ავტორი:

რუსებს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა აუფეთქდათ - რა მოხდა პლესეცკის კოსმოდრომზე?

რუსებს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა აუფეთქდათ - რა მოხდა პლესეცკის კოსმოდრომზე?

20 სექტემბერს რუსეთის სამხედრო კოსმოსურ სადგურზე სერიოზული ავარია მოხდა - OSINT-ის მკვლევარები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს, სავარაუდოდ, იყო RS-28 Sarmat კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის წარუმატებელი გამოცდა, რომელიც, როგორც ჩანს, გაშვების დროს აფეთქდა.

რუსეთის პლესეცკის კოსმოდრომის ერთ-ერთ გასაშვებ მოედანზე სატელიტური სურათებით მიღებულ გამოსახულებაზე კარგად ჩანს უზარმაზარი ორმო და ცეცხლის კვალი.

RS-28 "სარმატი“ შექმნილია საბჭოთა კონტინენტთაშორისი რაკეტა "ვოევოდის“ ჩასანაცვლებლად. როგორც ამტკიცებენ, რაკეტას აქვს 18 ათას კილომეტრამდე ფრენის რადიუსი და შეუძლია ბირთვული საბრძოლო ქობინები გადაიტანოს, მაგრამ გამოცდის ან საბრძოლო მომზადების დროს, რაკეტებზე ბირთვული ქობინი არ არის დამონტაჟებული.

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ავარია შეიძლებოდა მომხდარიყო რაკეტის საწვავის შევსების დროს, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.

"სარმატის" შესახებ ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის 1-ლ მარტს თავის ცნობილ გამოსვლაში ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ, სარაკეტო და კოსმოსური ინდუსტრიის საწარმოებთან ერთად, დაიწყო "სარმატის" ტესტირების აქტიური ეტაპი.

"რადიო თავისუფლების" რუსული სამსახური იხსენებს, რომ ეს არის "სარმატის“ რაკეტის მეოთხე წარუმატებელი გამოცდა. "პლესეცკის“ კოსმოდრომიდან რაკეტის ერთადერთი წარმატებული გაშვება, როგორც ამას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, მოხდა 2022 წლის 20 აპრილს. წყარო