ავტორი:

"მოსალოდნელია ახალი სუბიექტების გამოჩენა, გაცოცხლდებიან ძველებიც" - რა ხდება ოპოზიციაში: ექსპერტები ახალ პოლიტიკურ ერთობას აფასებენ

"მოსალოდნელია ახალი სუბიექტების გამოჩენა, გაცოცხლდებიან ძველებიც" - რა ხდება ოპოზიციაში: ექსპერტები ახალ პოლიტიკურ ერთობას აფასებენ

გუშინ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ პოლიტიკური ერთობა გამოაცხადა - "ახალი“, "გირჩი - მეტი თავისუფლება“, "დროა“ გაერთიანდა, თუმცა ამ ერთობისთვის ჯერ საერთო სახელზე შეთანხმებული არ არის.

არსებობდა მოლოდინი, რომ ამ გაერთიანებაში ამომრჩეველი პარტია "ლელოსაც" იხილავდა, თუმცა რატომღაც ასე არ მოხდა.

  • "ლელო ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის და ამიტომ ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა. თუმცა თავისთავად ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი და, ბუნებრივია, ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არა მხოლოდ ლელოსთან, რადგან დრო საკმარისი ჯერ კიდევ არის“, - თქვა ნიკა გვარამიამ.

ექსპერტები პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი და გია ძაბირაძე ახალ პოლიტიკურ ძვრებს აანალიზებენ და გარკვეულ პროგნოზებს აკეთებენ.

  • პროცესი დაიწყო და ჩემი აზრით, ოპოზიციურ ფლანგზე ის სწორი მიმართულებით მიდის, - ასე შეაფასა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი პოლიტიკური ალიანსების შექმნა.

ექსპერტის განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება მოხდა, რამაც სხვადასხვა დამოუკიდებელი პარტია წარმოშვა, თუმცა ძაბირაძის შეფასებით, მსგავსი კონფიგურაციები მათ ოპოზიციური ხმების სრულად ათვისების და ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს.

"თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა საკმაოდ მყარი ელექტორატი და ამ 12 წლის განმავლობაში, მან ეს ელექტორატი მთლიანობაში შეინარჩუნა. როდესაც ახლა ლაპარაკია ამ 2 პოლუსზე - ეს არის "ნაციონალური მოძრაობის“ ორი პოლუსი. თუ "ევროპული საქართველოც“ რომელიმე პოლუსზე მოძებნის ადგილს, ეს იქნება იმის გარანტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად აითვისებს ოპოზიციურ ნაციონალურ ხმებს. მე არ ვლაპარაკობ შუაშისტურ ხმებზე და ძალიან საკამათოა ნეიტრალური ამომრჩეველი რამდენად მიემხრობა ამ ფრთას, ყოველ შემთხვევაში ნეიტრალური ამომრჩევლის როლი აქ ძალიან დიდი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ სწორად დალაგდა დღესდღეობით - "ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის სრული ათვისება მოხდება. ეს გამორიცხავს იმას, რომ რომელიმე მათგანმა ვერ გადალახოს 5%-იანი ბარიერი. როგორ გაიყოფა ხმები, ეგ სხვა თემაა. მე ვფიქრობ, ჯერჯერობით, პირველ ადგილზე მაინც "ნაციონალური მოძრაობაა“ და მეორეზე - "ახლები“, თუ რაღაც შეიცვლება ამ საარჩევნო პროცესში, ამას დავაკვირდებით და ვნახავთ, მაგრამ მეეჭვება.

პრობლემა ის არის, რომ მოხდა განხეთქილება, გარკვეული პოზიციების შეუჯერებლობა. "ახლები“ ხომ ჰაერიდან არ წარმოშობილან? - იქ იყო კეზერაშვილის ფაქტორი, იყო სააკაშვილის ფაქტორი, ამიტომ ამან გარკვეული განხეთქილება გამოიწვია ამ მოძრაობის შიგნით. ისევე როგორც თავის დროზე "ევროპულმა“ საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეწარმოებინა დამოუკიდებელი პოლიტიკა. ამიტომ რეალობა გვაქვს დღეს ასეთი. ერთი ფაქტორია კიდევ - არ ვიცით, როგორ დაჯგუფდება შუაშისტური "ლელო-გახარიას“ ტანდემი. შედგება მათი გაერთიანება თუ არ შედგება. პროცესი ახლა დაიწყო, ბოლომდე ხომ ჩამოყალიბებული არ არის. ამას თან სდევს ახალი პოლიტიკური გაერთიანებების თუ მოძრაობების გაჩენა, ეს პროცესიც დაიწყება და კიდევ მოსალოდნელია, რომ ახალი პოლიტიკური სუბიექტები გაჩნდებიან, გაცოცხლდებიან ძველებიც. პროცესი დაიწყო და ჩემი აზრით, ოპოზიციურ ფლანგზე ის სწორი მიმართულებით მიდის,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

  • "უკვე ჩანს არა 3, არამედ 4 ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის კონტურები. 4 უკვე არის კრიტიკულად მაღალი რისკის შემცვლელი კონფიგურაცია. თუ ამ ოთხიდან ერთიც ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ეს ნაშთი მიდის ხელისუფლების ბეღელში, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს არჩევნებზე მოქალაქეები არამხოლოდ ხელისუფლებას ირჩევენ, არამედ ირჩევენ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორს.

"როგორც ვითარდება მოვლენები, ეს არ არის ბუნებრივი განაწილება. თუ ჩვენ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს სეგმენტებად დავყოფთ და სრულ დაფარვაზე ვიფიქრებთ, რა სურათიც დღეის მდგომარეობით გვაქვს, ეს არ არის ბუნებრივი განაწილება. ბუნებრივი განაწილება იქნებოდა სამი ძირითადი ოპოზიციური ცენტრის ფორმირება. ეს გახლავთ "ნაციონალური მოძრაობა“, "ლელო“ და "ახალი“ და მესამე ესაა გახარია, როგორც მესამე ოპოზიციური ცენტრი. ეს იქნებოდა ოპტიმალური განაწილება, იმისთვის, რომ ნაშთების პრობლემა მოგვარებულიყო და მისი მინიმიზაცია მომხდარიყო, პარტიები კი ამ სამი ძირითადი პოლიტიკური ცენტრის ორბიტაზე განთავსებულიყვნენ. რატომღაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით ვერ შედგა "ლელოსა“ და “ახალის“ გაერთიანება, ეს გარკვეულწილად, ოპოზიციურ ფლანგზე რისკებს ზრდის. იმიტომ, რომ უკვე ჩანს არა სამი, არამედ 4 ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის კონტურები და 4 უკვე არის კრიტიკულად მაღალი რისკის შემცვლელი კონფიგურაცია. თუ ამ ოთხიდან ერთიც ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ეს ნაშთი მიდის ხელისუფლების ბეღელში.

ისე უცნაურად მიდის პროცესი, არ არის გამორიცხული მე-5 ცენტრიც გაჩნდეს. ვფიქრობ, ოპოზიცია პირადი ამბიციებით და უცნაური მოლაპარაკებებითაა დაკავებული მაშინ, როცა ქარტიის სახით გამაერთიანებელი დოკუმენტი მაგიდაზეა და არსებობს. ეს ბუნდოვანება, ამომრჩეველში ნიჰილისტურ დამოკიდებულებას იწვევს, რაც ლაიტმოტივად გასდევს უახლეს ისტორიას. ამით მხოლოდ ხელისუფლება ისარგებლებს. მე მაინც ვისურვებდი რაღაცნაირად განახლდეს მოლაპარაკებები "ლელოსა“ და "ახალს“ შორის იმისთვის, რომ მათ შეძლონ ერთობა. მათ გასაყოფი ჯერ არაფერი აქვთ. დღეს ამოცანაა ძალაუფლებიდან "ქართული ოცნების“ ჩამოშორება. ეს არის ფუნდამენტური ამოცანა, სახელმწიფოს გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ამ არჩევნებზე ხელისუფლებას ხომ არ ვირჩევთ, ჩვენ ვირჩევთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორს.

ამომრჩეველი 26 ოქტომბერს არჩევნებზე რომ წავა, ის, პირველ რიგში, ირჩევს არა პარტიებს, არამედ ირჩევს ქვეყნის მომავალს. დასავლეთი თუ რუსეთი? - რეფერენდუმზე მიდის. ამ დიდ არჩევანთან ერთად გვაქვს კიდევ ქვეარჩევანი. კი ბატონო, დასავლურ პარტიას უნდა მივცე ხმა და ამ დასავლურ პარტიებშიც მას აქვს ქვეარჩევანი, არასტანდარტული არჩევნებია. თუ "ლელო“ ახალთან გაერთიანდებოდა, იქნებოდა იდეალური კონფიგურაცია. სამი პოლიტიკური ცენტრი რომ იყოს, კარგი იქნება,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.