ავტორი:

“ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - “ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო

“ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - “ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო

“ენა არის მეხსიერების ერთგვარი ინსტრუმენტი და ხიდი საკუთარ სამშობლოსთან. როცა შენ ხარ ქართული წიგნებით გარემოცული, გარკვეულწილად სამშობლოში შეიძლება იგრძნო თავი რამდენი საათით მაინც” - ამ სიტყვებით გაიხსნა სტამბოლში ქართული ბიბლიოთეკა, რომლის უკანაც წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება და კომპანია “ბიბლუსი“ დგას.

6 წლის ემიგრანტ სესილის კითხვა ძალიან უყვარს. ის განათლებას თურქულ სკოლაში იღებს. წიგნებთან მისასვლელად რიგში თავის ადგილს იკავებს, მაგიდაზე გამოფენილ წიგნების ნაწილს დაჟინებით აკვირდება და გვერდზე მდგომ დედას ჩურჩულით ეუბნება: “როდის წავიღებთ სახლში?”.

“წიგნები ძალიან მიყვარს, ქართული და თურქულიც, ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ მამა ილიამ რომ გვითხრა, მას შემდეგ ველოდები ამ დღეს“, - ამბობს სესილი ნადირაძე.

სესილის მსგავსად, ბიბლიოთეკის გახსნას სხვა ქართველი ემიგრანტებიც მოუთმენლად ელოდნენ. მეტიც, სწორედ მათი თხოვნით მიიღო “ბიბლუსმა” გადაწყვეტილება, რომ წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება სტამბოლსაც სწვეოდა.

და აი ასე - “ბიბლუსმა“ საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ქართული ბიბლიოთეკა სტამბოლში გახსნა.

კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს ინიციატივით, ბიბლიოთეკა ამავე სამრევლოს ტაძრის კომპლექსში მოეწყო. ის ქართველი და უცხოელი მწერლების ნაშრომებს აერთიანებს.

ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი რგოლი წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოებაა, რომელიც ორი მიმართულებით მუშაობს.

“წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარე და “ბიბლუსის“ კრეატიული დირექტორი, გიორგი კეკელიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პროექტის პირველი მიმართულება ახალი წიგნებითა და კომპიუტერებით სოფლის ბიბლიოთეკების მომარაგება და ლექციების ციკლის ჩატარებაა; მეორე კი - ქართული სამკითხველოების საზღვარგარეთ გახსნა.

“წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება” მას შემდეგ დაარსდა, რაც მე “ბიბლუსის” გუნდს შევუერთდი. ეს არის იმ საქმეების გაგრძელება, რასაც მე მაშინდელ კოლეგებთან ერთად ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაკეთებდი.“

ათობით სოფელი დავლაშქრეთ. ბოლოს სვანეთში ვიყავით. მალე ახალციხის ტური იქნება. საზღვარგარეთ - ემპოლი ვროცლავი დღეს უკვე მესამეა სტამბოლში, კონსტანტინოპოლის ქართულ სამრევლოში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს და მამა ილია ჯინჯოლავას მხარდაჭერით შეიქმნა”,- აცხადებს კეკელიძე.

გიორგი კეკელიძის პროგნოზით ეს სივრცე კულტურული კერა გახდება, რომელიც ემიგრანტების შვილებს სამშობლოსთან მიახლოების შანსსა და დროს მისცემს. თავად “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” იდეაც ხომ ეს არის.

“მალე იგეგმება ჰოლანდია და გერმანია. მომავალი წლისთვის იაპონია ამერიკა, კანადა, სადაც მეტი პარტნიორი გამოჩნდება კიდევ უფრო სერიოზული იქნება ეს პროექტი.

რუსუდან ჩავლეიშვილი, 16 წელია ემიგრანტის სტატუს ატარებს. მისი თქმით, ქართულ ენასთან სიახლოვის მნიშვნელობას საზღვრის კვეთიდან მალევე მიხვდა.

“ხშირად მიჩნდება კითხვა - როგორ შევუნარჩუნო ქართული ენა ჩემს შვილს? მამა ილია ამბობს, რომ შენი ქვეყნის ლიტერატურას ემიგრაციაში კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ენიჭება, სტამბოლში კი რთულია ქართული ლიტერატურის შეგროვება.

ჩემი შვილი ახლა საქართველოშია, მალე ჩამოვა ჩემთან და ერთი სული მაქვს, როდის გადავიკითხავთ თანამედროვე საბავშვო ლიტერატურას. თურქულ ენასაც ეუფლება, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლიურ ენაზე გამართულად საუბარი”.

კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს ტაძრის ეზოში ბიბლიოთეკის გახსნის დღეს ქართველი ემიგრანტები ერთმანეთში ირევიან, ისედაც ხალხმრავალი სივრცე ახლა უკვე განათლებისა და სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად ქართველ მკითხველს ელოდება.