"პოლონეთი განიხილავს უკრაინის წინადადებას რუსული რაკეტების შეჩერების შესახებ, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე დასარტყმელად მიემართებიან ან პოლონეთის ტერიტორიაზე შედიან", - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პარასკევს ნატო-ს სამიტის ფარგლებში American Enterprise Institute-ში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, პოლონეთის მიერ რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეა უკრაინასა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაფორმებულ ორმხრივ შეთანხმებაშიცაა განხილული.
"ამ ეტაპზე ეს არის იდეა. რაც ჩვენს შეთანხმებაში წერია, არის ის, რომ ჩვენ გამოვიკვლევთ ამ იდეას“, - თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად მოხდება.