გასულ კვირას თეირანში ახალარჩეული ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშკიანის ინაუგურაციაზე ჩასული "ჰამასის" პოლიტიკური ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა. ინაუგურაციაზე, რის მერეც მოკლეს ჰანიე, იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რასაც ჩვენთან დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გიორგი გობრონიძე საუბრობს:
- პირადად მე ვერაფერს მიუღებელს და გაუგებარს ვერ ვხედავ კობახიძის ამ ვიზიტში და ვერც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციაში. პოლიტიკურ რუკას თუ დავხედავთ, ვნახავთ, რომ ირანი ჩვენი რეგიონის ქვეყანაა, მოგვწონს ეს თუ არა...
ის ახლო აღმოსავლეთში ძალიან გავლენიანი სახელმწიფოა და იმავდროულად, კავკასიის რეგიონშიც მნიშვნელოვანი აქტორი. ის ჩვენ არ გვესაზღვრება, მაგრამ მეზობელ ქვეყნად ნამდვილად შეიძლება მივიჩნიოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია მასთან კარგი ურთიერთობა, ისევე როგორც სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან. ამიტომაც არ მესმის ლაპარაკი, რა გვინდოდა ირანში, სადაც ანტიამერიკული და ანტიისრაელური ლოზუნგები ისმოდაო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ფრჩხილებს გარეთ გაიტანოს სამეზობლო პოლიტიკა და ურთიერთობა სხვა პარტნიორებთან. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილიც მშვენივრად ახერხებდა ირანთან კომუნიკაციას. საქართველო-ირანის ურთიერთობა ერთია და ირან-ამერიკის ან ირან-ისრაელის - სხვა... მათ თავიანთი პრობლემები აქვთ...
აქ მთავარია საქართველო-ირანის ურთიერთობამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რომ ჩვენ გავხდეთ მისი მოკავშირე აშშ-ის წინააღმდეგ, რაც წარმოუდგენელია.
- გეთანხმებით, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები გვაქვს, მაგრამ როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ დასავლეთთან, კონკრეტულად, აშშ-თან საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო კონფრონტაციულ რეჟიმზე გადასვლას, ამ კონტექსტში ეს ვიზიტი როგორ შეიძლება იქნეს აღქმული?
- მე ამ საკითხს ასეთ კონტექსტში არ განვიხილავდი. საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთთან ურთიერთობა დაძაბა არა ირანის, არამედ ბევრი სხვა ფაქტორის გამო. მათ შორის ერთ-ერთია ქვეყანაში ძალაუფლების კონსოლიდაციის სურვილი, ასევე დემოკრატიზაციის რევერსიის მცდელობა და ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყება. შესაბამისად, ირანის ფაქტორი აქ თითქმის არანაირ როლს არ თამაშობს. გამომდინარე აქედან, დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, არა მგონია, რაიმეს მომცემი იყოს ირანთანაც ურთიერთობის გაფუჭება.
- სამწუხროდ, საქართველოს აშშ-თან, ასევე ევროპასთან ურთიერთობა სულ უფრო უარესდება. როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მთავრობას 95-მილიონიანი დახმარება შეუჩერა. "ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. იმედია, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის" კანონის ძალაში შესვლის გამო ევროკავშირიც განიხილავს საქართველოსთვის დახმარების შეჩერებას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლაპარაკი შეიძლება იყოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეც.
- ჩემი აზრით, ევროპასთან ჩვენი ურთიერთობა ცოტა განსხვავებულია, ვიდრე აშშ-თან. როგორც ვიცი, ანაკლიის კონსორციუმში, ჩინურ კომპანიასთან ერთად, იქნება ევროპული კომპანიაც, რომელიც პორტის გაღრმავების სამუშაოებს შეასრულებს. საბოლოოდ მაინც მგონია, რომ საქმე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე არ მივა. ჩემი აზრით, ეს მთავრობას დიდს არაფერს დააკლებს, მაგრამ გაუუარესებს ევროპის აღქმას ქართველი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ მოქცეულია კონსერვატიული ნარატივების ტყვეობაში. როდესაც სანქციებზეა ლაპარაკი, ჯობს ისიც გაითვალისწინონ, რომ ამით ბიძინა ივანიშვილს ბევრი არაფერი დააკლდება, მაგრამ ევროპაში უვიზოდ ჩავალთ თუ არა, ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის და თქვენთვის... იმედია, ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს და არ გაუარესდება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა იმგვარად, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საწყის წერტილამდე დაბრუნება ძალიან გაძნელდეს.
რაც შეეხება აშშ-ს, ო’ბრაიენმა ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბა ის წინააღმდეგობები, რაც არსებობს ჩვენ შორის. მან ახსენა დემოკრატიული განვითარება, ე.წ. რუსული კანონი და ამასთანვე, ახსენა მთავარი - ის, რომ აშშ-ს არ სურს ანაკლიის კონსორციუმში ჩინური კომპანიის ყოფნა, რაც ნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია შავი ზღვის აუზში ჩინელების გამოჩენა. ეს მიუღებელია რუსეთისთვისაც. მე მთელ ამ ვითარებას სწორედ ჩინური ფაქტორიდან გამომდინარე განვიხილავდი.
როგორც წესი, ქართველ საზოგადოებას მნიშვნელოვანი რამეები გამორჩება ხოლმე... ჩემი დაკვირვებით, აშშ-თან ურთიერთობის გაფუჭება დაიწყო 2016 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ჩინეთთან დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ დაახლოება, რაც ოფიციალურ პეკინთან სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულებით დასრულდა. მე ადრეც ვაკეთებდი ამ ტენდენციაზე მინიშნებას, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას. პანდემიის დროს ჩინურ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებით თვალში საცემი იყო და ლამის პიარაქციები დაიწყო ჩვენი პარტნიორობის თაობაზე.
გაგახსენებთ, როდესაც დასავლეთიდან ვაქცინების შემოტანაზე შეგვექმნა პრობლემა, ჩინეთმა გამოგზავნა თავისი ვაქცინები, თან ძალიან საინტერესო წარწერით, მეგობარი გასაჭირში იცნობაო...
აი, აქედან დაიწყო ლაპარაკი ქართულ-ჩინური მეგობრობის პარადიგმაზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი აირეკლა ჩვენი და ამერიკის ურთიერთობაზე.
- სად მიიყვანს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ეს პოლიტიკა საქართველოს?
- ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა, საქართველო გადავიდეს მულტივექტორულ პოლიტიკაზე, რაც გარკვეულწილად საინტერესოა, თუმცა გაცილებით საინტერესო იქნებოდა, სადმე სხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე და იქიდან ვაკვირდებოდე მოვლენებს, რადგან არავინ იცის, სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი. დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ექსპერიმენტს, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული, ან დასრულდეს აბსოლუტური კრახით, რადგან ჩინეთთან პარტნიორობა ძალიან საფრთხილოა. წაიკითხეთ სრულად