ავტორი:

"შოვში, ტრაგედიის ადგილზე ტაძარი აშენდება" - რა განაცხადა ადგილზე ჩასულმა პრემიერმა?

"შოვში, ტრაგედიის ადგილზე ტაძარი აშენდება" - რა განაცხადა ადგილზე ჩასულმა პრემიერმა?

შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა შოვში, ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.

"ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ, თუმცა ყველაზე მძიმე რა თქმა უნდა, ჭირისუფლებისთვის იყო ეს დღეები და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივუსამძიმრო. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები, ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ.

აქ აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა, სადაც შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი, ერთი წლის წინ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაზე ინფორმაციას მიიღებენ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ მოუსმინონ ექსპერტებსაც და დასვან კითხვები.

„დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე, მათ შორის ექნებათ იმის საშუალება, რომ ექსპერტებს მოუსმინონ. დამატებითი კითხვები თუ ექნებათ, ამ დამატებით კითხვებსაც ჩავუღრმავდებით. ეს არის რაც შემიძლია, გითხრათ, უკვე გავეცი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.