ავტორი:

რატომ გრძნობენ აბორტის საჭიროების მქონე ქალები თავს საზოგადოებისგან გარიყულად?

რატომ გრძნობენ აბორტის საჭიროების მქონე ქალები თავს საზოგადოებისგან გარიყულად?

38 წლის თიკო (სახელი შეცვლილია) ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომელსაც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა დასჭირდა, თუმცა მძიმე სოციალური მდგომარეობისა და ახლობლებისგან უარყოფითი უკუკავშირის მიღების შიშით ამის გასაკეთებლად უდიდესი ფიზიკური ტკივილისა და მძიმე სტრესის გადატანა მოუწია:

„4-5 წლის წინანდელ ამბავს გიყვებით. ჩემი მეუღლე სამი წლით წავიდა რუსეთში სამუშაოდ. უკვე ორი შვილი გვყავდა და მისი წასვლიდან 3 თვეში აღმოვაჩინე, რომ მესამეზე ვიყავი ორსულად. იმ პერიოდში ისეთი ფინანსური მდგომარეობა გვქონდა, აბორტის გარდა არაფერზე მიფიქრია. ამას სახლში დედამთილ-მამამთილთან ვერ ვიტყოდი. ასევე ჩემი გადაწყვეტილება ვერც მეგობრებს გავუმხილე, მრცხვენოდა, არადა ვინმესგან ფული უნდა მესესხა.

პირველი, რაც გავაკეთე, ინტერნეტში მოვიძიე გინეკოლოგიური კლინიკები, რადგან აქამდე აბორტი არ მქონდა გაკეთებული და არ ვიცოდი, სად მივსულიყავი. გინეკოლოგი, ვისთანაც წლების წინ დავდიოდი, ოჯახის ახლობელი იყო, ამიტომ მასთან საუბრის მომერიდა. რამდენიმე კლინიკაში დავრეკე და ძალიან მეძვირა პროცედურის ფასი, ნათქვამი თანხის ნახევარიც კი არ მქონდა შეგროვებული. მედიკამენტური აბორტისთვისაც უკვე დიდ ვადაზე ვიყავი და ქირურგიული ჩარევით მიწევდა პროცედურის ჩატარება, რაც უფრო მეტ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

გავარკვიე, რომ მინიმუმ 270 ლარი მჭირდებოდა, მე კი დაახლოებით 150 ლარის გადახდა შემეძლო. დღეს კარგად არ მახსოვს, რას ვფიქრობდი და როგორ ვგრძნობდი თავს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ჩემთვის იყო ის, რომ ორ კლინიკაში ტელეფონზე მოპასუხე ოპერატორები ძალიან უხეშად მომექცნენ. ერთმა მითხრა, რომ ეს სამშობიარო იყო, აბორტი არ კეთდებოდა და საერთოდ როგორ გავბედე დარეკვა, მეორემ კი განმიმარტა, რომ ჯერ ექოსკოპიაზე უნდა მივსულიყავი, ბავშვის გულისცემა მომესმინა, შემდეგ მოსაფიქრებლად მომცემდნენ 5 დღეს და ამის მიხედვით უნდა მიმეღო გადაწყვეტილება. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ბავშვის გულისცემა მომესმინა და შემდეგ ამაზე ფიქრი გამეგრძელებინა.

ინტერნეტით მივაგენი ერთ პოლიკლინიკას თბილისის გარეუბანში, სადაც სხვა კლინიკებთან შედარებით თითქმის ნახევარ ფასად აკეთებდნენ აბორტს. მაშინვე დავრეკე. თან მეშინოდა, თან მრცხვენოდა და მეგონა, რომ იქ მისულს ნაცნობი დამხვდებოდა ან რაღაც დამემართებოდა და მოვკვდებოდი. ამანაც გადამაწყვეტინა, რომ არავისთვის არაფერი მეთქვა და მეგობრებს არ შევძულებოდი. შიშის გამო მაინც დავურეკე ნათესავს, თუმცა მოვატყუე, რომ სავარაუდოდ კისტა მქონდა და იქნებ კლინიკაში გამომყოლოდა.

ადგილზე მისულს კიდევ უფრო შემეშინდა, განსაკუთრებით ჰიგიენურ პირობებზე რომ დავფიქრდი, რადგან პატარა, არც ისე მოწესრიგებული დაწესებულება დამხვდა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პოლიკლინიკის ამ ფლიგელში მხოლოდ ეს პროცედურა ტარდებოდა. საკმაოდ დიდი რიგი იყო, ბევრი ქალი იცდიდა. თითქოს დანაშაულის ადგილზე მოვედი, ყველას ისეთი მოღუშული სახე ჰქონდა. ჩემი რიგი რომ მოვიდა, ნათესავი გარეთ დავტოვე და შევედი. პროცედურა ნარკოზის გარეშე ჩავიტარე, იმიტომ რომ თანხის დამატების შესაძლებლობა არ მქონდა. ჯოჯოხეთური ტკივილი იყო, არ ვიცი, როგორ გავუძელი. ექიმის თანაშემწე ქალმა რჩევები მომცა: მითხრა, რომ 5-დან 10 დღეში განმეორებით ექოსკოპიაზე მივსულიყავი.

ჩემი ნათესავი რა თქმა უნდა, მიხვდა, რაც ხდებოდა და პროცედურიდან გამოსულს მითხრა, რომ ეჩქარებოდა და უნდა წასულიყო, აღარ დამლოდებია. მას შემდეგ ნაკლებად გვაქვს კონტაქტი, თითქმის აღარ ვნახულობთ ერთმანეთს. მივხვდი, რომ ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა. ერთია გაჭირვება და მეორეა, ადამიანებისგან ცივ და გულგრილ დამოკიდებულებას რომ გრძნობ. აბორტის შემდეგ ექოსკოპიაზე აღარც მივსულვარ“.

თიკოს მსგავსად ბევრ ქალს უწევს გაუმკლავდეს სტიგმას, საზოგადოებრივ აზრს იმის შესახებ, რომ აბორტი მორალურად არასწორი და/ან მიუღებელია და ამის გამო თავისი მდგომარეობისა და საჭიროების ახლობლებთან გამხელისაც კი ერიდება და ჯანმრთელობისთვის საზიანო გადაწყვეტილებას იღებს. პროცედურის შემდეგ კი თავს გარიყულად გრძნობს.

ამას საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომას“ მიერ 2020 წელს ჩატარებულ კვლევაც ადასტურებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონებში მცხოვრები კვლევის მონაწილეთა უმრავლესობა საუბრობს კლინიკის რეგისტრატურის თანამშრომლების მხრიდან პაციენტის გადაწყვეტილებაში ჩარევის მცდელობაზე.

„იგებენ რა ქალის მიზნის შესახებ, კლინიკის თანამშრომლები ცდილობენ, დაარწმუნონ ქალი, არ შეწყვიტოს ორსულობა. კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ხშირად ეს რჩევები რელიგიურ ხასიათს ატარებს“, - ნათქვამია „თანადგომას“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კვლევის მონაწილე ქალები საუბრობენ აბორტთან დაკავშირებულ ფინანსურ ბარიერებზე:

„აბორტის თანხის არქონის გამო ქალები იძულებულები არიან, მიმართონ თვითმართულ აბორტს, რომლის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში ხშირად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები და/ან იძულებულები არიან, გააჩინონ ბავშვი. თვითმართული აბორტის საშუალებად დაასახელეს: მედიკამენტი (მათ შორის ისეთი მედიკამენტი, რომელიც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტისთვის არ გამოიყენება), ცხელი წყლის აბაზანები, რძეში გახსნილი არაყი, სიმაღლიდან გადმოხტომა, სიმძიმეების აწევა. ჩამოთვლილთაგან ყველაზე გავრცელებულია მედიკამენტების მიღება, რომლის ყიდვაც, როგორც მონაწილეებმააღნიშნეს, ამ ეტაპზე გართულებულია, რადგან ის მხოლოდ რეცეპტით გაიცემა“, - ნათქვამია „თანადგომის“ ანგარიშში.

სტიგმის არსებობა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიების დონეზე იწვევს აბორტის სერვისების სოციალურ, სამედიცინო და სამართლებრივ მარგინალიზაციას, უსაფრთხო და ხარისხიან სამედიცინო პროცედურებზე ნაკლებ წვდომას. საქართველოში არც სახელმწიფოს ჯანდაცვის პროგრამები და არც კერძო დაზღვევა არ ითვალისწინებს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტისთვის საჭირო პროცედურებს, რაც განსაკუთრებით სოციალური პრობლემების მქონე ქალებს უზღუდავს სერვისზე ხელმისაწვდომობას და იძულებულები ხდებიან, „თანადგომას“ კვლევაში აღნიშნულ სახიფათო მეთოდებს მიმართონ.

უკვე 2024 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია SAAF-ის (Safe Abortion Action Fund) მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაშიც იგივე პრობლემები იკვეთება, რაზეც „თანადგომის“ 4 წლის წინანდელ ანგარიშში იყო საუბარი. აბორტის სტიგმა ზრდის გართულებების შემდეგ რისკებს: სერვისის მიმღები პირები ხშირად ირჩევენ ნაკლებად უსაფრთხო მეთოდებს; გართულებების შემთხვევაში ხშირად არ ან დაგვიანებით მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს, ახლობლებთან არ ამჟღავნებენ ორსულობის ფაქტს. სერვისის გამცემები კი ანუ სამედიცინო დაწესებულებები უარს ამბობენ პროცედურის ჩატარებაზე, ამისამართებენ სხვა დაწესებულებაში და არ ცდილობენ ცოდნის განახლებას.

ორგანიზაცია LIFE 2.0-ის კვლევის თანახმად, Ambebi.ge-ის რესპონდენტის, 38 წლის თიკოს მსგავსად საქართველოში ბევრ ქალს უწევს საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ ცხოვრება: „აბორტთან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ ადამიანები სდუმან, ან მხოლოდ ძალიან ახლო წრეში საუბრობენ, რაც უმეტეს შემთხვევებში ოჯახის წევრებს არ გულისხმობს“, - ნათქვამია კვლევაში.

აღნიშნული კვლევის თანაავტორი, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების მკვლევარი მედეა ხმელიძე განმარტავს, რომ სტიგმის გაღრმავებასა და დამკვიდრებას ხელს უწყობს პრობლემის არასწორად დასმა და შემდეგ მის წინააღმდეგ ბრძოლა. მისი თქმით, პრობლემა არასასურველი ორსულობაა, ხოლო აბორტი - მისი გამოსავალი, რომელიც ქალის უფლება უნდა იყოს. მკვლევარი ხაზს უსვამს საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობას არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ხერხების შესახებ და საუბრობს უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე.

აბორტის სტიგმის გაღრმავების მიზეზებსა და მისგან გამოწვეულ პრობლემებს მკვლევარი დეტალურად აღწერს:

· რა უწყობს ხელს აბორტის სტიგმის დამკვიდრებასა და მის კიდევ უფრო გაღრმავებას?

სტიგმისგან გამოწვეული პრობლემები ნაკარნახევია სახელმწიფოს სისტემების მხრიდანაც, მათ შორის კანონმდებლობიდან, რომელიც არეგულირებს აბორტის სერვისის ხელმისაწვდომობას საქართველოში. მაგალითისთვის, ერთი წლის წინ კანონში შესული ცვლილებები, რომელიც თითქოსდა სერვისის ხარისხის დახვეწის მიზნით მომზადდა, რეალურად ქმნის ისეთ ბარიერებს, რომელიც კიდევ უფრო ართულებს აბორტზე ხელმისაწვდომობას. რეგულაციებს შორის არის აბორტის წინა კონსულტაციებში ფსიქოლოგისა და სოცმუშაკის ჩართვა და დამატებითი ექოსკოპია, რომლის რეალური საჭიროებაც არ დგას. ვფიქრობ, რომ ცალსახად აღვივებს სტიგმას სამედიცინო სერვისებზე ფასის ზრდა და პაციენტის ავტონომიის დარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ გინეკოლოგის გარდა შენი გადაწყვეტილება სხვა სპეციალისტებმაც უნდა განიხილონ და შეაფასონ.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალებს უთქვამთ, რომ აბორტის სერვისის მიღების შემდგომ კარგი იქნებოდა ფსიქოლოგთან გასაუბრების საშუალება ჰქონოდათ. მაშინაც კი, როდესაც ამას ვამბობთ, ეს შეიძლება ვიღაცამ თარგმნოს, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდება ამ პროცესში და არა სამედიცინო მანიპულაცია. ფსიქოლოგი ადამიანებს სჭირდებათ იმის გამო, რომ მათთვის მძიმე არის არა პროცედურა, არამედ სტიგმების გამო გადატანილი სირთულეები და სტრესი. სამედიცინო მიმართულებით ბევრი არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული, რაც სტიგმას აღვივებს, მაგალითად ის, რომ თუ პირველ ორსულობაზე აბორტს გაიკეთებ, შვილი ვეღარ გეყოლება და ა.შ. ამ დროს ძალიან უსაფრთხო სერვისია, თუ სწორად იქნება მიწოდებული.

· როგორ შეიცვალა ვითარება გასულ წელს კანონში შესული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ?

ცალსახად გართულდა მიმართვიანობის საკითხი, რადგან პროცესის მართვის თვალსაზრისით სამედიცინო დაწესებულებებსაც შეექმნათ დაბრკოლებები. კლინიკების ნაწილმა საერთოდ უარი თქვა სერვისების გაწევაზე. მაშინ, როდესაც ამ სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა ისედაც შეზღუდული იყო, მათი კიდევ უფრო შემცირება უფრო მეტ პრობლემას ქმნის. ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერების გამო ქალებს უწევთ, სხვა ფორმით მოაგვარონ პრობლემა, რასაც ხშირად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები ახლავს. ამასთან საქართველოში მედიკამენტური აბორტი მაქსიმუმ 7-10 კვირაზე კეთდება, შემდეგ უკვე მისი ლეგალობის საკითხი დგება და იმის გამო, რომ ქალებს ამდენი ბარიერის გადალახვა უწევთ, ვადებში ვერ ეტევიან და ეს დამატებითი პრობლემაა მათთვის.

· საინტერესოა, სტიგმის გამო აწყდებიან თუ არა ქალები ბარიერებს სამედიცინო დაწესებულებებში? უშლის თუ არა ეს ხელს უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობას?

თითქოსდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ნაკლებ პრობლემას უნდა ვაწყდებოდეთ, მაგრამ ისინიც კი შეიძლება იყვნენ სტიგმის გავლენის ქვეშ. მაგალითად, როდესაც კვლევაზე ვმუშაობდით, ვაწყდებოდით, რომ პაციენტი შეიძლება კმაყოფილი ყოფილიყო გინეკოლოგის კონსულტაციით, მაგრამ ექოსკოპისტისგან მოესმინათ მათთვის მიუღებელი განსჯითი შეფასებები. ასევე, ზოგიერთი გინეკოლოგი, იმის გამო, რომ სახელმწიფო სტრუქტურა უბიძგებს, ცდილობს, გადააფიქრებინოს პაციენტს აბორტის გაკეთება. ფიქრობენ, რომ ეს მათი ვალია, თუმცაღა რეალურად მნიშვნელოვანია, პაციენტს ობიექტურად მიეწოდოს ინფორმაცია და ამის მიხედვით მან თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

რაც შეეხება 5-დღიან მოსაცდელ პერიოდს, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, ისიც ამყარებს სტიგმას. ფაქტობრივად, ამ სერვისის მიღების საჭიროების მქონე ადამიანები კანონით მონიშნული გვყავს როგორც ქაოსურ, უპასუხისმგებლო პირებად, რომლებიც მიდიან სერვისის მისაღებად, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ნამდვილად სურთ თუ არა ეს. არადა, სხვა სერვისებზე ხომ არ ვეკითხებით იმავეს? რატომ უნდა ჩავთვალოთ, რომ ადამიანს ნაფიქრი არ აქვს ამ საკითხზე?! თუ ადამიანს სჭირდება დაფიქრება და ამას გინეკოლოგი კონსულტაციისას აღმოაჩენს, გარკვეული ნაბიჯების გადადგმას თავად შესთავაზებს. მოსაცდელი პერიოდი კი ხელოვნურად აფერხებს ადამიანს, მაგალითად, შეიძლება მას სურდეს მედიკამენტური აბორტი, მაგრამ ვეღარ იკეთებს მოსაცდელი ვადის გამო.

· რა უნდა გაკეთდეს როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სტიგმის დასაძლევად?

თავდაპირველად, აბორტთან დაკავშირებული კანონი უნდა გადაიხედოს და სისტემური ბარიერები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი. სახელმწიფოს მხრიდან ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია.

ექიმებს და არასამთავრობო სექტორს კი გვევალება ამ საკითხზე კორექტულად საუბარი, ამასთან პრობლემაზე სწორად ფოკუსირება და ამის მასებამდე მიტანა. უფრო კონკრეტულად კი, პრობლემად უნდა მოინიშნოს არასასურველი ორსულობა და არა აბორტი, პირველ რიგში ეს საკითხი უნდა იყოს კარგად გარკვეული. ექიმებიც და არასამთავრობო სექტორში მომუშავე პირებიც უნდა ვამაღლებდეთ ჩვენი ბენეფიციარების ცნობიერებას იმის შესახებ, თუ რა არის პაციენტის ავტონომია, რა უფლებები აქვთ მათ და რას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა. ადამიანებმა თავის სხეულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ თვითონ, ყოველგვარი დაშვებების გარეშე, როდესაც არ არის გამონაკლისი, როცა ადამიანს ჰყავს ლეგალურად დანიშნული წარმომადგენელი, რომელიც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პროცედურებზე იღებს გადაწყვეტილებებს, ეს კი ძალიან იშვიათად ხდება, და ჩვენი წინასწარი განწყობებით და დაშვებების გამო, ადამიანებს არ უნდა ვართმევდეთ სამედიცინო სერვისის მიღების უფლებას.