მეცნიერები დედამიწის მიღმა არსებული სამყაროს შესასწავლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ წინ. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც დიდი ყურადღება ეთმობა უცხოპლანეტელებია - არსებობენ თუ არა ისინი და თუ არსებობენ, რამდენად არის მზად ადამიანი იმ შემთხვევებისთვის, თუ უცხო სამყაროდან სიგნალებს აღმოაჩენენ და რამდენად შეძლებენ ამ შეტყობინებების გაშიფვრას.
სწორედ ამ საკითხის კვლევის მიზნით, Nasa-მ უცხოპლანეტელების სიმულირებული სიგნალი მარსზე გაუშვა, გაშვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი მისი გაშიფვრა მოქალაქე მეცნიერებმა, მამა-შვილმა კენი და კელი ჩაფინებმა შეძლეს.
"უცხოპლანეტელების“ სიმულირებული შეტყობინება შეიქმნა ასტრონომებისა და კომპიუტერული მეცნიერების მცირე ჯგუფის თანამშრომლობით და ევროპის კოსმოსური სააგენტოს მხარდაჭერით.
კოდირებული გზავნილი NASA-ს ExoMars-ის ორბიტიდან 2023 წლის მაისში გავრცელდა. SETI-ს ინსტიტუტმა კი მის გასაშიფრად საზოგადოება მიიწვია. რამდენიმე თვის განმავლობაში ათასობით ადამიანი ცდილობდა სიმულირებული კოდის გაშიფვრას, ისინი იდეებს ერთმანეთს სხვადასხვა ონლაინ ფორუმებზე უზიარებდნენ.
შეტყობინება შედგებოდა "იდუმალი" მოციმციმე, თეთრი წერტილებისგან, რომელიც განლაგებული იყო შავ ფონზე, ხუთ ჯგუფად.
როგორც აღვნიშნეთ, "საიდუმლოს“ ამოხსნა შეძლო მამა-შვილმა. კენი და კელი ჩაფინებმა, მაგრამ ჯერ კიდევ დებატებისა და განხილვის საგანია ის, თუ რას გადმოსცემს ის და რა არის შეტყობინების სათქმელი.
"დაშიფრული შეტყობინება მარტივი გამოსახულებაა 5 ამინომჟავის და ნაჩვენებია უნივერსალური ორგანული მოლეკულური დიაგრამით, რამდენიმე წერტილით, რომლებიც ჩნდება ამინომჟავების კლასტერებსა და მოლეკულურ დიაგრამებს შორის“, - წერს კენი აღმოჩენის შესახებ.
ახლა, როდესაც შეტყობინება გაშიფრულია, შემდეგი ნაბიჯი არის მისი ინტერპრეტაცია და იმის განსაზღვრა, თუ რისი გადმოცემა იყო დაგეგმილი ამ სიგნალით.
კვლევის მიზანია დაადგინონ, თუ რა ინტერპრეტაცია შეიძლება მისცეს ადამიანმა უცხო სამყაროდან შემოსულ სიგნალებს და რამდენად ახლოს შეიძლება იყოს ეს ინტერპრეტაციები რეალობასთან.
იხილეთ ასევე: