„ვცდილობთ, მათში საქართველოს იდეა გადავარჩინოთ“ - ინტერვიუ თიკა სვანიძე-ვენკოსთან

„ვცდილობთ, მათში საქართველოს იდეა გადავარჩინოთ“ - ინტერვიუ თიკა სვანიძე-ვენკოსთან

ივლისი-აგვისტოში საქართველომ უპრეცედენტო დიასპორულ პროექტს - „საზღვრებს მიღმა“ - უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან 60-ზე მეტი გამორჩეულად ნიჭიერი ემიგრანტი ახალგაზრდა ჩამოვიდა. მათ შეუერთდნენ თანატოლები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და ისტორიული ჰერეთიდან. მოეწყო საზაფხულო ბანაკი, სადაც პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ შემეცნებითი საუბრები საქართველოს ისტორიის, კულტურის, რელიგიის შესახებ. პროექტის დასკვნითი ნაწილი კი გახლდათ თეატრალური წარმოდგენა, რომელიც პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის - „დაბრუნება“ - დასის წევრებმა საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონში გამართეს. ამ მართლაც მასშტაბური და უნიკალური პროექტის ავტორი და ორგანიზატორი გახლავთ ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი და კულტურის მოღვაწე, საერთაშორისო ორგანიზაცია - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის - დამფუძნებელი და პრეზიდენტი, თიკა სვანიძე-ვენკო. ინტერვიუში ქალბატონი თიკა განხორციელებული პროექტის შესახებ გვესაუბრება.

როდის და რატომ გაგიჩნდათ იდეა, რომ ემიგრანტი ქართველი ახალგაზრდები გაგეერთიანებინათ პროექტის - „საზღვრებს მიღმა“ - ფარგლებში? რა უძღოდა წინ ამ წამოწყებას?

ზოგადად, დიასპორული მიმართულებით დიდი ხნის წინ დავინტერესდი. საქართველოსგან მოშორებით, ემიგრაციაში მრავალწლიანმა ცხოვრებამ ნათლად დამანახა ის სირთულეები და პრობლემები, რასაც ქართველი ემიგრანტები აწყდებიან. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ - ჩვენ გვყავს ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი მრავალრიცხოვანი თაობა, რომელსაც, თუ რამე არ მოვიმოქმედეთ, გაუჭირდება საქართველოსთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება. ქართველის იდენტობა, დამეთანხმებით, მხოლოდ მისი გვარითა და წარმომავლობით არ განისაზღვრება. ჩვენი ნაციონალური იდენტობა სამუდამოდ არის დაკავშირებული ქართულ ენასთან, დამწერლობასთან, ისტორიასთან, კულტურასა და ტრადიციებთან. იმისთვის, რომ ემიგრაციაში, სამშობლოსგან ხშირად ათასობით კილომეტრის მოშორებით, შეძლო და დარჩე ქართველად, შეინარჩუნო შენი ეროვნული თვითმყოფადობა, საჭიროა, ლაპარაკობდე და წერდე ქართულად, იცოდე შენი ქვეყნის ისტორია და არ დაკარგო კავშირი მის კულტურულ მეხსიერებასთან. სწორედ ამ მიზნით დავაარსე ათი წლის წინ ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენ იქ, შეიძლება ითქვას, პატარა საქართველო გვაქვს მოწყობილი და ერთმანეთსა და ჩვენს შვილებს არ ვაძლევთ იმის უფლებას, დაგვავიწყდეს ვინ ვართ და საიდან ვართ. წლებია, ბავშვები ჩვენს ცენტრში ეუფლებიან ქართულ ენას, კალიგრაფიას, ეცნობიან ეროვნულ ლიტერატურას... ვცდილობთ, მათში საქართველოს იდეა გადავარჩინოთ, რადგან მჯერა, ეს ის თაობაა, რომელიც სულ მალე გადამწყვეტ როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და გამთლიანებაში.

ჩვენი ცენტრის მუშაობა შემდეგში კიდევ უფრო მასშტაბური გახდა, გაფართოვდა და შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“, რომელიც თითქმის მთლიანად აერთიანებს ქართველ ემიგრანტებს მთელ პლანეტაზე. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებში გვყავს წარმომადგენლები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმავეს გაკეთებას ცდილობენ, რასაც ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრი. ასე რომ, პროექტი - „საზღვრებს მიღმა“ - ჩვენი მრავალწლიანი შრომის ერთ-ერთი შედეგია.

თქვენმა წამოწყებამ მართლაც წარმოუდგენლად დიდი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში. ზუსტად რა აქტივობებს გულისხმობდა პროექტი? როგორც ვიცი, ის საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა...

არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ - გამოხმაურების და მხარდაჭერის მასშტაბები საზოგადოების მხრიდან მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პირადად მე, სოციალური ქსელის საშუალებით ათასობით ადამიანი მეხმიანებოდა. ზოგს უბრალოდ მადლიერების გამოხატვა უნდოდა, მაგრამ ბევრს პროექტში ჩართვა სურდა. ამის შესაძლებლობა შეძლებისდაგვარად ყველას მივეცით.

რაც შეეხება პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს, ყველაფერი მართლაც ძალიან მრავალფეროვანი, ემოციებით დატვირთული და საინტერესო გამოვიდა.

პროექტში მონაწილეობა, საერთო ჯამში, 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო. პირველ ეტაპზე მათ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტმა და მისმა რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ვახტანგ ახალაძე) უმასპინძლეს. ჩატარდა საუცხოო ლექციები და საუბრები საქართველოს ისტორიის, კულტურისა და რელიგიის საკითხებზე. იქვე გაიმართა ქართული კალიგრაფიის მასტერკლასებიც.

იყო შემეცნებითი ექსკურსიებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მუზეუმებში. ოფიციალური შეხვედრები და მიღებები საქართველოს საპატრიარქოში, პარლამენტში... გვიმასპინძლა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.

როგორც ვიცით, ცხინვალის მისადგომებთან, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთშიც იყავით...

მართალი ბრძანდებით. და ვფიქრობ, ეს ჩვენი პროექტის ყველაზე ემოციური ნაწილი იყო... ერგნეთში ვიზიტით გულგრილი არავინ დარჩენილა, ის შთაბეჭდილებები და განცდები, რაც იქ ყოფნისას დაგვეუფლა, დარწმუნებული ვარ, ყველას დიდ ხანს გაგვყვება. ზოგადად, მეც საკმაოდ გულწრფელი ადამიანი ვარ, მიყვარს ემოციების გამოხატვა - როცა მეცინება - ვიცინი, როცა მეტირება - ვტირი... შეუძლებელი აღმოჩნდა ცრემლების შეკავება, როცა ვუყურებდით, როგორი გულამომჯდარი ტიროდნენ ემიგრანტი ბავშვები თავიანთ აფხაზ და ცხინვალელ თანატოლებთან ერთად საოკუპაციო მუზეუმის დათვალიერებისას. მუზეუმის თანამშრომელმა, არაჩვეულებრივმა ქალბატონმა, მათ აგვისტოს ომის შესახებ მოუთხრო... მოუთხრო იმ ადამიანების შესახებ, ვინც ამ ომს შეეწირა, ვინც მამაპაპისეული სახლი და ოჯახი დაკარგა... მოსმენილი ისტორიები იმდენად მძაფრი და სულისშემძვრელი აღმოჩნდა და გულთან იმდენად ახლოს მიიტანეს ბავშვებმა, ერთმანეთთან ჩახუტებულები კარგა ხანს ტიროდნენ... ამ ბავშვების გულწრფელმა ცრემლებმა დამარწმუნა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ ახალგაზრდების უმეტესობა, ცხადია, არც აფხაზეთში ყოფილა არასდროს და არც სამაჩაბლოში, მაგრამ მათ იციან, რომ ეს ჩვენი, ყველას საერთო ტკივილია...

პროექტში, გარდა ემიგრანტი ახალგაზრდებისა, მონაწილეობდნენ ბავშვები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი ჩართულობა? როგორც ცნობილი გახდა, პირადად თქვენ, საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება და, ზოგადად, ქართული სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლითაც დაგაჯილდოვეს...

ყოველთვის ვიძახდი და ახლაც მტკიცედ მჯერა: იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ, საჭიროა, ჯერ ჩვენ, ადამიანებმა დავიბრუნოთ ერთმანეთი. პოლიტიკა ერთია, მაგრამ სახალხო დიპლომატიის, პირადი, ადამიანური ურთიერთობების აღდგენის გარეშე არაფერი გამოვა. ამიტომ ამ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად და მონაპოვრად ის მიმაჩნია, რომ ჩვენ ემიგრაციაში გაზრდილი ბავშვები შევახვედრეთ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ თანატოლებს. ისინი ამიერიდან მეგობრები არიან - და რა უნდა მომხდარიყო ამაზე მნიშვნელოვანი? მიხარია და ვამაყობ, რომ ეს შევძელით.

რაც შეეხება ჯილდოს, რომელიც გადმომცეს, ამან მართლაც ძალიან გამახარა! მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაფასებისთვის და, ზოგადად, ამ პროექტში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩემი მოკრძალებული ღვაწლი და მცდელობები ასე დაფასდა... დიდი ხანია ვცდილობ, წვლილი შევიტანო ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მახსოვს, ჯერ კიდევ 2018 წელი იყო, როდესაც ნიდერლანდებში დავიწყე პროექტი: „დავიბრუნოთ ერთმანეთი - აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში“.

2020 წელს ნიდერლანდებსა და ბელგიაში განვახორციელე საერთაშორისო პროექტი „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის - სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“.

2020 წლიდან პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლის - „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ - მეშვეობით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოზარდებს ონლაინ ვასწავლით ქართულ კალიგრაფიას და დამწერლობას.

ჩემი ბავშვობის ყველაზე ნათელი და თბილი მოგონებები აფხაზეთსა და სოხუმს უკავშირდება. მჯერა, ერთხელაც ისევ დავბრუნდეთ იქ... აფხაზეთი საქართველოა!

და მაინც, პროექტის ყველაზე სანახაობრივი და კულმინაციური მომენტი, ალბათ, ის სპექტაკლი იყო, რომელიც ბავშვებმა საქართველოს რამდენიმე თეატრის სცენაზე ითამაშეს... ყველა, ვინც დასწრება მოახერხა, აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ეს მართლაც წარმოუდგენელია, როგორ მოახერხეთ ონლაინ ფორმატში ამ მასშტაბის დადგმის მომზადება?

დიახ, ჩვენ რამდენიმე სპექტაკლი გვქონდა თბილისში, ახალქალაქსა და სიღნაღში. ყველა მათგანმა სრული ანშლაგით ჩაიარა. არასოდეს მინახავს თეატრალურ წარმოდგენას ასეთი ემოციები გამოეწვიოს მაყურებელში. სცენაზე იდგნენ ბავშვები, რომლებიც პროფესიონალი მსახიობები, რასაკვირველია, არ არიან, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს მაყურებლის გულებამდე მიღწევა. ჩვენ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები გავაცოცხლეთ სცენაზე და ეს მართლაც დაუვიწყარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ, პირადად მე, სპექტაკლი ბევრჯერ ვნახე, ყოველ მომდევნო ჯერზე ემოციები კი არ იკლებდა, პირიქით, ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა. ეს ყველაფერი, ცხადია, არაჩვეულებრივი ხელოვანისა და პედაგოგის, დამდგმელი რეჟისორის, თამარ ხიზანიშვილის დამსახურებაა. მადლობა მას და ასევე ტექნიკურ რეჟისორს, საოცარ პროფესიონალს - მაკა მიდოდაშვილსა და მეტყველების პედაგოგს - თიკო კობალაძეს; მადლობა პროექტის მენეჯერს, ჩვენი ფონდის - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ - ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთ ლიდერს, ნინო გოგოხიას გაწეული უდიდესი შრომისთვის! მადლობა საერთოდ ყველას, ვისი მონაწილეობითა და მხარდაჭერითაც ბავშვები სცენაზე აღმოჩნდნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მათი პროფესიონალი კოლეგების მონაწილეობა საქართველოს ისტორიული რეგიონიდან - საინგილოდან. და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს ძვირფას მშობლებს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ მათი შვილები ღირსეულ ქართველებად ჩამოყალიბდნენ!

სიმბოლურია, რომ ჩვენს თეატრს „დაბრუნება“ ჰქვია. ის პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრია და ჩვენ მომავალშიც დიდი გეგმები გვაქვს. თეატრს დიდი ძალა აქვს, ის ჩვენი იდენტობის ნაწილია. თეატრი ჩვენს ეროვნულ იდეალებს, ღირებულებებს სცენის ენაზე თარგმნის, გვაერთიანებს და კიდევ უფრო გვაყვარებს ერთმანეთს. ბავშვები, რასაკვირველია, გააგრძელებენ ონლაინ მეცადინეობებს და მალე ისევ დაბრუნდებიან სამშობლოში.

R