თავისუფლების მოედანზე, სადაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, სპეცტექნიკაც გამოჩნდა.
თავის მხრივ, მომიტინგეები, რომლებმაც ღამე პარლამენტთან გაათენეს, ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე რჩებიან. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე გაშლილია კარვები.
როგორც ცნობილია, დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიები ახალარჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
დღეს, 25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.
საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. ასეთია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძე, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 76 დეპუტატი ესწრება.
ფოტოები: ინტერპრესნიუსი