31 აგვისტოს საქართველოში ჩატარებულ სამბოს ჩემპიონატზე, ახალგაზრდებს შორის მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ახმეტელმა 19 წლის ზვიად ზვიადაურმა დაიკავა.
ზვიადი ქვეყნის ღირსებას კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში 11-13 ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე დაიცავს.
ზვიად ზვიადაური ცნობილი ოჯახიდან არის, მამა ბერდია ზვიადაური, ოლიმპიური ჩემპიონის ზურა ზვიადაურის ბიძაშვილია. მართალია ბიძის ჩემპიონობის დროს ჯერ დაბადებული არ იყო, თუმცა ამბობს, რომ მისი მიზანიც ოლიმპიური ჩემპიონობაა, თუმცა იქამდე ჯერ სამბოში მსოფლიო ჩემპიონი უნდა გახდეს და ქვეყანა და ოჯახი გაახაროს
- 19 წლის ვარ, ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. ვარჯიში 8 წლის ასაკში დავიწყე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბიძა მოჭიდავე იყო. ზურა რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 2004 წელს, მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვიყავი დაბადებული. ცოტა რომ გავიზარდე, ვუყურებდი ჩანაწერებს და მეამაყებოდა, მინდოდა, რომ მეც მისნაირი გავმხდარიყავი.
- ბავშვობაში ახმეტაში ცხოვრობდით?
- დიახ, იქ დავიწყე ვარჯიში. მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო ვარჯიში და სწავლა ერთდროულად მაინც ვახერხებდი. ზურა ყოველთვის მარიგებდა როგორ მევარჯიშა, ყველოაფერს მიყვებოდა რაც სპორტს ეხებოდა. მამამ რომ გაიგო ჭიდაობა მინდოდა, ძალიან გაუხარდა, ყოველთვის მხარში მედგა. მისი დამსახურებაა, რომ დღეს წარმატებული სპორტსმენი ვარ.
იყო მომენტები როდესაც ხელი ჩამიქნევია, ეს ტრავმვებსაც მოყვება ხოლმე, თავის დანებებაც მინდოდა, მაგრამ ამ დროს მამა მყოლია გვერდით და ყველანაირად დამხმარებია. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურად როგორ გაგამხნევებენ.
- ზვიად, სპორტში მწვრთნელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ჩემი პირველი მწვრთნელი გიორგი ნადირაძე იყო ახმეტაში,სადაც ფეხი ავიდგი და ჭიდაობაზე დავიწყე სიარული. ძალიან მომთხოვნი იყო, მისიც ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ აქტიურ სპორტში ვარ და ბოლომდე მივყვები.
ახლა თბილისში ვცხოვრობ, ვსწავლობ, მაგრამ ჩემი ძირითადი საქმიანობა მაინც სპორტია და მინდა უფრო წარმატებული გავხდე.
- ამჟამად რა მიღწევები გაქვთ?
- სამბოში საქართველოს ჩემპიონი გავხდი წელს. წინა წელს მეორე ადგილი ავიღე და პრიზიორი გავხდი, მაგრამ ვერ მოვახერხე ევროპის ჩემპიონატზე წასვლა. ახლა უკვე ჩემპიონი ვარ და ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატზე მივდივარ. ახლა მომზადებას გავდივარ, შეკრებებზე დავდივარ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და იმედი მაქვს ოქროს მედლით დავბრუნდები. მსოფლიო ჩემპიონატი კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში იმართება.
- მესმის, რომ თქვენი კერპი სპორტში ბიძა იქნება. თუმცა ახალი თაობიდან კიდევ ვინ არის თქვენთან ძალიან ახლოს, როგორც სპორტსმენი?
- სამბოში ასეთი სპორტსმენი არ გვყოლია, მაგრამ ბავშვობიდან ბიძაჩემის გარდა კიდევ ორი სპორტსმენი იყო, მინდოდა რომ მათ მათნაირი გავხდარიყავი. ესენი იყვნენ ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. მე რომ წამოვიზარდე, ისინი მაშინ ჭიდაობდნენ და სულ ვადევნებდი თვალს.
- მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რა გეგმები გაქვს?
- ვფიქრობ, ახალი მიზნების მიღწევაზე. მინდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე.
- ახლა კვიპროსში მიდიხართ, რომ ოცნება აისრულოთ, მამა და ბიძა რას გეუბნებიან?
- ჩემთვის მთავარია საქართველოს მოგება მოვუტანო და საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა ავწიო და ასევე ჩემი ოჯახი გავახარო.