„სიბრძნე-სიცრუისა“ სულხან-საბა ორბელიანის პირველი ლიტერატურული ქმნილებაა, რომელიც XVII საუკუნის ბოლოს დაიწერა, თუმცა XXI საუკუნის ადამიანის ცხოვრებისეულ სახელმძღვანელოდაც შეიძლება იქცეს.
როგორც თხზულების ხელნაწერი „ჟამსა სიჭაბუკისასა“ გვაუწყებს, „სიბრძნე სიცრუისა“ სულხან-საბა ორბელიანს ახალგაზრდობაში დაუწერია ანუ იმ პერიოდამდე, სანამ ბერად აღიკვეცებოდა.
წიგნში შესულია 300-ზე მეტი იგავ-არაკი, რომელთა კრიტიკული და სატირული ფაბულა ამხელს ადამიანთა მანკიერებებს, ამავდროულად, ავტორს სწამს ადამიანის გონების ძალისა და მორალური ფასეულობების.
სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები შესულია ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც. წიგნმა წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ლიტერატურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მისი შეგონება „ძალა ერთობაშია“ 2004 წელს საქართველოს დევიზად იქცა. იგი ერთი მხრივ გამოძახილია იმ ისტორიისა, რასაც ქართველი ერი საუკუნეების მანძილზე ქმნიდა და მეორე მხრივ, ზუსტად ეხმიანება იმ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს.
„სიბრძნე-სიცრუისას“ იგავ-არაკების შეგონებებით იზრდებოდა თაობები. სულხან-საბა ორბელიანმა შექმნა მარტივი გზამკვლევი, თუ როგორ ვიცხოვროთ მორალური ღირებულებებით.
გთავაზობთ რამდენიმე იგავ-არაკს წიგნიდან „სიბრძნე-სიცრუისა“. აღსანიშნავია, რომ ტექსტი ადაპტირებულია.
ხორასანში მეფობდა დიდებული, კეთილგონიერი, უხვი და მოწყალე მეფე. ერთ დღეს მეფემ სამი სალარო (განძთსაცავი) გახსნა, მოუხმო მთელ მის საბრძანებელს და ნება მისცა იმდენი წაეღოთ, რამდენსაც შეძლებდნენ.
თორმეტი საათის განმავლობაში, დიდი თუ პატარა, გლახაკი თუ დიდებული ეზიდებოდა განძს, მაგრამ სალაროები მაინც ვერ დააცარიელეს.
იმ დღეს მეფემ დიდი ნადიმი გადაიხადა და ვეზირები დააფიცა: აბა რომელ თქვენთაგანს გსმენიათ, ჩემი მსგავსი ან ჩემზე მდიდარი და უხვი მეფეო.
ექვსმა ვეზირმა დაიფიცა, რომ მისი მსგავსი არსად გაეგონათ. უმცროს ვეზირს კი გაეცინა.
მეფემ ჰკითხა:
- რა მიზეზით იცინიო?
ვეზირმა დაფიცება მოსთხოვა: თუ სიმართლისთვის არ მომკლავ, გეტყვიო.
მეფემ საკუთარი თავი დაიფიცა.
როცა ვეზირმა გული დაიმშვიდა, მოახსენა: ჩინეთში ერთი ურია არის, მალქოზი ჰქვია და ერთი დიდებული მოყმე ჰყავს, მასზე უხვი და მდიდარი არც ადრე ყოფილა ვინმე და არც დღეის შემდეგ იქნებაო.
ეწყინა მეფეს, მაგრამ დაფიცებული ჰქონდა და ვეზირი ვეღარ მოკლა, თუმცა დააპატიმრა; შემდეგ სამეფო ტანსაცმელი გაიხადა, უბრალოდ შეიმოსა და წავიდა იმ კაცის სანახავად.
მალე მივიდა მის საცხოვრებელთან. იმ კაცს თურმე წესად ჰქონდა: სადაც კი ვინმე უცხოს ნახავდა, თავისთან მიიყვანდა, შემოსავდა, მოასვენებდა, დაასაჩუქრებდა და ისე გაუშვებდა.
ერთ დღეს მოყმე ქალაქის გარშემო დადიოდა, როცა გლახაკის სამოსელში გადაცმული მეფე ნახა. როგორც წესად ჰქონდა, სახლში წაიყვანა და რა პატივსაც სხვებს სცემდა, მასაც იგივე მიაგო. როცა შემოსა, ნახა, რომ საპატიო პირს უფრო ჰგავდა, ვიდრე გლახაკს. მოყმემ სადაურობა და ვინაობა გამოკითხა. როცა მისი მეფობა გაიგო, მუხლებზე დაეცა, თავი უღირსად მიიჩნია და პატიება სთხოვა, რომ ვერ იცნო.
შემდეგ მეფე სტუმრად მიიწვია და ისეთ სახლში შეიყვანა, რომლის მსგავსი თავად მეფესაც არ ენახა. უცხო და საუცხოოდ მორთული: ხალიჩები, ფარდები, ფარდაგები - ყველაფერი ძვირფასი ქსოვილით იყო ნაქსოვი. მეფის საპატივცემულოდ ნადიმი გამართა: ყველა ჭურჭელი ძვირფასი თვლებით იყო მოოჭვილი. მოყმემ ყველაფერი მეფეს აჩუქა.
ცხრა დღე გაატარა მეფემ სტუმრად და ყოველ დღე მასპინძელს წინაზე უკეთეს სახლში მიყავდა. კიდევ უფრო უძვირფასეს ჭურჭელს უძღვნიდა, მხიარულ ნადიმებს უმართავდა და სხვა საჩუქრებითაც ასაჩუქრებდა.
უკვირდა მეფეს ამ კაცის სიმდიდრე და სიუხვე.
მეცხრე დღეს ერთ ისეთ დიდებულ სახლში მიიწვია, სიტყვებით არ გადმოიცემა. ფარდების და ხალიჩების შესაფერი ჭურჭელი, მშვენიერი, გამოთლილი ყვავილები სულ ძვირფასი ქვებით იყო შეფერილი. მოყმემ ეს ყველაფერი მეფეს აჩუქა და სამი ისეთი მგოსანი ქალი მიუძღვნა, თვალი მათზე კეკლუცს ვერაფერს ნახავდა და ყური მათზე მშვენიერ სიმღერას ვერ გაიგონებდა.
წამოვიდა მეფე. ნაჩუქარი განძეულიდან არაფერი წამოიღო, მხოლოდ: ერთი ალმასის თასი, იაგუნდის საწდე (ღვინის ჩამოსასხმელი ჭურჭელი), თვლებით მორთული ყვავილი და სამი მგოსანი ქალი. მასპინძელს მადლობა გადაუხადა: ღვთის წყალობით, მეც გადაგიხდიო.
დაბრუნდა მეფე თავის ქალაქში. უმცროსი ვეზირი პატიმრობიდან გაათავისუფლა, პატივი მიაგო და მასთან ერთად მოილხინა.
მოყმის პატრონი ურია მისანი (გულთმისანი) იყო. ეს ყველაფერი რომ გაიგო, გაჯავრდა მოყმეზე, შეაპყრობინა და ჯალათებს მისი მოკვლა უბრძანა.
როცა მოსაკლავად წაიყვანეს, მოყმე შეევედრა ჯალათებს: ნუ მომკლავთო; სამხრეში ძვირფასი თვალი ჰქონდა დამალული და თავი იმით გამოისყიდა.
ჯალათებმა უთხრეს: თავადაც იცი, რომ ჩვენი პატრონი გულთმისანია, შენ რომ ხმელეთზე დაგტოვოთ, გაიგებს და შენზე ადრე ჩვენ დაგვხოცოს; ამიტომ ასე ვიზამთ: კიდობანში ჩაგსვამთ და მკვდრის აკლდამაში დაგფლავთო. ასეც მოიქცნენ.
ურიამ გულთმისნობას მიმართა: ნახა რომ მიწის ზემოთ კაცი აღარ იყო და დაიჯერა მისი სიკვდილი.
ქურდებმა ისარგებლეს ამ ყველაფრით და ჯერ მოყმის სახლი გაქურდეს, შემდეგ კი საფლავის გაქურდვა გადაწყვიტეს. გაიგეს სად იყო აკლდამა, გათხარეს, ამოიღეს კიდობანი და რომ ნახეს შიგნით კაცი იჯდა - გაათავისუფლეს.
წავიდა მოყმე, მოიარა მრავალი ქვეყანა და მეფის ქალაქამდეც მოაღწია. მეფეს დერეფანში ნადიმი ჰქონდა გამართული და მგოსნებს ამღერებდა. როცა მოყმემ ჩაიარა, ერთმა მგოსანმა ქალმა იცნო ძველი პატრონი, ატირდა და ჩანგი ხელიდან გაუვარდა.
მეფემ ჰკითხა: რა შეგემთხვაო?
მგოსანმა ქალმა მოახსენა ვინც დაინახა.
იპოვეს მოყმე; შემოსეს და მოასვენეს. როცა მოისვენა, მეფეს ყველაფერი უამბო, რაც შეემთხვა.
მეორე კვირას შეჯდა მეფე ცხენზე და სალაშქროდ წავიდა, ის ურია მოკლა და მისი სამფლობელო მოყმეს უბოძა, რომელმაც ამდენი სიკეთე გაუკეთა.
შირვანს ერთი უსამართლო, სასტიკი და ქვეყნის მაოხრებელი შაჰი მართავდა. სადაც კი მოჩივარს (მომჩივანს) ნახავდა, იმ წამსვე სიკვდილს უსჯიდა და თავიდან იშორებდა. ასე ააოხრა მთელი თავისი სამეფო.
ერთ დღეს ერთი მოჩივარის მოკვლა ბრძანა, მაგრამ იმ კაცმა უთხრა:
- მე მოსაკლავი კაცი არა ვარ, რადგან ყველა ფრინველისა და ცხოველის ენა ვიციო.
ეამა მეფეს და აღარ მოკლა. მისი ნათქვამი მართალი ეგონა, ვეზირს მიაბარა და უბრძანა: შენ ამისგან ისწავლე და მერე მე მასწავლეო!
ვეზირი მიხვდა, კაცმა სიცოცხლის გადასარჩენად რომ მოიგონა ენების ცოდნა, მიუტევა და გაუშვა.
გავიდა დრო და ერთ ღამესაც, ნადიმის დროს, შირვან-შაჰმა გაღმიდან ორი ჭოტის ძახილი გაიგონა. მოაგონდა ენების მცოდნე კაცი და ვეზირს ჰკითხა:
- ისწავლე ფრინველთ ენა იმ კაცისგანო?
- ვისწავლეო - უპასუხა ვეზირმა.
- აბა ეს ჭოტები რას ამბობენო?
ვეზირმა მოახსენა:
- ერთს ქალიშვილი ჰყავს, მეორე ვაჟისთვის სთხოვს. ქალის პატრონი ეუბნება: თუ ჩემს ქალს შვიდას ნასოფლარს არ მოართმევ პატარძალს არ მოგცემო. ვაჟის მამა კი პასუხობს: შენს ქალს რომ შვიდასი ნასოფლარი მოვართვა, ექვსი სხვა შვილიც მყავს და მათ საცოლეებს რაღა ვუყოო.
ქალის მამამ უთხრა: რას დარდობ და დაღონებულხარ? თუ შირვან-შაჰმა დიდხანს იცოცხლა, კიდევ ბევრს ააოხრებსო!
ეწყინა შაჰს და თქვა:
- მე ასეთი უსამართლო ვარო?
ვეზირმა მოახსენა:
- ჭოტები ასე ამბობენო.
ამ სიტყვების შემდეგ შაჰი მოწყალე და სამართლიანი გახდა.
ერთი გაძვალტყავებული და დაუძლურებული ვირი გლახაკ პატრონს გაეპარა და მთაზე დაიდო ბინა.
ადგილი დიდებული იყო: დიდი ჩანჩქერი ჩამოდიოდა, წყლის პირას მშვენიერი ხეები და ყვავილოვანი მწვანე მდელოები იწონებდნენ თავს. თურმე ვეფხვის საცხოვრებელი ყოფილა და ვირი იქ დასახლდა.
ვეფხვი სანადიროდ იყო. როცა დაბრუნდა და ვირი დაინახა, ეუცხოვა და დიდად შეეშინდა. ვირმა კი ვეფხი რომ დაინახა, იფიქრა, ჩემი სიკვდილის მოციქული გამომეცხადაო, ყურები დაცქვიტა და მთელი ხმით დაიყროყინა. ვეფხს ისეთი შიშის ზარი დაეცა, რომ გზა-კვალი ვეღარ გაიგნო და დამფრთხალი კლდეებისკენ გაიქცა.
მიმავალს მელა შემოეყარა. მელამ უგუნებობა შეატყო, თაყვანი სცა და ჰკითხა: ნადირთ მეფეო, სად მიბრძანდები, ასე რამ დაგაღონაო?
ვეფხვმა უპასუხა: ჩემს სამეფოში ერთი უცხო ბუმბერაზი დასახლებულა, მისი შიშით სახლში აღარ დამედგომებოდა, გამოვიქეცი და ამან დამაღონაო!
მელამ დაწვრილებით გამოკითხა "უცხო მუმბერაზის" ამბავი და ვეფხვმაც ყველაფერი აღუწერა: მისი სახე, ფერი, ოთხფეხობა, ყურდიდობა და შემზარავი ყროყინი.
მელამ დაამშვიდა:
- ეგ ვირია, ნუ გარბიხარ, მე გავაძევებ და თქვენს სამფლობელოში უზრუნველად მოისვენეთო!
ვეფხვმა არ მოუსმინა დაა გზა გააგრძელა. მელაც მას გაჰყვა.
წინ მგელი შემოეყარათ, მგელმა ვეფხვს თაყვანი სცა და მელას ჰკითხა:
- რა გაჭირვებია, სად მიბრძანდებაო?
მელამ მგელს უამბო: ვირს გამოექცა შეშინებული და გარბის, დავუშალე და არ გამიგონაო.
მგელმა ვეფხვი დაამშვიდა: ნუ სწუხხარ, ჩემი სადილია, გვარიანად მშია და შევექცევი, დარდი ნუ გაქვს მისი საქმე მე ვიციო!
ვეფხვმა უთხრა: თუ ჩემი ღალატი არ გნებავთ და მართალს მეუბნებით, ერთი თოკი მოიტანეთ, შუაში მე მოვებმები, აქეთ ერთი მომებით, იქით მეორე. ერთად მივიდეთ და თუ რამე დაგვემართა, სამივეს ერთნაირად დაგვემართოსო!
წავიდა მელა, თოკი მოიპარა და მოიტანა. სამივენი ჩაებნენ თოკს და ვეფხვის საცხოვრებელში ერთად მივიდნენ. როცა ვირმა ესენი ერთად მისული დაინახა, ძალიან შეშინდა და საშინელი ყროყინი მორთო. ვეფხვი უარესად შეშინდა, მრჩევლებს აღარ მოუსმინა, თოკი მოზიდა და ორივენი დაახრჩო, თვითონ გარდაიხვეწა.
გავიდა ხანი; ვეფხვს შინ დაბრუნება მოუნდა: მე სხვა ადგილზე ვერ ვიცხოვრებ, წავალ იმ ბუმბერაზთან, იქნებ დამინდოს და მიყმოს; ჩემსა საცხოვრებელში მაინც ვიქნებიო.
მივიდა ვირთან დიდი კრძალვით და შეეხვეწა: მიყმე და მიმსახურეო.
ვირმა უბრძანა:
- რადგან მეყმე, შეგიფარებ, ჩემს სახლს ჩაგაბარებ და ორ შეცდომასაც გაპატიებ, მაგრამ მესამეს ერიდეო!
ცხოვრობდნენ ასე ერთად, მაგრამ ერთმანეთის ეშინოდათ: ვეფხვს - ვირის, ვირს კიდევ - ვეფხვის.
ერთხელ როცა ვირს ეძინა, ვეფხვს ნავარდი მოუნდა და წყალში ჩახტა, ჭავლს კუდი დაჰკრა და წვეთები ვირს მიეშხეფა; ვირს გაეღვიძა, იწყინა და დიდად დატუქსა.
მეორედ ვირი ღრმა წყალში ჩავიდა, წაიქცა და იხრჩობოდა. შეიჭრა ვეფხვი წყალში, ბატონს მიეხმარა და სამშვიდობოს გამოიყვანა. ვირი მიზეზს ეძებდა, იქნებ ვეფხვი მოვიშორო და გაუჯავრდა: კალმახზე ვნადირობდი და რად გამომიყვანეო?
ვეფხვს მესამე შეცდომის შიში ჰქონდა და იმ ადგილებიდან გადაიხვეწა; მისი სამფლობელო კი ვირმა დაისაკუთრა.