ავტორი:

ცვლილებები მთავრობაში: სპორტისა და კულტურის სამინისტროს გაიყოფა - ვინ იქნებიან ახალი მინისტრები?

ცვლილებები მთავრობაში: სპორტისა და კულტურის სამინისტროს გაიყოფა - ვინ იქნებიან ახალი მინისტრები?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე უწყებებად ჩამოყალიბდება.

"არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს გაიყოფა ანუ კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება როგორც ცალკე ინსტიტუტი და ჩამოყალიბდება ცალკე სპორტის სამინისტრო. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები სპორტის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და ცალკე, სპორტის სამინისტროს შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება განსაკუთრებულ პრიორიტეტად და სწორედ ამის გამოხატულება იქნება სპორტის სამინისტროს არსებობა“, - განაცხადა კობახიძემ.

  • მისივე თქმით, გაყოფის შემდეგ, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად ახლად დანიშნული მინისტრი - თინათინ რუხაძე დარჩება.

"1989 წლიდან ის არის საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი. ასევე ის იყო ტელეფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი; იყო ტვ „ტიბისი TV-ის“ გენერალური პროდიუსერი; ასევე, საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი; შპს „მელოდია არტის“ დირექტორის მოადგილე, გენერალური პროდიოუსერი; ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი; იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში და 2016 წლიდან დღემდე, ის იყო მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე და მოგვიანებით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

სპორტის სამინისტროს კი შალვა გოგოლაძე ჩაიბარებს, რომელიც უწყების გაყოფამდე, თინათინ რუხაძის პირველი მოადგილე იქნება და სპორტის მიმართულებას ჩაიბარებს.

"რაც შეეხება კულტურისა და სპორტის მინისტრს, ვიდრე სამინისტრო გაიყოფა, იქნება ერთი მინისტრი- თინათინ რუხაძე. შალვა გოგოლაძე კი ამ ეტაპისთვის დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ის იქნება სპორტის კურატორი კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო მას შემდეგ, რაც სპორტის სამინისტრო გაიყოფა, ის დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.