ავტორი:

პუტინის მორიგი ახირება და პირადი პროექტი ყირიმში - რისი აშენება სურს რუსეთის პრეზიდენტს ძველი ბერძნული ქალაქის ნანგრევებზე?

პუტინის მორიგი ახირება და პირადი პროექტი ყირიმში - რისი აშენება სურს რუსეთის პრეზიდენტს ძველი ბერძნული ქალაქის ნანგრევებზე?

რუსეთი მალე ანექსირებულ ყირიმში, ხერსონესოსის ნაკრძალის ტერიტორიაზე უზარმაზარ ისტორიულ და არქეოლოგიურ პარკს გახსნის.

ძველი ბერძნული ქალაქის ნანგრევებზე, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად იქნა აღიარებული, ათობით სკვერი და ხიდი შენდება.

ბულდოზერები ადგილზე, სადაც ათიათასობით ძვირფასი ისტორიული ნივთი შეიძლება იყოს, დღე და ღამე მუშაობენ. პარკი რეკორდულ დროში აშენდა, პრეზენტაცია კი ივნისში სანქტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გაიმართა.

რატომ იქცა ხერსონესოსის განვითარება პროექტად, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი პირადად იყო ჩართული? და როგორ ანადგურებს რუსეთი ყირიმის ანექსიის დაწყებიდან დღემდე უნიკალურ უძველეს ძეგლს?

პუტინის პირადი პროექტი

ნაკრძალის ტერიტორიაზე პარკის აშენების იდეა ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ 2015 წელს გააჟღერა სევასტოპოლში მოგზაურობისას, იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან ერთად.

პარკი 23 ჰექტარზე მეტი ფართობის უზარმაზარ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. ფართომასშტაბიანი მშენებლობა, რომელსაც პუტინის პერსონალურ პროექტს უწოდებდნენ, რეკორდული ტემპით განხორციელდა.

დასახლების ტერიტორიაზე არსებული ყველა შენობა, სადაც ეროვნული ნაკრძალის სამუზეუმო ფონდები იყო განთავსებული, ეკლესიას გადაეცა, მუზეუმი კი ახალ შენობაში - "ახალ ხერსონესოსში“ გადავიდა.

"ის, რასაც რუსეთი ადგილზე აშენებს, ძნელად შეიძლება უწოდო კულტურის ცენტრი" - ამბობს უკრაინელი მკვლევარი ეველინა კრავჩენკო.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პარკის მშენებლობისთვის ისტორიული ძეგლის ნაწილი დაინგრა. როგორც კრავჩენკო განმარტავს, არქეოლოგიური პარკი ხერსონესოსის სამხრეთით ქორას ტერიტორიაზე აშენდა. ეს არის სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები ძველი პოლისის გარშემო, სადაც ძველ ბერძნებს ჰქონდათ ბაღები და კერძო მიწის ნაკვეთები.

ხერსონესოსი არის ერთ-ერთი უახლესი ძველი ბერძნული კოლონია, რომელიც დაარსდა ძვ. წ. აღ. V საუკუნეში.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ხერსონესოსის მოქალაქეების ფიცი. მარმარილოს ფილა თითქმის მთლიანად შემონახული ტექსტით XIX საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს.

მეცნიერთა აზრით, ფიცი, რომლითაც ძველი ბერძნული პოლისის მაცხოვრებლებმა დადეს, "ქალაქის კეთილდღეობაზე იზრუნებდნენ, არ უღალატებდნენ ხერსონესოსს“, უძველესი დემოკრატიისა და ქალაქის ორგანიზების უნიკალური მტკიცებულებაა.

ამის წყალობით, "უძველესი ქალაქი ხერსონესოსი და მისი ქორა" 2013 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

ტერიტორიები, რომლებიც საუკეთესოდ იყო შემონახული, კერძოდ უძველესი დასახლება, დაცულ ზონად გამოცხადდა, ირგვლივ კი ყველაფერი ბუფერულ ზონად, - განმარტავს კრავჩენკო.

იქ აკრძალულია იუნესკოს თანხმობის გარეშე ობიექტების აშენება ან შენობების აღმართვა, რომელიც დაჩრდილავს ძეგლს. სწორედ ამ ბუფერულ ზონაში, უძველესი პოლის გარეუბანში, რუსებმა "ახალი ხერსონესოსი" ააშენეს.

"უძველესი ქალაქის ნაწილი მთლიანად განადგურებულია" - განუცხადა BBC-ის უკრაინულ სამსახურს ყირიმის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტმა.

”ფაქტობრივად, რუსებმა გაანადგურეს შესაძლებლობა, გარკვეულიყო, თუ რა დრომდე არსებობდა ხერსონესოსი, როგორც ქალაქი”, - ამბობს იაშინი. ამ ტერიტორიის შესწავლა 2014 წლამდე შეუძლებელი იყო, რადგან საბჭოთა დროიდან იქ რუსული სამხედრო ბაზები იყო განთავსებული.

რუსებმა მშენებლობის დროს ნიადაგის ფენები უხეშად ამოიღეს ბულდოზერებით და დიდი ხნის განმავლობაში სევასტოპოლის მაცხოვრებლები ქალაქის ნაგავსაყრელზე მონეტებს და სხვადასხვა უძველეს ნივთებს პოულობდნენ, ამბობს კრავჩენკო.

რა აღმოაჩინეს ზუსტად რუსმა არქეოლოგებმა გათხრების დროს, ასევე უცნობია, ამის შესახებ პუბლიკაციები არ არსებობს, დასძენს იაშინი.

ხერსონესოსის განადგურება

არქეოლოგიური პარკის მშენებლობა ერთადერთი ზიანი არ არის, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მიაყენა ნაკრძალს ყირიმის ანექსიის დროს.

World Heritage Watch-ის 2024 წლის ანგარიშში მკვლევარები არაერთ დარღვევაზე წერენ.

წყარო