თსუ-ს პირველი კორპუსის შესასვლელთან ხმაური იყო. ადგილზე კვლავ არიან სტუდენტები, რომლებსაც სამართალდამცავები შენობაში შესვლის ნებას არ აძლევენ. სტუდენტებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია მას შემდეგ, რაც პოლიციამ თსუ-ს სტუდენტები შენობაში არ შეუშვა.
თსუ-ს სტუდენტების ნაწილმა მანამდე განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია.
როგორც შეკრებილი სტუდენტები აცხადებდნენ, ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ატარებდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოეხატათ ბათუმელი სტუდენტებისთვის სოლიდარობა.
"შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი, ვერ შევუშვებთ ვერავის", - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა თსუ-ს პირველ კორპუსთან განაცხადა.
სერგი ბზიშვილის განცხადებით, სამართალდამცავების მიზანია, რომ შენობაში ვინმე არ შევიდეს და უნივერსიტეტის ინვენტარი არ დაზიანდეს.
"ჩვენი მიზანი რა არის გეტყვით, ვინმე არ შევიდეს შენობაში და არ დააზიანოს ინვენტარი. შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი.
ვერ შევუშვებთ ვერავის, ამ შენობას დაცვა სჭირდება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ ამ შენობას ვიცავთ“, - განაცხადა სერგი ბზიშვილმა.
თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია მას შემდეგ, რაც პოლიციამ თსუ-ს სტუდენტები შენობაში არ შეუშვა.
თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ჯგუფ “დაიტოვეს” წევრები მოვიდნენ. ადგილზე არიან რიგითი მოქალაქეებიც.