ავტორი:

არის თუ არა "შილაკი" მავნე ჯანმრთელობისთვის?

არის თუ არა "შილაკი" მავნე ჯანმრთელობისთვის?

ჩემი ფრჩხილების გელ-ლაქთან "დამეგობრება" საკმაოდ გვიანდელ ასაკში, ფრიად უცნაური ზარით დაიწყო.აგვისტოს ერთ ცხელ დღეს, როცა მზე გიჟივით აცხუნებდა და ჰაერი თითქოს იწვოდა, მე ოთახში გამოღებულ ფანჯარასთან დავბორიალებდი, ვცდილობდი სიგრილის პოვნას და პროცესში უაზროდ ვუყურებდი ჩემს ფრჩხილებს.ლაქი, რომელიც სულ რაღაც სამი დღის წინ წავისვი, კანტიკუნტად შემორჩენილიყო ფრჩხილებზე და ჩემი გამოთვლით უკვე მეასედ მექერცლებოდა."ღმერთო ჩემო," - გავიფიქრე, - "ნუთუ არ არსებობს რაიმე, რაც ჩემს ფრჩხილებს ერთ კვირაზე მეტხანს ლამაზად შეინახავს?"სწორედ ამ დროს, თითქოს ბედისწერის კარნახით, ჩემმა მობილურმა დარეკა.ეკრანზე ჩემი საუკეთესო მეგობრის, ნინის სახელი ანათებდა:-"ჰეი, რა ხდება?" - ვკითხე მე, ცოტა არ იყოს, მოდუნებული ხმით.

-"გოგო, არ დაიჯერებ!" - ნინის ხმა ისე ჟღერდა, თითქოს ლატარეა მოეგო. "ისეთი რამე აღმოვაჩინე, რომ გაგიჟდები!"

-"რა მოხდა? მართლა ლატარეა მოიგე?" - ვიხუმრე მე, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მაინც შემიპყრო.

-"უკეთესი! შილაკი გავიკეთე და უკვე ორი კვირაა, ფრჩხილები ისეთივე ლამაზია, როგორც პირველ დღეს! არც ბანაობა აფუჭებს, არც ჭურჭლის რეცხვა და არც კლავიატურაზე წკაპუნი!"

- "შეუძლებელია!" - უცებ წამოვიძახე გამოცოცხლებულმა. "ორი კვირა? შენ ხომ იცი, რომ მე ლაქს სამ დღეზე მეტხანს ვერ ვინარჩუნებ!"

-"სწორედ ამიტომ გირეკავ! შენ აუცილებლად უნდა სცადო ეს!"

მეორე დღესვე, თითქოს ჯადოსნური ძალით შეპყრობილი, სალონისკენ გავეშურე. "ეს სასწაულმოქმედი გელ-ლაქი მეც გამიკეთეთ!" - ვთხოვე მანიკიურის ოსტატს, თან გულში ვფიქრობდი - "ნეტავ მართლა ისეთი მაგარია, როგორც ნინი ამბობს?"ორი საათის შემდეგ, როცა სალონიდან გამოვედი, ჩემი ფრჩხილები ისე ბრწყინავდა, რომ მზის სხივებს ირეკლავდა. " მართლა მაგარია!"- გავიფიქრე და კმაყოფილი გამოვეშურე სახლში.

ორი კვირის შემდეგ, ჩემი "შილაკი" კვლავ ბრწყინავდა, თუმცა ახლა უფრო ნაზად და ბუნებრივად. ვუყურებდი ფრჩხილებს და ვფიქრობდი -, რა კარგად გამიძლო!, პარალელურად კი TikTok-ის ვიდეოებს ვსქროლავდი სადაც ერთი შესანიშნავი გოგონა "შილაკის" ახალ, საოცარ ტექნიკას აჩვენებდა. "ოჰ, ესეც უნდა ვცადო!" - გავიფიქრე აღფრთოვანებულმა და ამ აღფრთოვანებასთან ერთად, მოულოდნელად რამდენიმე ფიქრი ამომიტივტივდა თავში:"კი მაგრამ...მაინც რა არის ეს გელ-ლაქი? ჯადოქრობაა თუ ქიმია? რამდენად უსაფრთხოა? ხომ არ ვაზიანებ ჩემს ფრჩხილებს ამ ლამაზი ეფექტის გულისთვის?"

ამ ფიქრებმა მიბიძგა, უფრო სიღრმისეულად შემესწავლა საკითხი დადავიწყე ინფორმაციის ძებნა თუ რამდენად უსაფრთხოა "შილაკი" გრძელვადიან პერსპექტივაში? რა გავლენას ახდენს ის ფრჩხილების სტრუქტურასა და ჯანმრთელობაზე? -რას ამბობენ მეცნიერები და ექსპერტები "შილაკზე"? რა გამოცდილება აქვთ ადამიანებს, ვინც დიდი ხანია იყენებს მას?მინდოდა გამეგო, როგორ შეიძლება ვისიამოვნოთ ლამაზი ფრჩხილებით ისე, რომ არ დავაზიანოთ ისინი. მოდი, ერთად ვნახოთ, რა აღმოვაჩინე "შილაკის" შესახებ და რა უნდა ვიცოდეთ მის გამოყენებამდე.ვფიქრობ, შენც დაგაინტერესებს და თუ მეთანხმები, ისღა დაგრჩენია კითხვა განაგრძო.

რა არის შილაკი და რატომ გახდა ასეთი პოპულარული? - მოდი, თავდაპირველად ამ კითხვას გავცეთ პასუხი და ზოგადად მიმოვიხილოთ გელ-ლაქის ისტორიული წარსული.Shellac არის ფრჩხილის პროდუქტის ბრენდი, რომელიც შექმნილია CND-ის (Creative Nail Design[1] , Inc.) მიერ, ანუ კონკრეტული ბრენდის სახელია, რაც დროთა განმავლობაში გახდა ზოგადი ტერმინი გელ-ლაქის აღსაწერად.აი, დაახლოებით იმ პრინციპით ბევრი ადამიანი რომ იყენებს სიტყვას "ჯიპი" ნებისმიერი მაღალი გამავლობის ავტომობილის აღსანიშნავად, მიუხედავად იმისა, რომ "Jeep" კონკრეტული ბრენდია.გელ-ლაქი არის ფრჩხილების დაფარვის ზოგადი ტექნოლოგია და წარმოადგენს ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაქისა და გელის ნაზავს.მასალა ფრჩხილებზე დატანისას მანამ რჩება რბილი და მოქნილი, სანამ არ მოხვდება სპეციალურ სინათლეზე UV ან LED ნათურა-საშრობზე, რომელიც ამყარებს ლაქს, რის შედეგადაც იქმნება საიმედო საფარი ფრჩხილებზე.პროცედურა, როგორც წესი, მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • ფრჩხილების მომზადება (გასუფთავება და გაპრიალება)
  • საბაზისო ფენის დატანა და გაშრობა სინათლით
  • შერჩეული ფერადი ფენების დატანა (თითოეულის გაშრობა სინათლით)
  • ზედა, დამცავი ფენის დატანა და საბოლოო გაშრობა

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა თუ რატომ გახდა ეს პროცედურა ასეთი პოპულარული?გელ-ლაქის პოპულარობას სხვადასხვა მიზეზი აქვს, გავნიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • გამძლეობა და დროის ეკონომია: თანამედროვე ცხოვრების რიტმში, როცა ყოველი წუთი ძვირფასია, გელ-ლაქი ნამდვილად გამოსავალია.ჩვეულებრივი ლაქი ხშირად რამდენიმე დღეშივე იწყებს აფცქვნას, რაც ნიშნავს, რომ კვირაში ერთხელ მაინც გვჭირდება მანიკიურის განახლება. გელ-ლაქი კი იდეალურ მდგომარეობაში ძლებს 2-3 კვირა. წარმოიდგინე, რამდენ დროს ზოგავ ასე - ნაცვლად იმისა, რომ ყოველ კვირას დაჯდე და ხელახლა შეიღებო ფრჩხილები, შეგიძლია ეს დრო უბრალოდ სხვა საქმეებს დაუთმო.
  • სწრაფი შრობა და მყისიერი შედეგი: გელ-ლაქის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა მისი სწრაფი შრობაა. როგორც კი UV ან LED საშრობიდან გამოიღებ ხელებს, ფრჩხილები მზადაა!აღარ არის საჭირო საათობით ლოდინი და სიფრთხილის დაცვა, რომ არ გაიფუჭო ახლად შეღებილი ფრჩხილები.
  • მდგრადი ბზინვარება: გელ-ლაქი იძლევა ინტენსიურ, მბზინავ ეფექტს, რომელიც დიდხანს ნარჩუნდება.რაც ნიშნავს იმას, რომ ფრჩხილები ყოველთვის გამოიყურება ისე, თითქოს ახლახანს გავიკეთეთ მანიკიური. არ არის საჭირო დამატებითი დროის ხარჯვა ყოველდღიურად ფრჩხილების გაპრიალებასა ან შელახული ადგილების შესწორებაზე.
  • ფერების და დიზაინების მრავალფეროვნება: გელ-ლაქი გთავაზობს უამრავ არჩევანს - დაწყებული კლასიკური ფერებიდან, როგორიცაა წითელი, ბეჟი, ე.წ ფრენჩ დიზაინი, დამთავრებული თანამედროვე მეტალ-ქრომირებული ეფექტებით. ეს საშუალებას გაძლევს, სწრაფად შეცვალო შენი იმიჯი ნებისმიერი სიტუაციის, კალენდარული თარიღისა თუ უბრალოდ გემოვნების შესაბამისად.
  • ფრჩხილების დაცვა: ბევრი ადამიანი თვლის, რომ გელ-ლაქი იცავს მათ ფრჩხილებს.ეს ნაწილობრივ ასეცაა, რადგან იქმნება მყარი, გამძლე საფარი ფრჩხილზე, რაც იცავს მას დაზიანებისგან. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სუსტი ან მტვრევადი ფრჩხილები აქვს, ან ვინც ფრჩხილებს იკვნიტავს.ფრჩხილების კვნეტის ჩვევის მქონე ადამიანებისთვის გელ-ლაქი შეიძლება იყოს დამხმარე საშუალება, ამ ჩვევის დაძლევისთვის, რადგან ის ქმნის ფიზიკურ ბარიერს, რაც ართულებს კვნეტას.
  • სოციალური მედიის გავლენა: Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-სა და სხვა პლატფორმებზე გელ-ლაქით გაკეთებული მანიკიურის ფოტოებმა და ვიდეოებმა კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა.

მიმოხილვისას შილაკის ბევრ დადებით ასპექტსაც შევეხეთ, თუმცა მედლის ორ მხრიანობის პრინციპი, რომ არ დაგვავიწყდეს, მნიშვნელოვანია განვიხილოთ პოტენციური უარყოფითი მხარეებიც.დავიწყოთ ფრჩხილის ფირფიტაზე ზემოქმედებით.გავრცელებული მოსაზრებით, შილაკი შეიძლება საზიანო იყოს ფრჩხილისთვის, რადგან მოქლიბვისა და გაპრიალების პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის ტრავმირება და განლევა. რაც ნაწილობრივ სიმართლეა, თუმცა ვფიქრობ, ცოტა გაზვიადებული და საშიშად წარმოჩენილი, რადგან:

  • შილაკის გაკეთებისას შესაძლოა უნებლიედ დაზიანდეს მხოლოდ ის ნაწილი რომელზეც უშუალოდ ხდება ზემოქმედება.
  • შილაკს არ შეუძლია ფრჩხილის სტრუქტურის სრულად და მუდმივად შეცვლა.
  • ორთვიანი შესვენების შემდეგ ფრჩხილი, როგორც წესი, პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება.

არასწორად ჩატარებული პროცედურის შედეგად, ფრჩხილების დაზიანება შეიძლება გამოიხატოს ფრჩხილის ფერის ცვლილებით ან მიმდებარე კანის დაზიანებით.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ლაქის მოცილების პროცესს, ანუ ე.წ შილაკის მოხსნას რადგან ამ დროს მაღალია უშუალოდ ფრჩხილის დაზიანების და სოკოვანი ინფექციის (ონიქომიკოზის) განვითარების რისკი.პროცედურის წარმატებით ჩასატარებლად გვჭირდება სწორი ტექნიკა და მასალები, თუ გაქვს გამოცდილება და ცოდნა, შეგიძლია სახლის პირობებშიც სცადო მოშორება, თუმცა რჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, ეს საქმე მაინც პროფესიონალს მიანდო.კარგ მანიკიურის სპეციალისტს აქვს შესაბამისი გამოცდილება, უნარები და ინსტრუმენტები, რომ უსაფრთხოდ და ეფექტურად მოაცილოს გელ ლაქი. ასევე შეაფასოს ფრჩხილების ზოგადი მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, მოგცეს რჩევები მათი მოვლის შესახებ.

ჰიგიენის წესების დაცვაც უმნიშვნელოვანესია, რადგან თუ აღჭურვილობა სათანადოდ არ არის სტერილიზებული, იზრდება ინფექციების გადადების რისკი.

მეორე საკითხია შილაკის შრობის პროცესი, რაც UV დასხივებას მოიაზრებს და ახლავს გარკვეული რისკები:

არსებობს სხვადასხვა გზები UV სინათლის ზემოქმედების შესამცირებლად.გაშრობის პროცედურამდე შეგიძლია გამოიყენო მზისგან დამცავი კრემი SPF 50 შემცველობით და ასევე UV-ის ნაცვლად ამჯობინო LED საშრობი.

მესამე, რასაც მინდა შევეხო არის ალერგიული რეაქცია, რაც საბედნიეროდ მომხმარებლების ძალიან მცირე პროცენტში გვხვდება (დაახლოებით 1-3%-ს შეიძლება განუვითარდეს გარკვეული ტიპის ალერგია) მიზეზი ხშირ შემთხვევში შილაკის შემადგენელი ნივთიერებებები ან ფოტოალერგიული რეაქციაა, საშრობი აპარატის გამო.ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს:დაუყოვნებლივ - რამდენიმე საათში ან პირველი დღის განმავლობაშიდაყოვნებით - რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ

და გამოიხატოს სხვადასხვა სიმპტომით:

  • კანის სიწითლე და ქავილი ფრჩხილის გარშემო
  • შეშუპება და ანთება
  • კანის აქერცვლა ან გამოშრობა
  • უშუალოდ ფრჩხილის ფერის ცვლილება (მოშავო შეფერილობა)

თუ შეამჩნევ ალერგიის ნიშნებს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდი ფრჩხილის ოსტატს, აუხსენი დეტალები და გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში გადაუგზავნეთ ფოტო-ვიდეო მასალა, ასევე თავის დაზღვევის მიზნით, დერმატოლოგთანაც გაიარეთ კონსულტაცია.

კითხვაზე, არის თუ არა ,,შილაკი’’ მავნე ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ვფიქრობ, ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს.მიუხედავად პოტენციური რისკებისა, შილაკი კვლავ რჩება პოპულარულ არჩევანად მრავალი ადამიანისთვის, მათ შორის ჩემთვისაც.საბოლოოდ, გადაწყვეტილება შილაკის გამოყენების შესახებ ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ჩვენს პრიორიტეტებზე. გასათვალისწინებელი ფაქტორებია:

  • ცხოვრების სტილი: თუ ხშირად გვიწევს ხელების წყალში ჩაყოფა ან ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობა, შილაკმა შეიძლება დაიცვას ჩვენი ფრჩხილები.
  • გემოვნება: თუ მოგვწონს ლამაზი, გაპრიალებული ფრჩხილები, შილაკი შეიძლება იყოს იდეალური არჩევანი.
  • დრო და ბიუჯეტი: შილაკი შეიძლება უფრო ძვირი იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი ლაქი, მაგრამ ის უფრო დიდხანს ძლებს და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტ თანხას დავზოგავთ.
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა: თუ გვაქვს მგრძნობიარე კანი ან ალერგიული მიდრეკილებები, სჯობს პროცედურამდე კონსულტაცია გავიაროთ დერმატოლოგთან.

პროცედურის გაკეთება კი ანდეთ გამოცდილ სპეციალისტებს და კარგი რეპუტაციის მქონე სალონს, რომელთა პოვნა ონლაინ სივრცეებშიც, მაგალითად Servisebi.ge-ზეც შეგიძლია.საბოლოოდ კი მიიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შენს საჭიროებებს.

მე პირადად, მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ვაპირებ გავაგრძელო გარკვეული პერიოდულობით ფრჩხილის გალამაზების პროცესი, ამავდროულად დავიცვა დერმატოლოგებისა და სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები, რაც ფრჩხილის დასვენების შუალედებს ეხება, საბოლოოდ კი ვფიქრობ, ეს ყოველივე კი დამეხმარება, მივიღო კარგი პროდუქტი - ლამაზი, მოვლილი ფრჩხილები, სასურველი დიზაინით, რაც არ დამიზიანებს ჯანმრთელობას

https://www.cnd.com/

NS