ადამიანს [დარჩო ხეჩუაშვილს] 18-წლიანი ციხე ემუქრებოდა და ასეთ დროს ის ე.წ. მწვანე საზღვარს კვეთს და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას ცდილობს. ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, თუ ის საქართველოში მორიგი დავალების შესასრულებლად არ შემოდის? – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გივი თარგამაძეზე თვალთვალი, თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ დარჩო ხეჩუაშვილს მიხეილ სააკაშვილმა დაავალა.
მისი შეფასებით, არჩევნებამდე 2 კვირაა დარჩენილი და სახელმწიფოს მაქსიმალური სიფრთხილე სჭირდება, რადგან საარჩევნო პროცესი პროვოკაციების გარეშე წარიმართოს.
"დეტალები საინტერესოა, ეს უმძიმესი პროვოკაცია უშუალო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია. მართალია, ეს ადამიანი ბოლომდე ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ადებს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დამატებით გამოძიება და დიდი სიფრთხილე, წარმოიდგინეთ ადამიანს პირდაპირ ემუქრებოდა 18-წლიანი ციხე და ასეთ დროს ის ე.წ. მწვანე საზღვარს კვეთს და ცდილობს საქართველოში შემოვიდეს უკანონოდ. ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, თუ ის საქართველოში მორიგი დავალების შესასრულებლად არ შემოდის? ეს არის ვარაუდი, რომელიც შეიძლება გამოითქვას, თუმცა დანარჩენს გამოძიება დაადგენს.
მაგრამ ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილე გვჭირდება, საარჩევნო პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში, უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, არჩევებამდე 2 კვირაა დარჩენილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საარჩევნო პროცესი ასე მშვიდად მივიყვანოთ ბოლოში. ამისათვის გვჭირდება მძიმე პროვოკაციების პრევენცია, რომელზეც გრძელდება საუბარი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიულ ოფისებში. სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად კონცენტრირებული, რათა არა მძიმე არამედ ვერცერთი პროვოკაცია ვერ მოაწყონ ამ ორი კვირის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულს, დარჩო ხეჩუაშვილს პოლიტიკოსის თვალთვალსა და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაპირდნენ.
როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გივი თარგამაძეზე თვალთვალი და კონტროლი, დარჩო ხეჩუაშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაავალა.
წაიკითხეთ ასე