ავტორი:

რატომ უტევს უკრაინა რუსეთის სპირტის ქარხნებს? - "ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ რუსმა ხალხმა ნაკლები დალიოს"

რატომ უტევს უკრაინა რუსეთის სპირტის ქარხნებს? - "ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ რუსმა ხალხმა ნაკლები დალიოს"

"რატომ უტევს უკრაინა რუსეთის სპირტის ქარხნებს?“ - ამ სათაურით ბი-ბი-სის საინფორმაციო სამსახური ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთში არსებული სპირტის ქარხნები არაერთხელ გახდა უკრაინული დრონების სამიზნე.

27 ოქტომბრის საღამოს დრონებმა იერიში მიიტანეს სპირტის ქარხანაზე ქალაქ ნოვოხოპერსკთან, ვორონეჟის რეგიონში. ეს უკვე მეორე მსგავსი თავდასხმა იყო გასული კვირის განმავლობაში. ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის თქმით, დრონი მეურნეობის შენობის სახურავზე დაეცა. მისივე განცხადებით, თავდასხმას ხანძარი და მსხვერპლი არ მოჰყოლია. დრონებმა შეუტიეს ანენსკის რაიონსაც, სადაც ადგილობრივი სპირტის ქარხანა მდებარეობს.

მანამდე კი, 22 ოქტომბერს, დრონების მეშვეობით თავს დაესხნენ რუსეთის სპირტის ქარხნებს, ტულის, ტამბოვის და ვორონეჟის რეგიონებში, რის შედეგადაც ზიანი მიადგა საწარმოებს. ოპერაციაში მონაწილეობდა ათეულობით საბრძოლო დრონი.

  • სპირტი სამხედრო მიზნებისთვის

გასულ წელს რუსებმა ძალიან დიდი ოდენობის ალკოჰოლური სასმელი შეიძინეს. 2023 წელს ქვეყნის თითოეულ მაცხოვრებელზე საშუალოდ რვა ლიტრი სუფთა სპირტი მოდიოდა, რაც ბოლო ცხრა წლის რეკორდია.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სპირტის ქარხნებზე თავდასხმები სამხედრო მიზნებით ხორციელდება. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკოს თქმით, უკრაინული დრონები მართლაც უტევენ რუსეთის სპირტის ქარხნებს. მისი თქმით, ეს ქარხნები "შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო ობიექტებად“.

"რუსები სპირტის ქარხნებს იყენებენ არა მხოლოდ სპირტის წარმოებისთვის, არამედ სხვადასხვა სახის საწვავის და ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლადაც, რაც სამხედრო მიზნებისთვის არის განკუთვნილი“, - ამბობს კოვალენკო. მისი თქმით, ქარხნებში აწარმოებენ სარაკეტო და საავიაციო საწვავს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, ხოლო სპირტი ასევე საჭიროა საავიაციო სფეროში: მას ამატებენ საწვავში, მუხრუჭების სისტემებში, წმენდის სითხეებში და ყინვის საწინააღმდეგო საშუალებებში.

  • არის თუ არა ეს სიმართლე?

სპირტის ნამდვილად გამოიყენება ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში. კერძოდ, ჰიდროლიზის მეშვეობით სპირტი გარდაიქმნება ეთილენგლიკოლად, რომელიც შემდგომში შეიძლება იქცეს ასაფეთქებელ ნაერთ ეთილენგლიკოლდინიტრატად (ე.გ.დ.ნ), იგივე ნიტროგლიკოლად.

პირველად სუფთა ნიტროგლიკოლი 1870 წელს ბელგიელმა ქიმიკოსმა ლუი ანრიმ მიიღო, მცირე რაოდენობით ეთილენგლიკოლის დამატებით აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას ნაზავში, რომელიც 0°C-მდე იყო გაციებული. 1914 წელს გერმანიამ ის დინამიტისთვის ანტიფრიზად გამოიყენა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, გლიცერინის დეფიციტის გამო, გამოიყენებოდა უსუნო დენთის წარმოებაში, თუმცა ტოქსიკურობის გამო სამხედრო სფეროში თითქმის აღარ იყენებენ. მას ზოგჯერ ტერორისტები იყენებენ თვითნაკეთი ბომბების დასამზადებლად.

სპირტის ნაერთი პოლიეთილენგლიკოლი ასევე გამოიყენება მყარი სარაკეტო საწვავის კომპონენტებში, ხოლო სპირტი ფართოდ გამოიყენება სამხედრო მედიცინაში. ის ობიექტები, რომლებზეც თავდასხმა მოხდა რუსულ მედიაში აცხადებენ, რომ ისინი პროდუქციას რუსეთის თავდაცვის სექტორს აწვდიან.

სხვა რუსი სამხედრო ექსპერტი, ვასილი დანდიკინი, ფიქრობს, რომ დრონების იერიშმა შესაძლოა რუსულ ავიაციას ავნოს: "სპირტის ქარხნებს იმიტომ არ უტევენ, რომ რუსმა ხალხმა ნაკლები დალიოს. ვფიქრობ, ეს თავდასხმები სამხედრო მიზნებს უკავშირდება".

მისი განცხადებით სპირტი გამოიყენება არა მხოლოდ ალკოჰოლური და საკვები პროდუქციის წარმოებაში, არამედ მრეწველობაში, მათ შორის მედიცინასა და ავიაციაში: სპირტზე დამზადებული სითხეები გამოიყენება, თვითმფრინავების ყინვისგან დასაცავად.

ბი-ბი-სი-სთან საუბრისას უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა არ ისურვა პირდაპირი პასუხის გაცემა, თუ რატომ უტევენ რუსულ სპირტის ქარხნებს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ობიექტები ყველაზე ნაკლებად იყვნენ დაცულნი საჰაერო და რადიოელექტრონული თავდაცვით.

"რუსეთმა ბოლო თვეებში საჰაერო თავდაცვა მნიშვნელოვნად გააძლიერა, რაც ჩვენი დრონებისთვის თავდაცვის გადალახვას უფრო რთულს ხდის. ეს ობიექტები კი შედარებით ნაკლებად იყვნენ დაცულნი", - განმარტა მან.

იხილეთ ასევე: