პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, სამწუხაროს უწოდებს.
კობახიძის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის.მინისტრის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა.
გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის.
შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით. გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა" - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგა.
ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს დაინიშნა, ის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ამილახვარმა აღნიშნულ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.