ეგნატე ნინოშვილის ხანმოკლე სიცოცხლე და წარუმატებელი სიყვარული

ეგნატე ნინოშვილის ხანმოკლე სიცოცხლე და წარუმატებელი სიყვარული

ეგნატე ნინოშვილმა, იმავე ეგნატე ინგოროყვამ სულ რაღაც 35 წელი იცოცხლა. მისი ბიოგრაფია იმდენად მძიმეა, შეუძლებელია, გულგრილი დარჩე, ერთი დღეც არ უცხოვრია დალხენილად. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა, საარსებო მინუმიმს ძლივს შოულობდა. წარუმატებლობა ხვდა პირად ცხოვრებაშიც. ამ ფაქტს ახალგაზრდა ქალის, ნადასი კალანდაძისადმი მიწერილი ორიოდ წერილი ადასტურებს, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით... "ქართული პროზის საგანძური" XIX საუკუნის ამ ქართველი მწერლის შემოქმედებას ეთმობა...

ეგნატე ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ რაღაც შვიდ წელს ითვლის (1887-1894) და ქართული ლიტერატურის ისტორია სულ რამდენიმე ისეთ შემთხვევას იცნობს, როცა მწერალი ასეთ მცირე დროში ქმნის მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებიც შემდეგ "ცხოვრებას" აგრძელებენ. ეგნატე ნინოშვილის მთავარი ნაწარმოებებია: "განკარგულება", "გოგია უიშვილი", "მოსე მწერალი", "პალიასტომის ტბა", "ქრისტინე", "ჯანყი გურიაში", "უცნაური სენი", "არშიყნი" და სხვა. მან თითქმის ყველა მოთხრობაში ასახა თავისი თანამედროვეობა და სოციალური ვითარება, რომელიც ქართულ სოფლებში ბატონყმობის გარდავარდნის შემდეგ შეიქმნა. მისი მოთხრობის პერსონაჟები "რეალურები" არიან. თითქმის ყველა პერსონაჟის პროტოტიპს თავად ავტორი პირადად იცნობდა. მაგალითად, გოგია უიშვილი, ამავე სახელწოდების მოთხრობის მთავარი პერსონაჟი, ეგნატეს მეზობელი ყოფილა - გოგია ხუხუნაიშვილი. ნინოშვილის მიერ დახატული თითქმის ყველა გმირი შერქმეულ გვარს ატარებს, რომელიც პერსონაჟის თვისებას ან ხასიათს გამოხატავს: ძალაძე, დროიძე, მკლავაძე, მუნჯაძე, უიშვილი, უქმაძე, ხელმოკლიძე და სხვა. ამ ავტორის ენა ხალხური სასაუბრო ენაა და ის მეტყველებას მხატვრულად არ ალამაზებს. მწერალი თავის პერსონაჟებს ძირითადად გურულ კილოზე ალაპარაკებს და უხვად იყენებს ქართულ ფოლკლორულ მასალას.

ეგნატე ნინოშვილი 1859 წლის 17 თებერვალს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ყელაში გლეხის, თომა ინგოროყვას ოჯახში დაიბადა. გლეხთა წრიდან იყო გამოსული მისი დედაც ნინო ბარამიძე, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა, როცა ეგნატე სულ პატარა იყო. მომავალ მწერალს დედობა უფროსმა მამიდა ნინომ გაუწია. გურიაში გაატარა ეგნატემ ბავშვობა და სიცოცხლის უკანასკნელი დღეებიც. სასკოლო ასაკის ეგნატე ჯერ მეზობელ მღვდელს მიაბარეს, შემდეგ კი ვაჭარს ქალაქ ფოთში. არც ერთს არ უსწავლებია ბავშვისთვის რაიმე. როგორც ეგნატეს მოგონებებში ვკითხულობთ, მას მხოლოდ ამუშავებდნენ. ამის შემდეგ ეგნატე ბიძამ შინ წაიყვანა და სო­ფელში სკო­ლაში მიაბარა. სიღარ­იბის გამო ეგ­ნატე დროდ­ა­დრო იძულებული ხდებოდა, სკოლისთვის თა­ვი მიენებებინა და ძროხა-ცხვარი ემწყემსა. პარალელურად ოზურგე­თის სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად ემზადებოდა და ბოლოს ეს სურვილი აიხდინა კიდეც. ოთხი წლის კურსი ორ წელიწადში დასძლია, მაგრამ სასწავლებელი მაინც ვერ დაასრულა, მოსწავლეთა გაფიცვას ჩაუდგა სათავეში, რის გამოც სკოლიდან გარიცხეს. რამდენჯერმე ამაოდ შეეცადა, სასწავლებელში დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ დამოუკიდებლად მეცადინეობა დაიწყო, 1879 წელს გამოცდები ჩააბარა და მასწავლებლად ჩოჩხათის სკოლაში გაგზავნეს. პედაგოგიურ მოღვაწეობას ნინოშვილმა თავი 1881 წელს დაანება. უკიდურესი გაჭირვებისა და ქალაქში წასვლის სურვილის გამო, ის მუშაობას იწყებს ბათუმის რკინიგზაში, შემდეგ ტელეგრაფისტად სადგურ სუფსაში, ხოლო 1884 წლის ზამთარში ეგნატე თბილისში არსენ კალანდაძის სტრამბაში მუშაობს ასოთამწყობად. მისი დღიური ხელფასი 7 კაპიკს შეადგენდა. ცხადია, ამ თანხით, დედაქალაქში ცხოვრება გაუჭირდა და მალე უკან, გურიაში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ, მეგობრების ფულადი დახმარებით ნინოშვილი საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში გაემგზავრა. აგრონომის სპეციალობის შესწავლა გადაწყვიტა, მაგრამ სიღატაკემ აქაც შეუშალა ხელი სწავლაში. როგორც მისი ერთ-ერთი ბიოგრაფი იუწყება, ერთხანს ეგნატე ქუჩის დამლაგებლადაც კი მუშაობდა. მალე გაუსაძლისი პირობების გამო ეგნატე ისევ სამშობლოში გამოემგზავრა.

საფრანგეთიდან დაბრუნებული გრი­გოლ გურიელთან იწყებს მუშაობას, თანამშრომლობს "ივერიასთან", ბეჭდავს ფელეტონებსა და წერილებს. მისთვის ყველაზე ნაყოფიერ შემოქმედებით პერიოდად 1888 წელი ითვლება. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ნინოშვილის ისტორიული რომანი "ჯანყი გურიაში". ამას მოჰყვა კვლავ რთული პერიოდი, შემდეგ ბათუმის ნავსადგურში დღეში ათშაურიანი სამუშაო გამონახა, თითქმის ერთი წელი როტშილდის ქარხანაში მტვირთავ მუშად გაატარა, მუშაობდა ზესტაფონში შავი ქვის კანტორაში, ბათუმის ნავთის ქარხანაში... არაჯანსაღი კვებისა და რთული საცხოვრებელი პირობების გამო ეგნატე ჭლექით დაავადდა.

როგორც მწერლის ბიოგრაფიაზე თვალ­ის გადავლებითა და წერილებიდან ჩანს, მას თა­ვისი ხანმოკლე ცხ­ო­ვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ უყვარდა. გურიაში, სოფელ ხიდისთავში მეგობრის ოჯახში სტუმრად მისულ ეგნატე ნინოშვილს ახალგაზრდა ქალი ნადასი კალანდაძე გაუცნია. ძალიან მალე მისთვის ბარათი მიუწერია, რომელშიც მომხიბვლელ ქალს სიყვარულში თანაგრძნობას თხოვდა. ნადასიმ გრძნობაზე გრძნობით ვერ უპასუხა, მისწერა, რომ მას უკვე ჰყავდა საქმრო. ამას მოჰყვა მწერლის მეორე ბარათიც. ამ წერილში, ერთი შეხედვით, ეგნატე ნინოშვილი თითქოს კმაყოფილია იმით, რომ საყვარელ ადამიანს ასცდა მისი ტანჯული ცხოვრების თანამოზიარის მძიმე ხვედრი, მაგრამ ამავე დროს მიღებული უარის გამო თითოეულ სიტყვაში ჩაქსოვილია ღრმა სევდა და გულისტკივილიც. მართალია, წერილების ავტორი მათ განადგურებას ითხოვდა, ქალს ისინი მაინც შეუნახავს და მწერლის სიკვდილის შემდეგ მის ბიოგრაფ პეტრე გელეიშვილს გადასცა. როგორც წერილების თარიღებიდან და შინაარსიდან ჩანს, მწერლის სასიყვარულო თავგადასავალი 1892 წლის თებერვალში ვითარდებოდა... რიგით მეორე წერილში ეგნატე ნინოშვილი ნადასის სამუდამოდ ემშვიდობება, მომავალ მეუღლესთან ბედნიერებას უსურვებს და ჰპირდება, რომ ის მის ცხოვრებაში აღარასოდეს გამოჩნდება. როგორც ჩანს, ეგნატე ნინოშვილმა პირობას შეასრულა, მას შემდეგ მწერალს საყვარელი ქალი აღარ უნახავს...

ჭლექისაგან დასუსტებული და საწოლს მიჯაჭვული ეგნატე თავის სოფელში, 1894 წლის 12 მაისს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს