"კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე მონიტორს დაამონტაჟებენ, სადაც საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ.
როგორც ვაშაძემ შეკრებილებს განუცხადა, ეროვნულ ნაკრებს ერთად უგულშემატკივრებენ.
2 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, 19 ნოემბრის დილით, სამართალდამცავებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მყოფი მომიტინგეები ტერიტორიიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებს მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირი.
ამასთან, დღის განმავლობაში სამართალდამცველებს დაკავებული ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირის ნაწილი და ამგვარად აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. უკვე საღამოს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ აღნიშნული ტერიტორია დატოვა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ პროტესტის თავდაპირველ ლოკაციაზე - ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.