რამდენიმე წლის წინ, მახსოვს, სოფელ მარტყოფში მოიყვანეს 3 გიგანტური გოგრა, რომელზეც ვწერდი კიდეც, მაგრამ მათგან ამხელა არც ერთი ყოფილა. ეს ნამდვილი გიგანტია, - 500 კილოგრამზე მეტია და რაც მთავარია, ზრდას ჯერ კიდევ აგრძელებს. ზღაპრული და ჯადოსნური გარეგნობა აქვს. ინტერნეტში გიგანტური გოგრის ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"ჩერნობილიდანაა? კვახი 500 კილო კი არა, 50 კილომდეც არ იზრდება საქართველოში და თანაც სამეგრელოში" - წერენ გაოცებული ინტერნეტმომხმარებლები სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოს კომენტარებში.
მისი მომყვანი ირაკლი ჯღარკავაა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან, რომელიც AMBEBI.GE-ს გიგანტური გოგრის ამბავს უყვება:
- ამ გოგრის თესლი არ არის ქართული, არც ჰიბრიდია, უბრალოდ, ასეთი ჯიშია - ატლანტიკური გიგანტი ჰქვია. თესლი კანადიდან გამოვიწერე. იქ ხალხს ასეთი გიგანტური პროდუქტის მოყვანა ჰობად და სამოყვარულო სპორტადაც კი აქვთ ქცეული. შეჯიბრებები იმართება, ატარებენ ფესტივალებს. ყველაზე დიდი მსოფლიო რეკორდი, რაც გიგანტური გოგრის მოყვანის კუთხით დაფიქსირებულა - 1247 კილოგრამია. საერთოდ, ბოლო 10 წელია, აგრონომიული თემები ძალიან მიზიდავს, მომწონს, ფაქტობრივად ჩემი ჰობია. ამ გოგრის შესახებ ინფორმაციას 3 წლის წინ ინტერნეტში წავაწყდი. დამაინტერესა, იქნებ მეც გამომივიდეს-მეთქი. კანადაში იქაურებს დავეკონტაქტე, რომლებმაც თესლი გამომიგზავნეს. შარშან პირველი მცდელობა თბილისში, ჩემს აივანზე მქონდა. დავთესე, ნერგი გავზარდე, მაგრამ ის პირველი მცდელობა არ გამომივიდა, რადგან აივანზე მისთვის შესაბამისი პირობები არ მქონდა. მცენარემ პატარა ნაყოფი გამოიტანა, თუმცა შემდეგ ქარმა დამიმტვრია. მერე ზრდა შეაჩერა და მცენარე მოკვდა.
- მაგრამ წელს ისევ სცადეთ დაგეთესათ?
- რა თქმა უნდა. წელს სოფელში აპრილში ჩამოვედი, ერთი ცალი ჩითილი გამოვიყვანე. დათესვიდან ერთი თვე შენობაში, ხელოვნური განათების ქვეშ მქონდა, რადგან გარეთ სიცივე იყო და ღია გრუნტში ვერ გადამქონდა. არ დამიკლია მოვლა, პატრონობა, ყურადღება, შრომა... სანამ ღია გრუნტში გადავიტანდი, ნიადაგში ბიოლოგიური სასუქი შევიტანე და საერთოდ, ყველაფერი ის, რაც საჭირო იყო. შემდეგ 1-ელ ივნისს, ჩითილი ღია გრუნტში გადავიტანე და ასეთი შედეგი მაქვს. ერთი ცალი თესლით ეს გიგანტი გოგრა მივიღე. მისი ზრდის პროცესში მინერალურ სასუქებს ვაწვდიდი. ეს ისეთი მცენარეა, რაც უფრო მეტს "აჭმევ", უკეთესს შედეგს გაძლევს. 7 ივლისს უკვე მდედრობითი ყვავილი გამოაჩინა. ხელოვნურად დაიმტვერა. მერე შევფუთე, რომ სხვა მტვერი, მწერი არ მოხვედროდა. ეს იმისთვის, რომ თესლი 100%-ით დამეცვა და იგივე ყოფილიყო.
- ნაყოფის გაზრდას რა დრო დასჭირდა - რა ინტენსივობით იზრდებოდა?
- ზოგადად ამ მცენარის დათესვიდან მოსავლის აღებამდე 120-130 დღეა საჭირო. ჩემს გოგრას ეს პერიოდი უკვე გადალახული აქვს, მაგრამ ჯერ კარგ მდგომარეობაშია და ზრდას კიდევ აგრძელებს. მისი ზრდა დღეში 15 კილოგრამამდე აღწევდა.
- ამას როგორ იგებდით?
- სპეციალური პროგრამაა, სადაც ზომები სამგანზომილებაში შეგყავს და დაახლოებით წონას გიწერს. აქედან გამომდინარე ჩემი გოგრა 500 კილოზე მეტია. ჯერ რადგან ისევ ყუნწზეა და არ მომიჭრია, მისი რეალური წონა არ ვიცი, მაგრამ როგორც ინტერნეტში პროფესიონალები წერენ, მხოლოდ პატარა ცდომილებაა პროგრამის მიერ დაწერილ წონასა და რეალურს შორის. მოკლედ, ჯერ ისევ ყუნწზეა და კიდევ ვაკვირდები.
- დეკორატიული ჯიში ხომ არ არის?
- საჭმელად ამას არავინ იყენებს. ამის მოყვანა უფრო ჰობია და შეჯიბრი რეკორდებისთვის. დედამიწაზე მცენარეებში ყველაზე დიდი ნაყოფი ამ კონკრეტულ ჯიშს აქვს. როგორც გითხარით, არ არის გამოყვანილი, არც გენმოდიფიცირებული. საკვებად არც მე დამითესავს, თუმცა რომ დაიჭრება, ინტერესის გამო გემოს გავუსინჯავთ. მანამდე კი აუცილებლად ავწონით.
- საქართველოს რეკორდების ფედერაციას არ შეატყობინეთ?
- რამდენიმე დღის წინ მივწერე ინტერნეტით, ფოტოებიც გავუგზავნე. როგორც საიტზე უწერიათ,10 სამუშაო დღე უნდა, რომ საკითხი განიხილონ. ამიტომ, ჯერ ფედერაციის პასუხი არ ვიცი... ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ეს იდეა გახდეს პოპულარული. სოფელში ბევრი მსურველია, რომ მომავალ წელს დათესოს. ამას რაც მეტი გააკეთებს, უკეთესია. ყველას მინდა ვუთხრა, რომ თავად გაზრდის პროცესიც ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და აზარტულია. თან, მარტო მე რომ მაქვს და ვზრდი, ისეთი საინტერესო არ არის, თუ მეზობელიც მოიყვანს, საკითხს უკვე სხვანაირად შევხედავ.
- პროფესიით ვინ ბრძანდებით?
- ეკონომისტი, ფინანსები და საბანკო საქმე მაქვს დამთავრებული, მაგისტრატურა - მენეჯმენტის კუთხით. პროფესიით არცერთი დღე არ მიმუშავია. ვმუშაობდი ღვინის ქარხანაში, აიტის სპეციალისტი ვარ, აგრონომია კი ჩემი განსაკუთრებული გატაცებაა. ეზოში სათბურის კარკასი მაქვს, სამწუხაროდ, გადახურული არის, სადაც წელს 1000 ძირი პამიდორი დავრგე. მოვიდა, მაგრამ დიდი ნაწილი წვიმებმა გამიფუჭა - წელს ჭარბი ნალექი იყო. ახლა რომ ავიღებ ამ ყველაფერს, ვაპირებ, რომ სათბური გადავხურო. შემდეგ კი პამიდვრის ჩითილებს თავიდან დავრგავ. მაქვს ასე თხილი, მაგრამ ცოტა რთულად მოსავლელი კულტურაა და ამიტომ, მინდა ამოვიღო და ადგილი სხვა კულტურებს დავუთმო... 20 წელი აქ არ ვცხოვრობდით და ამის გამო ბევრი რამ გაფუჭდა... სოფელი თუ არ იქნა ძლიერი, ქვეყანას არაფერი ეშველება. უნდა მოვინდომოთ და შრომა არ უნდა დავიზაროთ. მეც ვიყავი სასწავლად სხვა ქვეყანაში წასული, კარგ სამსახურსაც მთავაზობდნენ, კარგ ანაზღაურებას, დარჩენის შანსი იყო, მაგრამ ვერ გავჩერდი და წამოვედი. ყველამ უნდა ვცადოთ და მოვსინჯოთ მიწასთან შრომა. ვინ იცის, იქნებ გამოვიდეს.