ავტორი:

"არ გვინდა განათლების მიღება მტრის ენაზე, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანი არ არის, იძულებაა" - ჩუმი ტრაგედია თბილისიდან 363 კილომეტრში

"არ გვინდა განათლების მიღება მტრის ენაზე, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანი არ არის, იძულებაა" - ჩუმი ტრაგედია თბილისიდან 363 კილომეტრში

"გალში აფხაზები გვიკრძალავენ არა მარტო ქართულად სწავლას, არამედ სკოლის დერეფანში ქართულად ლაპარაკსაც კი... სკოლაში იძულებით რუსულად, შემდეგ კი სახლში მალულად ქართული წიგნებით ვმეცადინეობთ... ყველა მომდევნო თაობას ქართულად წერა და აზრის გადმოცემა უფრო და უფრო უჭირს... გვითხრეს, რომ წელსაც უგამოცდოდ ჩაგვრიცხავენ, მაგრამ მე ეროვნულებს მაინც ვაბარებ, არ მინდა მითხრან, რომ არ მეკუთვნოდა და რომ არა შეღავათი, სტუდენტი ვერ გავხდებოდი... არ გვინდა განათლების მიღება მტრის ენაზე, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანი არ არის, იძულებაა", - ამბობენ ოკუპირებული გალის სკოლების ქართველი მოსწავლეები და "კვირის პალიტრას" უამბობენ, რა ძალისხმევა სჭირდებათ, რომ მშობლიურ ენაზე აფხაზებისგან მალულად მიიღონ განათლება და ქართულ უნივერსიტეტებში ისწავლონ...

წლებია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს ზეწოლითა და მუქარით, ზოგჯერ კი დაყვავებითა და დაპირებებით დაიყოლიოს გალელი მოსწავლეები, რათა უმაღლესი განათლების მისაღებად ენგურს გამოღმა არ წამოვიდნენ. დე ფაქტო ხელისუფლების აზრით, საქართველოს უნივერსიტეტებში გალელ ახალგაზრდებს რევანშისტებად ამზადებენ და ამის“მოსაგვარებლად აფხაზებმა აკრძალეს ქართულად სწავლა, ქართული სახელმძღვანელოების შეტანა. მკაცრად აკონტროლებენ, რომ მასწავლებლებმა გაკვეთილებზე ბავშვებს ქართულად არ აუხსნან საგანი, ასევე აკრძალულია გაკვეთილის გარეთ ეზოებსა თუ დერეფნებში ქართულად საუბარიც. ამასთან, შეთავაზებებიც კეთდება - თუკი ქართველი ახალგაზრდები სოხუმის უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას, საფასურს არ გადაიხდიან და საუკეთესო სტუდენტებს სტიპენდიასაც დაუნიშნავენ. მიუხედავად ამისა, თავად დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, სოხუმის უნივერსიტეტში მხოლოდ 30-მდე ქართველია ჩარიცხული. გალელი მოსწავლეების აბსოლუტური უმეტესობა კი, დიდი წინაღობების მიუხედავად, საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ.2020 წლიდან ოკუპირებული გალიდან და ახალგორიდან აბიტურიენტები ქართულ უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან, მხოლოდ აგვისტოში განაცხადის შევსებაა საჭირო.

"აფხაზებმა ენგურის ხიდი ჩაკეტეს, რომ თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად ვერ წავსულიყავით!"

გიორგი, სტუდენტი: "აფხაზეთში წლებია სწავლება რუსულად მიმდინარეობს. ქართულს, როგორც უცხო ენას, კვირაში მხოლოდ 2-3 საათი აქვს დათმობილი. ჩემ შემდეგ თაობას ქართულად ლაპარაკი უჭირს, რადგან მშობლიურ ენაზე განათლებას ვერ იღებს, მხოლოდ ფარულად სწავლობენ. სახლში ქართულად და უფრო მეგრულად, სკოლაში კი რუსულად ლაპარაკობენ... მე სკოლა 2019 წელს დავამთავრე, მაშინ გამოცდას ვაბარებდით და ძალიან სტრესულად მახსენდება, რაც გადამხდა. მე და ჩემი მეგობრები მთელი წელი ზუგდიდში ვემზადებოდით. გამოცდების დრო რომ მოახლოვდა, ზუგდიდში ვიყავით, მაგრამ გალში სკოლის გამოსაშვები ზეიმი დაიგეგმა და ყველას შემოგვითვალეს, რომ აუცილებლად უნდა დავსწრებოდით, ამიტომ 27 ივნისს ყველა გალში ჩავედით. საღამოს გამოგვიცხადეს, რომ ენგურის ხიდი ჩაიკეტა და თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად ვერ წახვალთო. იყო ტირილი და დიდი ნერვიულობა. როგორია მთელი წელი იწვალო, მომზადების გამო ზუგდიდსა და გალს შორის დადიოდე და გეუბნებიან, არ გაგიშვებთო. ხმაური ატყდა მედიაშიც, საქართველოს ხელისუფლებაც გამოეხმაურა განცხადებით, თუმცა შედეგი არ ყოფილა. დავიწყეთ გეგმის შედგენა, როგორ გადავპარულიყავით ზუგდიდში. 29 ივნისს 8 ბავშვი შევიკრიბეთ, ავიკიდეთ ზურგჩანთები და დავიძარით ჩვენი სოფლის ბოლოს გაბმული მავთულხლართებისკენ... წაიკითხეთ ვრცლად