ავტორი:

"ელდასავით იყო ეს ამბავი... 2 წლის გოგონას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს" - ჩვენ შეგვიძლია პატარა საბიანას გადარჩენა

"ელდასავით იყო ეს ამბავი... 2 წლის გოგონას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს" - ჩვენ შეგვიძლია პატარა საბიანას გადარჩენა

სოციალურ ქსელში ბევრი თქვენგანი გადააწყდებოდა სტატუსს - 2 წლის საბიანა სიხარულიძის დასახმარებლად! ბევრმა თქვენგანმა მის გადასარჩენად სისხლიც გაიღო, თუმცა პატარას გადასარჩენად გრძელვადიანი მკურნალობა და დიდი ფინანსებია საჭირო. გვესაუბრება საბიანას ოჯახის ახლობელი ირმა ხარშილაძე:

"ეს უსაყვარლესი გოგონას ჩემი ბიძაშვილის შვილია - ყოველთვის გამორჩეულად ხალისიანი, ცელქი და ენერგიული ბავშვი იყო, "ქარიშხალაც“ კი შევარქვი. რამდენიმე დღის წინ კი... ძალიან მძიმე ამბავი შევიტყვე, სწორედ სოციალური ქსელიდან: ოჯახის მეგობარი და ბავშვის ნათლია - ხათუნა ხუნდაძე წერდა, რომ საბიანა სიხარულიძე მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იწვა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზით და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სისხლის გადასხმა.

ელდასავით იყო ეს ამბავი. მაშინვე ბავშვის დედას, ჩემს ბიძაშვილს ქეთი გაფრინდაშვილს დავუკავშირდი და საბიანას ამბავი გამოვკითხე. ქეთიმ, რომელიც პროფესიით ექიმია, მიამბო, რომ დაბადებიდან, აბსოლუტურად, ჯანმრთელი ბავშვი, მუდამ მოუსვენარი და სიცოცხლით სავსე საბიანა ბოლო ხანს ძალიან მოდუნდა, უგუნებოდ იყო, სახის ფერიც შეეცვალა, არც ჭამის მადა ჰქონდა, ამიტომ წავიყვანე ექიმთან, ანალიზები რომ გადამემოწმებინაო. 3 ნოემბერს ბავშვი იაშვილის კლინიკაში დააწვინეს, ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარეს და 6 ნოემბერს დაუსვეს მძიმე დიაგნოზი - მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია.

პირველ რიგში, ბავშვის მოსაღონიერებლად აუცილებელი იყო სისხლის გადასხმა. ჩვენს ხალხს თანადგომა არ ეშლება და მაშინვე გამოეხმაურნენ ხათუნა ხუნდაძის პოსტს, ყველა საკუთარ გვერდზე აზიარებდა - 2 წლის საბიანასთვის სისხლის გასაღებად საოცრება ხდებოდა, იმდენი ადამიანი მივიდა კლინიკაში... ოჯახის წევრები ძალიან მადლიერები არიან თითოეულის - მეგობრის, ნაცნობის, უცნობი ადამიანების, ვინც ასეთი გაჭირვების ჟამს გვერდით დაუდგა ოჯახს.

სისხლის გადასხმამ დადებითი შედეგი გამოიღო, წითელი ბურთულების რაოდენობა გაიზარდა და ბავშვი შედარებით მოღონიერდა. ახლა მომდევნო და უმნიშვნელოვანესი ეტაპია გადასალახავი. ქეთი სულ ბავშვთან არის, კლინიკაში, ამიტომ ამჯერად ჩემს სიძეს, ბესო სიხარულიძეს გამოვკითხე თავის მეხუთე შვილის, 2 წლის ტყუპისცალის - საბიანას ამბავი.

რადგან ბავშვი ძალიან პატარაა, მშობლებმა მკურნალობის თურქეთის კლინიკაში ჩატარება ამჯობინეს - 6 თვით უნდა წავიდნენ სტამბოლში.

ბავშვის მკურნალობას მთლიანად ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, რისთვისაც დიდი მადლობა მას, მაგრამ სტამბოლში ფრენა, 6 თვე იქ ყოფნა, არცთუ ცოტა თანხას მოითხოვს. სხვადასხვა ფონდებთან საუბრიდან შევიტყვეთ, რომ დედისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა ახლდეს 2 წლის ბავშვს, დღიურად 70 ევრო მაინც არის საჭირო და ამას ფრენებსაც რომ დავუმატებთ, ოჯახისთვის წარმოუდგენლად ბევრი გამოდის.

ამასთან ერთად, საბიანას ჰყავს ტყუპი ძმა - დოროთე, რომელსაც ასევე აქვს რთული დიაგნოზი - იშვიათი მძიმე დაავადება, სპინალურ-კუნთოვანი ატროფია. ჩვენი ვებგვერდის მკითხველებს ემახსოვრებათ კიდეც 1 წლის წინ დაწერილი სტატია, დოროთეს დასახმარებლად. ბავშვს სწორედ თქვენი ფულადი დახმარებით ჩაუტარდა მკურნალობა და წყლის მასაჟები. მართალია, უკვე 2 წლის დოროთე კვლავ ვერ დადის, მაგრამ იმ მასაჟებმა მაინც გააუმჯობესა ბიჭუნას მდგომარეობა. ამჯერად ტყუპის მამა უნდა დარჩეს დოროთესთან და, ცხადია, ვერც სამსახურში ივლის, დედა კი საბიანას გაჰყვება. ამიტომ ორივე ბავშვს სჭირდება ჩვენი ხელშეწყობა. დოროთე რომ ახლა უკეთესადაა, ესეც თქვენი ხელშეწყობით მოხდა და ამისთვის, ყველას უდიდესი მადლობა, ერთად სასწაულის მოხდენაც შეიძლება და ჩვენ, ყველანი ერთად მოვახდენთ ამ სასწაულს - საბიანაც აუცილებლად განიკურნება და დოროთეც გაივლის! თუნდაც 1 ლარი მათი გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა უდიდესი მხარდაჭერისთვის!

გიზიარებთ მშობლების ანგარიშებს:

თიბისი ბანკი

#GE19TB7525545064300001 ქეთევან გაფრინდაშვილი (დედა)

#GE58TB7053145068100002 ბესო სიხარულიძე (მამა)

საქართველოს ბანკი

#GE34BG0000000898721300 ბესო სიხარულიძე

ფეიფალი #besosikharulidze77@gmail.com

დანიშნულებაში მიუთითეთ: საბიანასთვის