"მნიშვნელოვანია, რომ ჩემი პირველი კარმენი კარმენის სამშობლოში ვიმღერე. კრიტიკა წერდა, ამ ქართველ გოგოს საიდან აქვს ბოშას ტემპერამენტიო?! შემდეგ იყო პარმის თეატრი, იტალიაში, ვენეციაში პირველი სპექტაკლები, პალერმოში, საფრანგეთში მონპელიეს ფესტივალზე ბევრი მაქვს ნამღერი, ასევე სამხრეთ კორეაში და საერთოდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთ სცენაზე გამოვსულვარ...
თბილისის ოპერის თეატრში კი უკვე 2012 წლიდან ვარ, პაატა ბურჭულაძემ და დათო საყვარელიძემ პატრიარქის დაბადების დღეზე მომიწვიეს, სადაც ვიმღერე და თბილისში დავრჩი. პაატა ბურჭულაძემ ჯერ კიდევ 2001 წელს, „იავნანას“ ფონდის კონცერტზე წარუდგინა აუდიტორიას ჩემი თავი, სადაც ვერდის „რექვიემი“ მაყვალა ქასრაშვილთან ერთად შევასრულე," - გვიყვება თეა დემურიშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, რომელსაც მართლაც საინტერესო შემოქმედებითი გზა აქვს გავლილი. გარდა ამისა, ის პოპულარული მსახიობისა და მომღერლის ანდრია გველესიანის დედაა...
ქალბატონი თეა ჩვენი სტუმარია და AMBEBI.GE-სთან საუბრობს მისი კარიერისა და ოჯახის შესახებ.
- ქალბატონო თეა, როდის და რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ოპერის მომღერალი?
- ჯერ ლაპარაკი არ მქონდა დაწყებული, რომ ვმღეროდი. სახლშიც ყველა მღეროდა, მამა პროფესიონალი მომღერალი არ იყო, მაგრამ, ფანტასტიური ტენორი ჰქონდა. ხალხურ სიმღერებს, სუფრულებს შესანიშნავად ასრულებდა. მღეროდნენ ბებიებიც და ამ ატმოსფეროში ვიზრდებოდი. მიუხედავად ამისა, მე მსახიობობა მინდოდა და პიონერთა სასახლეში ელდინო საღარაძესთან და ნუგზარ ბაგრატიონთან თეატრალურ წრეზე დავდიოდი. იქვე ვაჟთა ანსამბლის წევრი ვიყავი და ერთადერთი სოლისტი გოგო. ჯგუფის ხელმძღვანელი ლეილა ასლანიშვილი გახლდათ. „თეატრალურში“ კი მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მამაჩემის ოცნება იყო, მომღერალი გავმხდარიყავი, - შენ თეთრი კარმენი იქნებიო, - ამბობდა...
16 წლის რომ გავხდი, მამას ძმაკაცებმა, ჯემალ მაჭავარიანმა (გეგა კობახიძის ბიძა) და კარლო ჩუხრუკიძემ (მაშინ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე იყო) დიზი (ოლიმპ) ხელაშვილთან მიმიყვანეს, ვინც შემდეგ ჩემი პედაგოგი გახდა. რომ გამსინჯა, - ამ ბავშვმა სიმღერის გარდა სხვა არაფერი უნდა გაკეთოსო. ასე გადაწყდა ჩემი კონსერვატორიაში ჩაბარების ამბავი. ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშეს ასევე ნოდარ ანდღულაძემ და კონცერტმეისტერმა ლიანა დადვაძემ. ახლა ოპერის თეატრში ჩემს საყვარელ მეგობართან, კონცერტმეისტერ მაია რეხვიაშვილთან ერთად ვმუშაობ.
- კონსერვატორიაში სწავლისას ხომ არ ნანობდით, რომ "თეატრალურში" არ ჩააბარეთ?
- დიზი ხელაშვილი ისეთი პიროვნება იყო, რომ სიმღერა შემაყვარა. ამიტომ არ მინანია, რომ კონსერვატორიაში ვსწავლობდი. შემდგომ საზღვარგარეთ, ყოველ ჯერზე კრიტიკა იმას წერდა, რომ თეა დემურიშვილი გარდა იმისა, რომ კარგი ხმის პატრონია, კარგი მსახიობიაო... სცენაზე თუ არ ითამაშე, როლი ისე როგორ უნდა წარმოადგინო?! მოკლედ, ყველაფერი ასე გადაწყდა და მადლობელი ვარ ღმერთის, ჩემი მშობლების, პედაგოგების, ბიძაჩემის - ჯუმბერ ბერაძის, ჩემი დის, რომელიც ყოველთვის ზურგს მიმაგრებდა და ასევე ჩემი იტალიელი დედობილ-მამობილის, მათგან უდიდესი ხელშეწყობა მქონდა.
მესამე კურსზე ვიყავი, რომ იტალიაში, ოზიმოს აკადემიაში წავედი, სადაც კონკურსში გავიმარჯვე და 2 წელი ამ აკადემიის სტიპენდიატი ვიყავი. შემდეგ „ლა სკალაში“ სტაჟირების ტიპის კურსები იყო და იქ ასევე კონკურსში გავიმარჯვე. 8 ადამი აიყვანეს, მათ შორის, ოპერის სოლისტები. ალფრედო კრაუსი და მაგდა ოლივერო ჩემი პედაგოგები იყვნენ, - მათში ერთადერთი უცხოელი მე ვიყავი (7 იტალიელი და მე - ერთი ქართველი). მერე აგენტიც გამომიჩნდა, მენეჯერი და ბევრი კარგი რამ კარგ ადგილას ვიმღერე...
- როგორ აფასებთ საკუთარ კარიერას - რა მოგიტანათ ამ ყველაფერმა?
- ზუსტად ვიცი, რომ სცენის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ახლა თბილისის ოპერაში "ვერთერი" ვითამაშე და ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა. უდიდესი დაფასება ისაა, რომ აცრემლებული ხალხი სცენაზე ამოდის, გილოცავს, გეუბნება, რომ სიამოვნება მიანიჭე. რა თქმა უნდა, ამით ბედნიერი ვარ. ღმერთი ალბათ ყველას არ აძლევს ამ ნიჭს, მაგრამ ვისაც აძლევს, ის ვალდებულია, ნიჭი განავითაროს... ოპერა ხელოვნების ყველაზე რთული დარგია. როგორც სპორტსმენებს აქვთ საგანგებო რეჟიმი და ასევე ჩვენ, ოღონდ, აქ მხოლოდ რეჟიმზე არ არის საუბარი... პერიოდულად მახსენდება საფრანგეთში, სტადიონზე, 100.000 ადამიანის წინაშე რომ მაქვს ნამღერი... ეს დიდი ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვაა... შეიძლება სცენაზე გასვლამდე ღელვა მქონდეს, მაგრამ იქ რომ გავდივარ, უკვე არაფერი მახსოვს, მიმაჩნია, რომ ყველაზე ბედნიერი მაინც სცენაზე ვარ.
- ფაქტობრივად ოცნება აგიხდათ...
- კი, ამიხდა... შეიძლება, ადამიანებს მეტის გაკეთება შეუძლიათ და უფრო ნალებისაც, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ 2 ანგელოზივით შვილი მყავს და ჩემი კარიერა შედგა, დღემდე სიამოვნებას ვანიჭებ მსმენელს, ეს ჩემთვის და საერთოდ ყველა ხელოვანისთვის უდიდესი სიხარულია... სცენაზე რაც სამღერი იყო, ყველაფერი ნამღერი მაქვს. ერთადერთი, „სამსონი და დალილაა,“ რასაც ვთვლიდი, რომ ჩემი არ იყო, უფრო დაბალი მეცო სოპრანოსია-მეთქი, მაგრამ მომავალში ალბათ ამასაც ვისწავლი და ვიმღერებ.
- ალბათ კარიერის მანძილზე ბევრ საინტერესო დირიჟორთან გიმუშავიათ და არაერთი კარგი სასცენო პარტნიორი გყოლიათ...
- კი, ასეა. სულ საუკეთესო დირიჟორებთან მაქვს ნამუშევარი - ჯანანდრეა ნოზედა, არონოვიჩი, დიმერი, ჟან-კლოდ კასადესუსი, დანიელე კალეგარი, რიკარდო ფრიცა, ჯოვანეტი, ისააკ კარაბჩევსკი, პიტერ შნაიდერი, ლაჰავ შალი და კიდევ ბევრი... ჩემი სასცენო პარტნიორებიდან კი დავასახელებ: მარჩელო ალვარესს, პაატა ბურჭულაძეს, ბადრი მაისურაძეს (დღეს ჩვენი ოპერის დირექტორი), მარია გულეგინს, ევა მარტონის, დენია მაცოლას, ჯუზეპე საბატინის, ალბერტო კუპიდოს, სალვატორე ლისიტრას, რენე პაპეს, ჯორჯინა ლუკაჩის, გეგამ გრიგორიანს და კიდევ არაერთის დასახელება შემიძლია - თითოეულმა ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. რეჟისორების ღვაწლიც დიდია, მათ შორის არიან - ფრანკო ძეფირელი, ბენი მონტრესოლი, ბობ ვილსონი, პიცი, მარკო განდინი...
- ცხოვრებაში რა აღმოჩნდა თქვენთვის მთავარი სირთულე?
- 25 წლის ასაკში დავობლდი. დედა და მამა 10 თვის განმავლობაში გარდამეცვალა. ბუენოს აირესში ვმღეროდი, დედის გარდაცვალების ამბავი რომ შემატყობინეს. იქიდან ჩამოსვლას დრო უნდოდა, ჩამოსვლა რომ მომესწრო, დასაფლავების თარიღი გადაწიეს. ბიძაჩემმა, ჯუმბერ ბერაძემ ჩამომიყვანა... დიდი ტკივილი იყო. ფანტასტიკური მშობლები მყავდა - ასია ბერაძე და ჰამლეტ დემურიშვილი, რომლებიც ჩემზე გადაყოლილები იყვნენ... დედის 40 გასული არ იყო, მადრიდში კარმენს ვმღეროდი. მამაჩემთან კი ასე მოხდა, - მითხრა, დაგელოდებიო, - ჩამოვედი, ჩემი „კარმენი“ ვიდეოკასეტებზე ჩაწერილი ვაჩვენე. თეკლე (სახლში ასე მეძახდნენ, ნათლობის სახელიც ესაა), შვილო, გაგიკეთებია, რაც მინდოდაო და იმ ღამეს სული მე ჩამაბარა... მამის 40 არ იყო გასული, რომ "კარმენს" ირლანდიაში ფესტივალზე ვმღეროდი...
21 ოქტომბერს დედა და 21 აგვისტოს მამა ერთ წელს დავკარგე. საარაკო სიყვარული ჰქონდათ, ზღაპრებში რომაა ისეთი, მამამ უბრალოდ ვერ გაძლო დედის გარეშე... წერილიც დამიტოვა: მაპატიე, თეკლე... ასეთი რთული ამბები გამოვიარე. ყველაზე დიდი სირთულე აგრეთვე ის იყო, როცა ანდრიაზე ფეხმძიმედ ვიყავი და მესამე კურსზე ბელგიაში კონკურსზე უნდა წავსულიყავი. ოპერის სოლისტები მღეროდნენ და მოწვევა მივიღე. ჩემი მაესტრო, დიზი ხელაშვილი და ნოდარ გაბუნია (მაშინ კონსერვატორიის რექტორი იყო), ნახევარი წელი არ მელაპარაკებოდნენ, რადგან იქ ვერ წავედი... საერთოდ უცხოეთში ჩემი იმ გასვლების დროს ბავშვის საშინელი მონატრება მქონდა, მაგრამ უკან დასახევი გზა არ მქონდა, ჩემი არჩევანი ეს იყო.
- შვილი ახსენეთ, ანდრია გველესიანი წარმატებული მსახიობი და მომღერალია... მის გაზრდაში ვინ გეხმარებოდათ?
- კი, ანდრია კარგი ბიჭია და რაც მთავარია, კარგი მეოჯახეა. როცა კი თავისუფალი დრო მქონდა, ყოველთვის ჩამოვდიოდი. ყველაზე დიდი ტკივილი იყო, რომ ბავშვი მენატრებოდა, ცრემლებში გათენებული ღამეების მერე სპექტაკლებს ვმღეროდი. დედისთვის ძნელი იყო, მაგრამ ყველაფერი ასე მოხდა... ჩემი შვილი დღეს უკვე თვითონაც მსახიობია და ახლა მე მენატრება. მისი გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებ მის ხშირად ნახვას.
- მისი პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი როლი თქვენ ითამაშეთ?
- გადამწყვეტი როლი ალბათ ბებიამისმა ითამაშა, ფანტასტიური ქალი იყო დიანა სანიკიძე. პირველი სიმღერა მან ასწავლა. ძირითადად ის ზრდიდა. მადრიდში კი უკვე დიდი იყო, რომ წავიყვანე... ანდრია ხედავდა ჩემი, ასევე მამის წარმატებს და მსახიობობა უნდოდა. მადრიდში ყოფნისას სკოლაში თეატრალური წრე ჰქონდათ. ესპანურად თამაშობდა (ესპანურად სუფთა მადრიდელი ბიჭივით ლაპარაკობს) და მაშინ მივხვდი, რომ მსახიობობა უნდოდა. მანამდე ამბობდა, ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო... ბედნიერი ვარ, რომ აირჩია პროფესია, რომელიც მე მინდოდა...
- ანდრია საკმაოდ კარგი მომღერალიცაა...
- და თავის სიმღერებსაც წერს. კარგი შვილია. სამ თეატრშია, ბენდი ჰყავს, ასევე ტელევიზიები - დატვირთული ცხოვრება აქვს... ჩემს აზრს დიდ ყურადღებას აქცევს და როცა რაღაცას გააკეთებს და ადრეც ასე იყო, უნდოდა, მენახა, ჩემი აზრი გაეგო, შეიძლება შემკამათებოდა, მაგრამ მერე სპექტაკლში ან სცენაზე რომ ვნახულობდი, ან სიმღერის დროს, ვგრძნობდი, გათვალისწინებული ჰქონდა. ცოტა ჯიუტიცაა, ჩემნაირი ხასიათი აქვს… მინდა, სულ ბედნიერი იყოს, ყოველთვის აკეთოს ის, რაც სიამოვნებს და რაც მისია. რაც შეეხება ხელოვნებას, ჩემთვის ხელოვნებაში თავისუფლება ყველაზე მთავარია. ხელოვანი სცენაზე ბოლომდე გახსნილი უნდა იყოს. ყოველთვის ამას ვურჩევ და ვეუბნები. ცხადია, ნიჭიერია, მაგრამ ასევე ძალიან მშრომელია და ამ შრომით ბევრს მიაღწია. გარეგნულად დედიკოს ჰგავს (იღიმის). ერთხელ ასეთი რაღაც დამემართა - მის სპექტაკლზე ვიყავი, სცენიდან რომ გამოიხედა, მეგონა, მე ვიყურებოდი - თვალები, გამოხედვა სულ ჩემი იყო.
- ანასტასიაზე გვესაუბრეთ, თქვენს მეორე შვილზე...
- ანდრია თვლის, რომ მისი გაზრდილია, მადრიდში რომ იყო, სულ მასზე ზრუნავდა, უვლიდა... უკვე დიდი იყო, იპრანჭებოდა, რომ ანასტასია პარკებში გასასეირნებლად გაჰყავდა, რაზეც ამბობდა - გოგოებს ჩემი შვილი ჰგონიათო. ერთმანეთი ძალიან უყვართ. ანასტასია წელს სამხატვრო აკადემიაში 70%-იანი გრანტით მოეწყო, გამიხარდა, რომ შრომა დაგვიფასდა. ჭკვიანი გოგოა, ხატავს და ბევრს კითხულობს, თავის სამყარო აქვს. კარგი ხმა აქვს - სამი ოქტავის დიაპაზონი, მაგრამ სიმღერა არ უნდა... ვცდილობ, შვილებთან მეგობრული ვიყო. თვითონ რაც უნდათ, ის უნდა გააკეთონ. რაიმეს დაძალება ჩემი სტილი არ არის. ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალი უნდა იყოს.
- რა შეცვალა ბებიობამ თქვენს ცხოვრებაში?
- ანდრიას შვილი ფანტასტიკური ბავშვია, მას დედაც მსახიობი ჰყავს... ჩემი შვილები ორივენი ცელქები იყვნენ, მაგრამ შვილიშვილი ცელქობაში ბებიას ჰგავს, ძალიან ცელქია. როცა ზღაპრის წიგნები მიმაქვს, მინდა, რომ წავუკითხო, თვითონ ილუსტრაციებიდან ზღაპრებს იგონებს, მიყვება, გონებამახვილი და ძალიან თბილი ბავშვია. მაიკო და ანდრიაც გადაყოლილი მშობლები არიან და რაც მთავარია, მეგობრობენ შვილთან.
- საოცარ ფორმაში ხართ...
- დიდი მადლობა. ამისთვის ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია - ერთადერთი - სულ ვვარჯიშობ, დანარჩენი ალბათ გენეტიკის ბრალია...