასევე ნანი მანველიშვილი და თინათინ ბერიძე ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში უმასპინძლებენ ერთგულ მკითხველებს. ყვარელში შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრების პარალელურად, დაგეგმილია წიგნების გამოფენა-გაყიდვა. წელს დიდ ლიტერატურულ ტურნეს შეუერთდა პროექტი „მაკულიტერატურაც“. 8-9 ივლისს თელავში თეატრის წინ მოეწყობა როგორც გამოფენა-გაყიდვა, ასევე მაკულატურის ჩაბარება. 10 ივლისს ანალოგიური აქტივობაა დაგეგმილი ყვარელში, სპორტსკოლის წინ. უყურადღებოდ არ დარჩენილა არც ლაგოდეხი, სადაც 11 ივლისს ცენტრალურ სკვერში წიგნების გამოფენა-გაყიდვაა დაგეგმილი. მოსული სტუმრები გამომცემლობა „პალიტრა L-ისგან“ განსაკუთრებული ფასდაკლებებით ისარგებლებენ. ფასდაკლებებთან ერთად, მათ დახვდებათ საჩუქრები და ყველასათვის საყვარელი, ტრადიციული შეთავაზებებიც, როგორებიცაა "1+1"; "3 წიგნი 10 ლარად" და "გადაიხადე, რამდენიც გინდა".

„მაკულიტერატურის" მანქანა კი მოსახლეობისგან მაკულატურას გაორმაგებულ ფასად ჩაიბარებს. სანაცვლოდ მკითხველები ადგილზე წარმოდგენილ ახალ წიგნებს მიიღებენ. 2 კგ. მაკულატურის ღირებულება 1 ლარია, გადასაცვლელი წიგნების კატალოგი ადგილზევე დახვდებათ.

მსურველებს წიგნების ფასდაკლებით შეძენა ან მაკულატურის ჩაბარება და სანაცვლოდ ახალი წიგნების მიღება 12:00 საათიდან 19:00 საათამდე შეეძლებათ.

დიდი ლიტერატურული ტურნე მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 ქალაქს გააერთიანებს და 19 აგვისტოს ბახმაროში დასრულდება.

R