თბილისში, თავისუფლების მოედნიდან ქალთა მარში იმართება. აქციის მონაწილეებმა ლეონიძის ქუჩა გადაკეტეს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება.
მარშის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ჩემოდნები წარწერებით: “ბიძინა წადი! მე ვრჩები!”, “საქართველო, მონატრებული დედის გარეშე”, “არა იძულებით ემიგრაციას”, “ემიგრაცია არჩევანი არ არის”.
“თავისუფლება არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიკრიბებით აქ და რასაც ვერავინ ვერ წაგვართმევს. მარშით მივალთ ოლიგარქთან, რომელიც არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილი დღეს გვეუბნება, რომ, ვისაც არ მოსწონს ავტოკრატიული საქართველო, შეუძლია წავიდეს, მაგრამ ჩვენ ქალები დღეს ჩემოდნებით მივადგებით ბიძინა ივანიშვილს და ვეტყვით, რომ ჩვენ ვრჩებით და მისი წასვლის დროა! ჩვენ გვექნება სიტყვით გამოსვლები. მანქანა დაგვეხმარება იმაში, რომ ეს სიტყვით გამოსვლები მარშის პარალელურად იყოს. უკვე ოლიგარქის სასახლესთან (ვნახოთ, სადამდე მიგვიშვებს პოლიცია) იქნება პერფორმანსი, წავიკითხავთ ჩვენს მანიფესტს და ოლიგარქს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ წავიდეს. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის”, - განაცხადა ბაია პატარაიამ.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ.
“შემოვუერთდი ქალების მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია ქალების ხმა ისმოდეს იმიტომ, რომ საქართველოში ამომრჩეველთა ყველაზე დიდი ჯგუფი არიან სწორედ ქალები. მაშინ, როდესაც არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და ამას საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისმოდეს ქალების ხმა, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდშიც იბრძოდნენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ცდილობდნენ ამომრჩეველთა გააქტიურებას, მათ შორის ქალი ამომრჩევლის. ახლა აპროტესტებენ იმას, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. მე ადამიანი, რომელიც დიდი ხანია ვმუშაობ არჩევნებთან ერთად ქალებს უფლებებზე, ვუერთდები ამ მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის დროს ქალების ხმა ისმოდეს“,- განაცხადა დოლიძემ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „ქალთა მოძრაობა“, „საფარი“, „ქალები საქართველოდან“, "კოალიცია ცვლილებებისთვის", "კოალიცია ძლიერი საქართველო", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“.