ავტორი:

"ევროპის ქვეყნებში საკურიერო კომპანიების ამანათები ფეთქდებოდა, ან ალდებოდა, უჩნდებოდა ცეცხლი" - გამოძიება რუსულ კვალზე საუბრობს

"ევროპის ქვეყნებში საკურიერო კომპანიების ამანათები ფეთქდებოდა, ან ალდებოდა, უჩნდებოდა ცეცხლი" - გამოძიება რუსულ კვალზე საუბრობს

პოლონეთის პროკურატურის განცხადებით, პოლონეთში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში, საკურიერო კომპანიების ამანათებს მასობრივად უჩნდებოდა ცეცხლი და ეს საბოტაჟის მოწყობის მიზნით ხდებოდა, რათა შეფერხებულიყო ფრენები აშშ-სა და კანადაში. აღსანიშნავია, რომ ამანათების აფეთქების შემთხვევები 2024 წლის ივლისში მოხდა.

  • პროკურორ კატარჟინა ცალოვ-იაშევსკას განცხადებით, საქმეზე დაკავებულია ოთხი ადამიანი. მისივე ინფორმაციით, ხელისუფლება ინციდენტებს ევროპის მასშტაბით იძიებდა.

დასავლეთის უსაფრთხოების ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს მედიას განუცხადეს, რომ მათი აზრით, ხანძრები რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, GRU-ს მიერ ორგანიზებული კამპანიის ნაწილი იყო.

ცალოვ-იაშევსკას თქმით, რუსული დაზვერვის წარმომადგენლები საკურიერო კომპანიების მეშვეობით, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საშიში მასალების შემცველ ამანათებს აგზავნიდნენ. ამანათები შემდეგ უცებ ალდებოდა, ცეცხლი უჩნდებოდა, ან ფეთქდებოდა.

  • დასავლეთის ოფიციალური პირების აზრით, ხანძრები ელექტრო მასაჟის აპარატებით იყო გამოწვეული, რომლებიც "მაგნიუმის შემცველ" ნივთიერებას შეიცავდა. მაგნიუმით გამოწვეული ცეცხლის ჩაქრობა რთულია, განსაკუთრებით, თვითმფრინავის ბორტზე.

მაგალითად, ივლისში, სამჯერ აფეთქდა კონტეინერი, რომელიც ვარშავასთან ახლოს, გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, სატრანსპორტო კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავზე უნდა მოეთავსებინათ, ისევე, როგორც მინვორთში, ბირმინგემის მახლობლად.

გერმანიაში, შიდა დაზვერვის სააგენტოს (BfV) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მხოლოდ იღბლის წყალობით არ აალდა ლაიფციგში, ერთ-ერთ თვითმფრინავში მოთავსებული მოწყობილობა.

  • აშშ-ს სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ში, გარკვეული ტვირთებისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში დამატებითი უსაფრთხოების ზომები შემოიღეს.

პოლონეთის მთავრობამ უკვე უპასუხა სავარაუდო რუსულ საბოტაჟს, საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკი რუსეთის ელჩის გაძევებით დაიმუქრა, "თუ თავდასხმები არ შეწყდება".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს დაგმო, როგორც "მტრული ნაბიჯი, რომელსაც მტკივნეული პასუხი მოჰყვება".

წყარო