ავტორი:

"ქალმა კივილი ატეხა, მიშველეთ, ბავშვი ჩავარდა ჭაშიო... მამა მაშინვე ჩავიდა, მაგრამ შვილი ვერ იპოვა" - სასწაულებრივად გადარჩენილი დემეტრეს და არგვეთელი ბიჭის გმირობის ამბავი

"ქალმა კივილი ატეხა, მიშველეთ, ბავშვი ჩავარდა ჭაშიო... მამა მაშინვე ჩავიდა, მაგრამ შვილი ვერ იპოვა" - სასწაულებრივად გადარჩენილი დემეტრეს და არგვეთელი ბიჭის გმირობის ამბავი
  • ფოტოზე: ნუგზარ კიპაროიძე

დამეთანხმებით, რომ ჩვენ გარემოში ცნება გმირი გაუფასურდა. ამას ძალიანაც ნუ განვიცდით, ყველაფერი დროის ნიშანია და როგორც წესი, გაივლის, გარდა ნამდვილი გმირობისა, რომელიც ნამდვილად არსებობს. ასეთი, მაგალითად, სულ რამდენიმე საათის წინ მოხდა საჩხერეში, სოფელ არგვეთში.

ეს არის ნუგზარ კიპაროიძე.

რიგითი არგვეთელი ბიჭი, რომელიც არცთუ მარტივ ცხოვრებას ებრძვის და ფიზიკურადაც ხშირად შრომობს. თუმცა, ამის მიუხედავად, სოფლის მიტოვება არასოდეს უფიქრია. იქნებ იმიტომ, რომ რაც ახლა მოხდა, ის უნდა მომხდარიყო: მეზობელი, მეგობრის შვილი, 3 წლის დემეტრე კიპაროიძე 18-მეტრიანი ჭიდან უნდა ამოეყვანა. შუადღისას, 3 წლის ბავშვი ჭაში ისე გაუჩინარდა, ამას დიდხანს ვერავინ მოისაზრებდა, თუ არა მართლაც რაღაც სასწაული. მათ შორის, ვერც დემეტრეს ბებია, რომელსაც დედამ სულ რამდენიმე საათით დაუტოვა ბავშვი.

ამჟამად დემეტრეს მდგომარეობა სტაბილურია, ის თბილისშია გადაყვანილი, სადაც მშობლებთან ერთად, ნუგზარ კიპაროიძეც ახლავს. ის გონზე მოვიდა, თუმცა ხელოვნურად აძინებენ, რათა ჯანმრთელობა სწრაფად დაუბრუნდეს. ამიტომ, ამ ამბის შესახებ ოჯახის ახლობელს ვკითხეთ, რომელიც მოუთმენლად ელოდება დემეტრეს გამოჯანმრთელებას:

- არავინ თქვას, რომ უბედურება მხოლოდ უყურადღებობის გამო ხდება. ამ შემთხვევაში მიზეზი ნამდვილად არ იყო უყურადღებობა. პატარა დემეტრე დედამ სულ ცოტა ხნით დაუტოვა ბებიას, აუცილებელი საქმის გამო. ბავშვები სულ ბებიასთან არიან, რომელიც ძალიან ფრთხილი ადამიანია. ოჯახს 4 შვილი ჰყავს. მათთვის რეზინის მინიაუზიც აქვთ შეძენილი, რომ პაპანაქებაში გაგრილდნენ. დემეტრეც მაშინვე ბებიას მიადგა, აუზში ჩავალო. აუზში წყალი, ალბათ, 40 სანტიმეტრზეა, მაგრამ ბებიამ იქაც არ ჩაუშვა კატეგორიულად: დედაშენი როცა დაბრუნდება, აუზში მაშინ ჩადი, თავზე დადგომა არ შემიძლია და ვერ ჩაგიშვებო. წარმოგიდგენიათ? ბავშვი 40 სმ-იან აუზში არ ჩაუშვეს და მეზობლის 18-მეტრიან ჭაში ჩავარდა!

- ანუ მეზობელთან გადავიდა?

- კი, სადაც ყოველთვის დადის. ეზოებს საზიარო ღობე აქვთ, ფაქტობრივად, ერთი ეზოა. მეზობელს მისი თანატოლი გოგონა ჰყავს და ბავშვები გამუდმებით ერთად თამაშობენ, რა თქმა უნდა, მეთვალყურეობით. სწორედ ამ ეზოშია ჭა, რომელიც მუდამ დახურულია. სოფელში, ზოგადად არავინ დაუშვებს, რომ ჭას თავსახური ჰქონდეს ახდილი.

- ეს უბედურება როგორ მოხდა?

- ბედისწერით. ამჯერად დემეტრემ ეზოში სკამი დაინახა, აიღო და ჭას მიადგა, წყალი მწყურია, უნდა დავლიოო. ჭას თავსახური ახადა და ვედრო ჩაუშვა წყლის ამოსაღებად. სწორედ ამ ვედროს გადაჰყვა ჭაში.

- ამას ვერავინ ხედავდა?

- მხოლოდ დემეტრეს პატარა მეგობარი. ამ ბავშვს ჭაზე აცოცებული დემეტრე რომ დაუნახავს, მიურბენია და უკითხავს, რას შვრებიო, იმასაც უთქვამს, წყალი უნდა დავლიოო. ეს იყო და ეს. საბედნიეროდ, ამ მეზობელმა ჭაში ჩავარდნილი ვედროს ხმა გაიგონა და გარეთ გამოვარდა. ამბობს, ჭაში ვედროს ჩაშვების ხმა რომ გავიგონე, ისეთ შემზარავად მომეჩვენა, მყისვე გამოვვარდი და ჭასთან მხოლოდ ჩემი შვილი დამხვდაო. რომ ვკითხე, ჭაში ვედრო ვინ ჩააგდო-მეთქი, ატირებულმა მითხრა, - დემეტრემ, მაგრამ თვითონაც ჭაშიაო. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ქალს რა მეხი დაეცემოდა, კივილი ატეხა, - მიშველეთ, ბავშვი ჩავარდა ჭაშიო..წაიკითხეთ სრულად