ავტორი:

11 წლის მოზარდი თანატოლებმა ფარდულში გამოკეტეს და იქაურობას ცეცხლი წაუკიდეს - დაღუპული ბიჭის დედის რთული გზა სამართლიანობის აღდგენამდე: რა მოხდა რუსეთში?

11 წლის მოზარდი თანატოლებმა ფარდულში გამოკეტეს და იქაურობას ცეცხლი წაუკიდეს - დაღუპული ბიჭის დედის რთული გზა სამართლიანობის აღდგენამდე: რა მოხდა რუსეთში?

ალბერტ უმბეტიაროვის დედამ წელიწადნახევარი იბრძოლა, რომ შვილის სიკვდილთან დაკავშირებული მოზარდები პასუხისგებაში მიეცათ. საქმე მხოლოდ საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ დაიძრა.

შემთხვევა 2023 წლის მაისში მოხდა. სკოლის გამოსაშვები საღამოს შემდეგ, 11 წლის ალბერტმა მშობლებისგან ნებართვა მიიღო, რომ მეგობართან ერთად გასართობად დუბოვაია როშას დასახლებაში წასულიყო. სახლში დაბრუნებას საღამოს ხუთ საათზე დაჰპირდა. თუმცა რამდენიმე საათში, ქრისტინა უმბეტიაროვას აცნობეს, რომ მისი შვილი თავლაში დაიწვა.

როგორც გაირკვა, ბიჭებს შეუერთდნენ კიდევ ორი ბავშვი 13 წლის ანდრეი და გენა (არასრულწლოვნების სახელები შეცვლილია). ადგილზე არასრულწლოვნებს შორის კონფლიქტი მოხდა, რაც ერთ-ერთის სიკვდილით დასრულდა.

მოსკოვის ოლქის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე 105-ე მუხლით („მკვლელობა“) გახსნა. დადასტურდა ფაქტი, რომ ჩხუბის დროს ბავშვებმა ალბერტი თავლაში გამოკეტეს და იქაურობის გადაწვა სცადეს. ამას მოწმობს ექსპერტიზა, რომლითაც დასტურდება, რომ ცეცხლი გაჩნდა ასანთის ან სანთებელას გამოყენებით.

ადგილზე ხის ნაგებობები თავის დროზე უკანონოდ აშენდა. იქ ახალგაზრდები იკრიბებოდნენ, ხმაურობდნენ, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. ადგილობრივები ამაზე ხშირად ჩიოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. შენობები მხოლოდ ტრაგედიის შემდეგ დაანგრიეს.

გამოკითხვის დროს ანდრეი და გენა ამტკიცებდნენ, რომ ცეცხლი ალბერტმა გააჩინა. გამოძიებისთვის სწორედ ეს ვერსია გახდა მისაღები, თუმცა გამოძიება ასევე მიმდინარეობდა 127-ე მუხლით („უკანონო თავისუფლების აღკვეთა“). გაზაფხულზე სისხლის სამართლის საქმე დახურეს, მიზეზად "მტკიცებულებების არარსებობა" დაასახელეს.

"შესაძლოა ისინი დაუსჯელები დარჩენილიყვნენ"

ალბერტის დედა ადვოკატთან ერთად ცდილობდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაეუქმებინა. მომხდარზე მან მედიასთან ისაუბრა. საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა ალექსანდრ ბასტრიკინმა გამოძიების განახლების დავალება გასცა. ქრისტინა უმბეტიაროვა იმედოვნებდა, რომ ეს შედეგს მოიტანდა: მისი თქმით, ბევრ შეუსაბამობას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, დღემდე გაურკვეველია, რა გახდა ხანძრის წყარო. თუმცა, ივლისში საქმე კვლავ დახურეს.

შემდეგ საქმით დაინტერესდა სახელმწიფო დუმის დეპუტატი არტიომ მეტელევი. მან გენერალურ პროკურატურას მიმართა, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ აეყვანათ. მისი თქმით, თუ მოზარდების დანაშაული დადასტურდება, სასამართლოს საშუალებით მათი სპეციალურ საგანმანათლებლო-სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაყვანა შესაძლებელი იქნებოდა. (დანაშაულის მომენტში მოზარდები 14 წელს მიღწეულები არ იყვნენ)

  • სექტემბრის ბოლოს მეტელევს აცნობეს, რომ რამენსკის პოლიციამ ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა, სადაც ითხოვა ერთ-ერთი არასრულწლოვნის სპეციალურ დაწესებულებაში სამი წლით განთავსება — ეს მაქსიმალური ვადაა.

სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც ქრისტინამ მედიიდან გაიგო.

"მივიღე ოფიციალური დადასტურება საგამოძიებო კომიტეტისგან, მართალია კოლონიაში არ გადაიყვანენ, მაგრამ შეიძლება ამისთვისაც დამნაშავეებს თავი აერიდებინათ და დაუსჯელები დარჩენილიყვნენ. ვზივარ და ვტირი" - დაწერა გარდაცვლილი მოზარდის დედამ.