ავტორი:

ეთერ თათარაიძე: "იშვიათად ხდება, რომ ავტორი ასე მართალი იყოს მკითხველთან" - გამოხმაურებები და შთაბეჭდილებები მამუკა ხაზარაძის ავტობიოგრაფიულ წიგნზე "სიმართლე გითხრათ"

ეთერ თათარაიძე: "იშვიათად ხდება, რომ ავტორი ასე მართალი იყოს მკითხველთან" - გამოხმაურებები და შთაბეჭდილებები მამუკა ხაზარაძის ავტობიოგრაფიულ წიგნზე "სიმართლე გითხრათ"

საჯარო ფიგურების ცხოვრება ხშირად ბურუსითაა მოცული, სადაც სიმართლე და გამონაგონი ერთმანეთშია არეული. მამუკა ხაზარაძე, ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე, ამ რთულ გამოწვევას თავის ახალ წიგნში უპირისპირდება. ის მკითხველს პირდაპირ და გულწრფელად ესაუბრება, რათა გაფანტოს მითები და გაამჟღავნოს სიმართლე თავისი ცხოვრების შესახებ.

„სიმართლე გითხრათ“ - ეს წიგნი არის მოგზაურობა დროში - ბავშვობის უდარდელი დღეებიდან საქართველოს უახლესი ისტორიის ურთულეს პერიოდებამდე. მამუკა ხაზარაძე გვიზიარებს თავის პირად გამოცდილებას, დაწყებული ბიზნესში პირველი ნაბიჯებიდან, დამთავრებული პოლიტიკური და კრიმინალური ზეწოლის დრამატული ეპიზოდებით.

მისი თხრობა გვთავაზობს ახალ პერსპექტივას 1990-იანი წლების ქაოსსა და თანამედროვე საქართველოს გამოწვევებზე. ავტორი არ ერიდება შოკისმომგვრელი დეტალების გამჟღავნებას, რაც მკითხველს აძლევს საშუალებას ახლებურად გაიაზროს ქვეყნის უახლოესი წარსული და აწმყო. ამ წიგნით მამუკა ხაზარაძე ცდილობს გაარღვიოს ტყუილებისა და ჭორების ფარდა, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა მის გარშემო. მისი მიზანია მკითხველს შეუქმნას სრული და გამჭვირვალე სურათი იმისა, თუ ვინ არის ის სინამდვილეში და რა გამოცდილებებმა ჩამოაყალიბა იგი, როგორც პიროვნება და საქმიანი ადამიანი.

ეთერ თათარაიძე - პოეტი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

- ასეთი ნამდვილი წიგნი დიდი ხანია არ წამიკითხავს. შინაგანად ვიცოდი, როგორი ადამიანია, ბევრჯერ გამომიცდია მისი სიკეთეები და ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ გულს ტკენდნენ. არ ვარ პოლიტიკური, ჩვეულებრივი მკითხველი ვარ. მართლა იშვიათად ხდება, რომ ავტორი ასე მართალი იყოს მკითხველთან. ვერ იპოვით ტექსტში რაღაც ხელოვნურს, ვერც გადაპრანჭულს ან გამოგონილს. ეს დღეებია ამ წიგნის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. გულწრფელად ვამბობ, რომ ჩემთვის გავიფიქრე, ჩვენ რომ გვირიგებს ამ საოცარ ჯილდოებს, იქნება ეს „საბა“, „გრანელი“ თუ ა.შ., პირველ რიგში, თავად მას ეკუთვნის. სიმართლის წერა ქართულ მწერლობაში ადვილი არ არის. ხანდახან გაგვიტაცებს ფორმები, რომ ორიგინალური გამოვიდეს. მამუკა პირდაპირ ამბობს, სიმართლე უნდა გითხრათო, და გვეუბნება კიდეც. ამ წიგნით გვაჩვენებს, რომ დიდი საფეხურის მიღწევა, ბიზნესში იქნება ეს თუ ცხოვრებაში, და ოცნების ახდენა ადვილი არ არის. გარედან ყველაფერი მარტივად ჩანს. ეს წიგნი დეტალურად გვიყვება, რა უდიდესი შრომა და ტანჯვა აქვს გამოვლილი წარმატებამდე, როგორ გადიოდა სიძნელეებს თავის ოჯახთან, მეუღლესთან ერთად. ადამიანი ამ წიგნით ბევრს ისწავლის და ის ყველამ უნდა წაიკითხოს! ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია და ძალიან დიდი სიმართლის დანახვის საშუალებას აძლევ მკითხველს. ხვდები, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ბალანსდება და შენს მხარეს რაღაც დიდი ძალა დგება. მე რომ ახალგაზრდა ვიყო, ვფიქრობ, რომ რაღაცას საცდელად წამოვიწყებდი. ისეთი შთაგონებები გეძლევა ადამიანს ამ წიგნით, რომ ფიქრობ, ნეტა რა დავიწყო, რისი კეთება დავიწყო. ახალგაზრდებმა უნდა დაიჯერონ, ჩაიხედონ ამ წიგნში, წაიკითხონ და წამოიწყონ რაიმე, იდეები დაალაგონ, გული არ გაიტეხონ, ხელი არ ჩაიქნიონ. აი, ასეთი წიგნია.

ბესიკ ხარანაული - მწერალი, პოეტი.

- მამუკა ხაზარაძის წიგნი წავიკითხე ერთი აღებით. თვალწინ დამიდგა მთელი ის დრო, რაც მას აქვს აღწერილი. თავს ნებას არ აძლევს, რომ რამე მოიგონოს, ვერ შეთხზავს, იმიტომ რომ იმ ხალხისთვისაა დაწერილი, ვინც უშუალოდ მოწმე იყო იმ პერიოდის საქართველოსი. იკითხება მსუბუქად, გატაცებით ადევნებ თვალს, როგორ მიდის დინამიკა, დადებულია რეალისტური სურათი, რომელიც გიზიდავს, სევდაც მოაქვს, რომელიც გადაიქცევა იმედად. თვითონ წიგნში არის მოძრაობა და სულისკვეთება, რომ წინ წავიდეს. ჩვენ ხომ არ გვაქვს წიგნები თანამედროვე წარმატებული კაცის ცხოვრებაზე. მამუკა ხაზარაძე არის წარმატებული მოღვაწე, ბოლოდან რომ დავიწყოთ, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ გაიარა მისმა გზამ, რა არის მასში მისაბაძი. ამას პასუხობს ეს წიგნი, ძალიან წესიერად და სამართლიანად. ძალიან კარგი სახელმძღვანელოა, რომელსაც ყველას ვურჩევდი, წაიკითხოს.

ბესო სოლომანაშვილი - მწერალი, კინორეჟისორი

- პირველ რიგში, წიგნში წარმოდგენილია ის ეპოქა, რომელიც მე ძალიან მაინტერესებს. იშვიათი რაკურსით დანახული დოკუმენტური პროზაა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესმენის თავგადასავალია. მე ძალიან მაინტერესებს ის ეპოქა, რომელიც გამოვიარეთ, და ქართული რეალობის ის მხარე, რომელიც საერთოდ არ ვიცი. გამაოგნებელი ამბებია აღწერილი წიგნში. რაც შეეხება ლიტერატურულ მხარეს, მამუკას თავად აქვს ნათქვამი, რომ ეს არ არის მხატვრული ნაწარმოები, ეს არის მისი მონათხრობი, ავტობიოგრაფიულ-დოკუმენტური ლიტერატურა. მან ზუსტად იცის, რისთვის შექმნა ეს წიგნი. ამ ადამიანის გარშემო უამრავი ჭორ-მართალია აგორებული და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საინტერესოა იმ ადამიანის გაცნობა, რომელიც ქართული საზოგადოების ფინანსური მხარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი თავგადასავლის წაკითხვით ვკითხულობთ, როგორ ვითარდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ბიზნესი. მე მგონია, რომ ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნება ეს წიგნი, რადგან ძალიან იშვიათია ამ თვალით დანახული ის ეპოქა, რომლის შესახებაც მამუკა ხაზარაძე მოგვითხრობს.

მაია ალუდაური - გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორი

- მამუკა ხაზარაძის ავტობიოგრაფიული ჟანრის წიგნი „სიმართლე გითხრათ“ იმ კატეგორიის წიგნებს მიეკუთვნება, რომლებიც დროსთან ერთად მეტ მნიშვნელობას იძენენ. მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ ეს არ არის წიგნი მასშტაბური ბიზნესის შემქმნელი ადამიანისგან გამოცდილების გაზიარებასა და წარმატების მზა რეცეპტებზე. ეს უფრო ამ ერთი ადამიანის მიერ განვლილი გზის ამბავია, რომელიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ამბავიც ჩანასახიდან დღევანდელობამდე. ამ წიგნში ბევრ მოულოდნელ და გამაოგნებელ რამეს ამოიკითხავს ადამიანი. ნამდვილი, რეალურად მომხდარი და განცდილი ამბების სადა, ყოველგვარი გამამძაფრებელი ეფექტების გარეშე თხრობა ხან 30 წლის წინანდელ საქართველოში დაგვაბრუნებს და ხანაც უახლესი, თანადროული მოვლენების კულისებში შეგვახედებს. ეს ამბები ცხადად დაგვანახვებს, რა პირობებში ცხოვრობდა და რა განსაცდელები გაიარა ქვეყანამ და თითოეულმა ადამიანმა, მითუმეტეს, აქტიურმა და საქმიანმა, მიზნების მიღწევის თუ უბრალოდ გადარჩენისთვის ბრძოლაში. თავისი ცხოვრების ამბავს ავტორი ჰყვება ძალდაუტანებლად, თავისუფლად და დრამატიზების გარეშე, იუმორით და თვითირონიითაც კი, რაც საგანგებოდ აღსანიშნია, რადგან უფრო ნდობით განაწყობს მკითხველს. ამავე ხაზს მივაკუთვნებდი ბავშვობისა და სიყმაწვილის დროინდელ მოგონებებს, ამბებს ოჯახის ახალი და წინა თაობების შესახებ. დაბეჯითებით ვურჩევ ჩვენს მკითხველებს, რომ აუცილებლად წაიკითხონ ეს წიგნი. ბევრ რამეს გაიგებენ თუნდაც ყბადაღებული დიდი ბიზნესგარიგებების შესახებ, გაერკვევიან ტყუილ-მართალში და, რაც ძალიან საყურადღებოა, ნამდვილად მეტი ეცოდინებათ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების შესახებ.

R