"ასეთი გაერთიანება მხოლოდ წაადგებოდა საქმეს - სხვა საკითხია, რომ სამწუხაროდ, ძალიან დიდი დრო დაიკარგა. ამის გაკეთება ბევრად უფრო ადრე შეიძლებოდა, თუმცა, ახლაც შესაძლებელია - მათი გაერთიანება ამ არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდოდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაასწრებდა", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
"ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ცენტრის ჩამოყალიბება ძალიან სასარგებლო იქნებოდა. ამ შემთხვევაში სურათი ბევრად უფრო გასაგები იქნებოდა ამომრჩევლისთვის - მივიღებდით სამ ძირითად პოლიტიკურ მიმართულებას. ოპოზიციური ამომრჩეველი ამ მიმართულებებით არის დაყოფილი, შეიძლება ასე ითქვას. გარკვეულწილად ოპოზიციური ამომრჩეველი ერთმანეთთან ანტაგონისტურ მოცემულობაშია. არსებობს ამომრჩეველი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის და არსებობს ამომრჩეველი, რომლისთვისაც ისინი მიუღებლები არიან. დამალული არ მაქვს, მათ გაერთიანებაზე დიდი ხანია ვსაუბრობ. ასეთი გაერთიანება მხოლოდ წაადგებოდა საქმეს. სხვა საკითხია, რომ სამწუხაროდ, ძალიან დიდი დრო დაიკარგა. ამის გაკეთება ბევრად უფრო ადრე შეიძლებოდა, თუმცა ახლაც შესაძლებელია.
როგორ უნდა შემოწმდეს, მოიტანს თუ არა ეს სინერგიას? ეს „თუ“ რას ნიშნავს? დრო მის კითხვებზე პასუხის გასაცემად დარჩენილი აღარ არის. ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა და არა რაღაც კითხვების დასმის. არ ვიცი, ის რეალურად განიხილავს თუ უბრალოდ იმ ადამიანებს სცემს პასუხს, რომლებიც დიდი ხანია ეუბნებიან, რომ ასეთი გაერთიანება წაადგებოდა საარჩევნო პროცესს, მათ შორის, მეც. პირადადაც არაერთხელ მითქვამს, რომ ეს გაერთიანება კარგი იქნებოდა. შევხედოთ. საერთოდ კარგია, თუ საუბარს მოქმედებებიც მოჰყვება. პოლიტიკაში ასეა - საუბარი, სწორი გზავნილები კარგია, მაგრამ ამომრჩეველი პოლიტიკურ ძალებს და მათ ლიდერებს, ძირითადად, აფასებს მოქმედებით და არა იმდენად რიტორიკით“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
"უპირატესობას იმაში ვხედავ, რომ ჩვენ გვყავს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა, არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ აგრეთვე, არ არის მზად აირჩიოს წარსული „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ამომრჩეველი არჩევანს არა მხოლოდ გემოვნებით აკეთებს, არამედ მეტი გარკვეულობაა საჭირო, ძალის დემონსტრირება უნდა მოხდეს; გარკვეული სინერგია უნდა გაჩნდეს, ამომრჩეველმა უნდა დაიჯეროს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ ერთეულს არა მხოლოდ სურვილი აქვს ცვლილებების, არამედ ამის შესაძლებლობა და ძალაც აქვს. „ლელოს“ და გახარიას გაერთიანება იქნებოდა ძალის დემონსტრირება. ჩამოყალიბდებოდა პოლიტიკური ცენტრი, რომელიც გადაუწყვეტელ ამომრჩეველს მისცემდა არჩევანს, რომელიც დღეს ძალიან მოთხოვნადია ბაზარზე. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა კრიტიკულად მაღალია, დღესაც კი. რატომ? იმიტომ, რომ არ სჯერათ, რომ შეიძლება, არსებულმა პოლიტიკურმა ერთეულებმა რაღაც შედეგი გამოიღონ. ამიტომ, ეს გაერთიანება - არა „ნაც-ქოცური“ ელექტორატის, რომელიც ყველაზე მსხვილი სეგმენტია ჩვენს ამომრჩეველში, ამის კაპიტალიზაცია სწორედ ამ გაერთიანებას შეეძლო ყველაზე ეფექტურად. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გაერთიანება ამ არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდოდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაასწრებდა“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"თუ ეს ორი ჯგუფი გაერთიანდება, მიუხედავად მათ შორის არსებული პრობლემებისა და ა.შ., ეს იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი. ოპოზიციაში გაჩნდებოდა რეალური პოლიტიკური ძალა, რომელიც დაუპირისპირდებოდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დროზე, რომ ამომრჩეველმა შეძლოს ამის აღქმა. თუ ეს გაერთიანება მოხდება ოპოზიციურ ფლანგზე, ეს იქნება არა მარტო ლიდერი პარტია, არამედ იქნება პარტია, რომელიც დაუპირისპირდება და სერიოზულ კონკურენციას გაუწევს [„ქართულ ოცნებას“], პირველი ადგილისთვის იბრძოლებს არჩევნებში.
ჩემი შეფასებით, ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება. ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი. ეს იქნება ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივა და ზოგადად, არჩევნებში „ქართული ოცნების“. ორივე ამ გაერთიანების, როგორც „ნაცების“, ისე „ქოცების“ ალტერნატიული პარტია შეიქმნება,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ გახარიასა და ხაზარაძეს შეუძლიათ ორივესთვის მისაღები პრემიერობის კანდიდატი დაასახელონ და დღევანდელ სიტუაციაში, იდეალური კანდიდატი ანა დოლიძე იქნება.
„მათ შეუძლიათ ისიც კი გააკეთონ, როგორც ხაზარაძე, ისე გახარია პრემიერობაზე თუ უარს იტყვიან და თავიანთი გაერთიანებული ჯგუფიდან, ორივესთვის მისაღებ სხვა კანდიდატს წამოწევენ. ჩემთვის ასეთი გაერთიანების ყველაზე საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა ანა დოლიძე, რომელსაც ვერც „ქოცობას“ დააბრალებს ვერავინ, ვერც „ნაცობას“, ვერც გაუნათლებლობას. მოკლედ დღევანდელი სიტუაციისთვის მორგებული კანდიდატია. ჩემი შეფასებით, ეს იქნებოდა საუცხოო ვარიანტი,“ - განაცხადა ძაბირაძემ.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, მას და მის თანაგუნდელებს არაფერს ვერჩი და ბევრ რამეში ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? - თუ ეს სინერგიას მოიტანს, მე პიროვნული თემა არ მაქვს“.