საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებულია, - ასე ეხმაურება ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას.
"საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებულია. 2008 წელს ბუქარესტის შემდეგ გაწეული მთელი მძიმე შრომა "რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა. იმის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა“, - წერს ლუკ კოფი X-ზე.
ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა რუსეთს მოლდოვიდან და საქართველოდან თავისი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს.
"რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდების უხეში დარღვევაა. რუსული ძალებისა და ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ომის დანაშაულები და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსეთია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ჩვენ უკრაინელ ხალხზე რუსეთის საზარელ თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ, მათ შორის საავადმყოფოებზე, 8 ივლისს. რუსეთმა ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად. ჩვენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიას, არასდროს ვაღიარებთ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
წაიკითხეთ ასევე: