15 ივლისიდან ნიკო ლორთქიფანიძის მეორე ტომის შეძენას სპეციალურ ფასად შეძლებთ

15 ივლისიდან ნიკო ლორთქიფანიძის მეორე ტომის შეძენას სპეციალურ ფასად შეძლებთ

15 ივლისს ნიკო ლორთქიფანიძის ახალი სამტომეულის მეორე ტომი გამოჩნდება წიგნის მაღაზიის დახლებზე. მეორე ნაწილი აერთიანებს ავტორის ერთადერთ რომანს „ბილიკებიდან ლიანდაგზე“ და მოთხრობებს. გამოსვლიდან 1 კვირის განმავლობაში წიგნის სპეციალური ღირებულება 25 ლარის ნაცვლად 15 ლარი იქნება.

მკითხველისთვის უკვე ხელმისაწვდომია სამტომეულის პირველი ნაწილი, რომელშიც „თავსაფრიანი დედაკაცი“ და ნოველები შედის. მესამე ტომი კი აგვისტოში გამოვა და ის მოთხრობებსა და პიესებს გააერთიანებს.

ნიკო ლორთქიფანიძემ XX საუკუნის ქართული პროზის განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრა. მისი ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წელს დაიწყო და მალევე მიიქცია ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა. ლორთქიფანიძის ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით გამოირჩევა. მისი შემოქმედება აერთიანებს ნოველებს, მოთხრობებს, პიესებსა და რომანს. თუმცა ის ცალსახად მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია.

ნიკო ლორთქიფანიძეს თანამედროვეები ახასიათებდნენ დიდსულოვან, არისტოკრატული ბუნების, მოკრძალებულ და დახვეწილ ადამიანად. მწერლის ცხოვრების უკანასკნელი წლები ჩვენი ქვეყნის შავბნელ პერიოდს დაემთხვა. უკუღმართი დროებით შეწუხებული მწერალი ჩუმად, უპრეტენზიოდ ცხოვრობდა და ხელისუფალთ თავს არიდებდა. ხშირად უნახავთ შებინდებისას რუსთაველის გამზირზე მარტო მოსეირნე, ფიქრებში ჩაფლული, თვალებში ნაღველჩამდგარი.

ნიკო ლორთქიფანიძის ნაირი მწერლები კი არ იბადებიან, არამედ ჩნდებიან და გამოეცხადებიან ხოლმე ხალხს. ასე გამოეცხადა იგი 1880 წელს საქართველოს” - წერდა ნოდარ დუმბაძე.

ნიკო ლორთქიფანიძის ახალი გამოცემის შეძენას შეძლებთ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, რისთვისაც უნდა დარეკოთ ნომერზე: 032 2 47 00 45 ან ეწვიოთ ვებგვერდს.

R